"საუთჰემპტონი" - ყველაზე არაჭორიკანა კლუბი პრემიერლიგაში

AutoSharing Option
"საუთჰემპტონის" თავმჯდომარე რალფ კრიუგერი, რომელიც ადრე ჰოკეის მოთამაშე, მწვრთნელი და ფუნქციონერი გახლდათ, ყველას აფრთხილებს, რომ "საუთჰემპტონში" სპეკულაციების ადგილი არ არის.

მას სურს, რომ "წმინდანებმა" სატრანსფერო საქმიანობა მშვიდად და წყნარად აწარმოონ და პრესას მოუწოდებს, ზედმეტი მითქმა-მოთქმისგან თავი შეიკავოს.

კრიუგერის განცხადება მოჰყვა იმ უამრავ ინფორმაციას, რომელიც ჟურნალ-გაზეთებში ვრცელდება. გამოჟონა ცნობამ იმის შესახებაც, რომ "სენტ მერის" ბინადრებმა "ლივერპულს" უარი უთხრეს ნათანიელ კლაინში შეთავაზებულ 10 მილიონ ფუნტზე, რადგან თანხა ეცოტავათ.

არადა, 24 წლის მცველს გუნდთან ერთი წელიღა აკავშირებს და არც ახალი კონტრაქტი ფორმდება, რაც
იმას ნიშნავს, რომ თუ არაფერი შეიცვალა, მომავალ ზაფხულს "საუთჰემპტონი" მას უფასოდ დაკარგავს.

"წმინდანებს" მერსისაიდელებთან კარგი ბიზნეს ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ და თუ კლაინსაც სურს "ენფილდზე" გადაბარგება, მხარეებმა შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, საერთო ენა მაინც გამონახონ.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინათ, "სენტ მერიდან" "ლივერპულში" ადამ ლალანა, რიკი ლამბერტი და დეიან ლოვრენი გადაბარგდნენ.

"ჩვენ არ ვართ გუნდი, რომელსაც ჭორები უყვარს, ამ თამაშებს არ ვთამაშობთ, გვაქვს საკუთარი სტილი და მიდგომა, არ არის საჭირო ყველაფრის გასაჯაროება. მთავარია, საქმე პროფესიონალურად ვაკეთოთ.

თუ კლუბი ან ფეხბურთელი, რომელთანაც მოლაპარაკება იქნება, ამა თუ იმ საკითხზე ჩვენს პრინციპებს არ გაიზიარებს, მასთან არ ვითანამშრომლებთ", - აღნიშნა კრიუგერმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანის გუნდი მე-7 ადგილზე გავიდა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა. ევროტურნირებს "საუთჰემპტონი" 2003 წლის მერე უბრუნდება, როდესაც უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუქარესტის "სტიაუასთან" ორი მატჩის ჯამში 1:2 წააგო.

"ეს ყველა მიმართულებით ზრდაზე მეტყველებს და ძალიან გვახარებს. როგორც თითოეული ფეხბურთელისთვის, ასევე მთლიანად კლუბისთვის ეს დიდი გამოწვევაა და თავისთავად მეტს მოითხოვს.

საერთაშორისო დონეზე თამაში სავსეა სიურპრიზებით, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ამისკენ ვისწრაფვოდით და გვიხარია, რომ ევროსარბიელზე ვითამაშებთ", - განაცხადა კრიუგერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული