სლავენ ბილიჩი "ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
სლავენ ბილიჩი "ვესტ ჰემ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. "ჩაქუჩებმა" ინგლისის პრემიერლიგის მეორე წრე ჩააგდეს და ამის გამო კლუბის ხელმძღვანელობამ და სემ ალარდაისმა, ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, განშორება გადაწყვიტეს. ხორვატი "დიდი სემის" შეცვლის მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა და მოლოდინი გამართლდა, 46 წლის ბილიჩმა ლონდონურ გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სლავენს "ვესტ ჰემში" ნათამაშები აქვს. მან ამ კლუბის მაისურით 1996/97 წლების სეზონში 54 მატჩი ჩაატარა. აღვნიშნოთ ისიც, რომ იგი 6 წელი წვრთნიდა ხორვატიის ნაკრებს და ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისს ორჯერ მოუგო. ის ასევე მუშაობდა
მოსკოვის "ლოკომოტივსა" და თურქულ "ბეშიქთაშში", საიდანაც მაისში წამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ 2012/13 წლების სეზონში მან "ლოკომოტივი" მე-9 ადგილზე გაიყვანა. მოსკოვური გუნდი საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, რუსეთის ჩემპიონატის ისტორიაში ცხრილში ასე ქვემოთ იქამდე არ გასულა. მოსკოველებმა იგი მოხსნეს. ბილიჩმა ორი წელი გაატარა "ბეშიქთაშში" და გუნდს ჩემპიონობა ვერ მოუტანა, ახლახან დასრულებულ ჩემპიონატში კი სულაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა, ჩამორჩა რა "ფენერბაჰჩესა" და "გალათასარაის". მიუხედავად ამისა, ეს ენერგიული, ექსცენტრიკული და საინტერესო მწვრთნელი პოპულარობით სარგებლობს და "ვესტ ჰემში" მას ენდობიან, მისი ეიმედებათ.

"ეს ბრწყინვალე ადგილია, აქ თამაში და ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში. ჩემთვის დიდი პრივილეგია, პატივი და პასუხისმგებლობაა ამ პოსტზე მუშაობა და იმედი მაქვს, უფროსობის, ფეხბურთელებისა და ფანების მოლოდინს გავამართლებ.

ხელმძღვანელობასთან გასაუბრებამ მიმახვედრა, რომ ახალ ფანტასტიკურ, ოლიმპიურ სტადიონზე უბრალოდ კი არ გადავდივართ, არამედ ყველა მიმართულებით ზრდის სურვილია. გვინდა ეს დიდი გუნდი კიდევ უფრო დიდი გავხადოთ. ვიგრძენი, რომ კლუბს მართლაც ვსურდი და ამან არჩევანი ადვილად მიმაღებინა და გადაწყვეტილება გამიიოლა. ფანებს ვპირდები, რომ ბოლომდე დავიხარჯები და ჩვენ ერთად ბევრ კარგს მივაღწევთ.

"ვესტ ჰემი" დამამახსოვრდა, როგორც განსაკუთრებული გუნდი. არის რაღაც მსგავსება ჩემს ბოლო კლუბთან, "ბეშიქთაშთან". მაინცდამაინც მასშტაბურობაზე არ არის, საკულტო გუნდებზე ვსაუბრობთ" - განაცხადა ბილიჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული