დე ხეა და დანარჩენები - პრემიერლიგის სეზონის შვიდი საუკეთესო მეკარე

AutoSharing Option
ფოტოზე: ლიგის საუკეთესო მეკარეები: ჯო ჰარტი და დავიდ დე ხეა
რაც არსებობს ფეხბურთი, მას შემდეგ გუნდში შეუფასებელია მეკარის როლი. ასე იქნება მანამ, სანამ სპორტის ნომერ პირველი სახეობა მილიონობით გულშემატკივრის ალალ ემოციას გამოიწვევს.

დღევანდელ ჩვენს წერილში პრემიერლიგის დასრულებული სეზონის შვიდ საუკეთესო გოლკიპერზე ვისაუბრებთ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა და დანარჩენები - ამ ნიშნით ჩაიარა ინგლისურმა სეზონმა, თუმცა ამ "დანარჩენებშიც" არიან უმაღლესი კლასისა და სხვადასხვა ეროვნული ნაკრების მეკარეები.

7. ფრეიზერ ფოსტერი (საუთჰემპტონი)
ინგლისელი სეზონის დაწყების წინ 10 მილიონ ფუნტად შეუერთდა "საუთჰემპტონს"
შოტლანდიური "სელტიკიდან".

როგორც "წმინდანების" მიერ განხორციელებული არაერთი ტრანსფერი, ეს გარიგებაც იღბლიანი აღმოჩნდა. გიგანტი მეკარე, ვისი სიმაღლეც 2 მეტრს აღემატება, შესანიშნავია, როგორც კარის ხაზზე, ისე გამოსვლაზე. მას ნებისმიერი ბურთის მოგერიება შეუძლია. უნდა გამოასწოროს სისწრაფე და საჯარიმოს გარეთ თამაში.

სამაგიეროდ, ბადალი ძნელად თუ ჰყავს კარის ხაზზე თამაშსა და გამოსვლებზე. 30 მატჩიდან 13 "მშრალად" ჩაატარა. სეზონის ენდშპილი ტრავმის გამო გაუცდა.

6. ლუკაშ ფაბიანსკი (სუონსი)
2014 წლის ზაფხულში "სუონსიმ" "ტოტენჰემში" გაყიდა ჰოლანდიელი მიშელ ვორმი და მის ნაცვლად პოლონელი მეკარე უფასოდ დაიმატა.

"არსენალის" ყოფილი მეკარის აყვანა ძალიან დიდ რისკს უკავშირდებოდა. მას წლების განმავლობაში არცთუ საიმედო კარის დარაჯის რეპუტაცია ჩამოუყალიბდა. "სუონსიში" პოლონელი ბოლომდე გაიხსნა. პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში მის ანგარიშზე ყველაზე მეტი "სეივია" - 126.

განსაკუთრებით კარგად ჩაატარა ლუკაშმა მატჩი თავის ყოფილ გუნდთან - "სუონსიმ" სეზონის ფინიშზე "ემირეითსზე" 1:0 მოიგო. ამის შემდეგ იყო კოშმარული თამაში "სიტისთან", თუმცა ჩავარდნა ყველა მეკარეს აქვს.

5. რობერტ გრინი (ქპრ)
"ქუინზ პარკმა" დასრულებულ სეზონში 73 ბურთი მიიღო, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია დავწეროთ - რომ არა რობერტ გრინი, ასზე მეტს გაუშვებდა.

ინგლისური ფეხბურთის ვეტერანს მართლაც დიდებული სეზონი ჰქონდა. ხშირად ის ერთი შეხედვით აუღებელ ბურთებს იღებდა. გრინის ანგარიშზე 115 "სეივია". მან მოიგერია სტივენ ჯერარდის პენალტი და დაბრუნდა ინგლისის ნაკრებში.

4. კოსტელ პანტილიმონი (სანდერლენდი)
"სიტიდან" მისული რუმინელი მოთმინებით ელოდა თავის შანსს. ეს შანსი მას მაშინ მიეცა, როცა ვიტო მანონემ "საუთჰემპტონისაგან" ერთბაშად რვა გოლი გაუშვა.

ორმეტრიანმა გიგანტმა "სანდერლენდის" კარის შემტევების გაწამება დაიწყო. მას ერთადერთი ნაკლი აქვს - საჯარიმოს გარეთ თამაში უჭირს. სამაგიეროდ, კოსტელის რეაქცია დიდებულია.

28 მატჩი, 93 "სეივი" - სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. განსაკუთრებით მძლავრად ჩაატარა პანტილომონმა სეზონის ფინიში, როცა "სანდერლენდმა" პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების პრობლემა გადაჭრა. გამორჩეულად კარგი იყო რუმინელი "არსენალთან" საგარეო შეხვედრაში.

3. ადრიანი (ვესტ ჰემი)
"ბეტისის" ყოფილმა მეკარემ ფურორი მოახდინა. მან ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო ფინელი ვეტერანი იუსი იასკელაინენი, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იცავდა "ჩაქუჩების" ღირსებას.

ადრიანის რეაქციაზე ინგლისში უკვე ლეგენდები დადის. საკმარისია აღინიშნოს, რომ დასრულებულ სეზონში მან 5 პენალტიდან 3 მოიგერია.

ერთადერთი, რაც ჯერ მას არ ჰყოფნის, ქარიზმაა, თუმცა ეს დრომ უნდა მოიტანოს.

2. ჯო ჰარტი (სიტი)
დასრულებულმა სეზონმა ნათლად გვიჩვენა, რომ ინგლისის ნაკრების ძირითადი მეკარის პრობლემები წარსულს ჩაბარდა. მთელი სეზონის განმავლობაში, "სიტის" ერთი შეხედვით ძალიან ვარსკვლავური დაცვა ჰარტს მოწყენის საშუალებას არ აძლევდა.

ჯომ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა, "ბარსელონას" წინააღმდეგ, თუმცა პრემიერლიგის მთელ რიგ შეხვედრებშიც შეუდარებელი იყო.

ჯოს დამსახურებაა, ამ ეტაპზე ინგლისის პირველ გუნდში მეკარის პრობლემა საერთოდ რომ არ დგას.

1.დავიდ დე ხეა (მანჩესტერი)
ძალიან არ უნდა გიყვარეს "მანჩესტერ იუნაიტედი", დავიდ დე ხეა პრემიერლიგის საუკეთესო მეკარედ რომ არ დაასახელო. ის კი არა, ახალგაზრდა ესპანელი მთელ პრემიერლიგაში გამორჩეული გახლდათ. თუ არ ჩავთვლით ედენ აზარსა და ჰარი კეინს, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ის მინდვრის მოთამაშეებშიც საუკეთესო გახლდათ.

"მანჩესტერს" დავიდმა პირადად გადაურჩინა არაერთი უმნიშვნელოვანესი ქულა. რომ არა მისი ჩაუქობა, ლუი ვან გაალის არასტაბილური კრებული ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ ვერ გავიდოდა. შემთხვევითი არ არის, რომ "რეალის" ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს უნიჭიერესი ესპანელის ხელში ჩასაგდებად.

დე ხეას მისია რთულია - მან თვით იკერ კასილიასი უნდა შეცვალოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
emre-ს კუურტუას ბავშვურ შეცდომებს თუ შემახსენებთ კარგი იქნება :) სულ 33 გოლი გაუშვა, 4-ეულის გუნდებთან, ანუ სიტი, არსენალი, მანჩესტერთან 6 თამაშში 2 გოლი გაუშვა და 19 სეივი გააკეთა. ქონდა რამდენიმე შეცდომა, მაგრამ როცა ჰარტი 2 ადგილზეა მის შეცდომებს ხო არ ჩამოთვლიდით, ბავშვურს და სულელურს. პ.ს. ჩელსის გულშემატკივარი არ ვარ, არც არასოდეს ვყოფილვარ, პირიქით. :)
თენგო
11:34 12-06-2015
0
ან პირიქით ძალიან უნდა გიყვარდეს ჩელსი კურტუას ბავშვური შეცდომები რომ არ დაგენახა ამ წელს. ყველაზე ცოტა გოლი რო გაუშვა ეგ დაცვის დამსახურებაა და არა კურტუასი
emre
18:44 11-06-2015
0

სიახლეები პოპულარული