როი კინის "ავტობიოგრაფია". IX თავი [გაგრძელება]

AutoSharing Option
სეზონის დასაწყისში მწვრთნელმა ცხადად მიგვანიშნა, რომ უპირველესი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება იქნება. პრემიერლიგის მატჩების დიდ ნაწილში გასეირნება არ იყო იდეალური მზადება ევროპის საუკეთესო გუნდებთან თამაშებისთვის. ჩემთვის ეს სეზონი გაფუჭდა ტრავმებისა და სხვადასხვა დისკვალიფიკაციის გამო. მეორე გაფრთხილების მიზეზით გამაძევეს მოედნიდან "საუთჰემპტონთან" მატჩში, რომელიც 3:6 წავაგეთ.

ამჯერად, არ განმიცდია ბრაზი მეტოქის, საკუთარი თავის ან თანაგუნდელების მიმართ იმის გამო, რომ თავი დავკარგე. "საუთჰემპტონთან" მატჩი კარგი მაგალითი იყო იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ ვიტყუებდით თავს, რომ ვთამაშობდით.

გვეგონა, რომ ჩვენი კლასი საკმარისი იქნებოდა მოსაგებად. ბრძოლისთვის
თავის არიდების ამგვარ მცდელობას წყობიდან გამოვყავდი. ამიტომაც ხისტი მოქმედებებითა და ართმევაზე თამაშით ვცდილობდი მატჩისთვის კონკურენციის და ბრძოლის ელემენტი მიმეცა. შეიძლებოდა შევრიგებოდი მარცხს, მაგრამ არა შეგნებულად წაგებას. თუ ჩვენ წავაგებთ "საუთჰემპტონთან", მაშინ რა შანსი გვექნება "იუვენტუსთან", რომელიც ჩვენი პირველი მეტოქე იყო ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე.

იმის შეგრძნება, რომ არ შეგიძლია მართო საკუთარი ფიზიკური მდგომარეობა, იმედგაცრუებამდე მივყავდი ისეთი თამაშების დროს, როგორიც "დელზე" იმართებოდა. შედეგად, მინდვრიდან მაძევებდნენ ან თანაგუნდელებს ვეჩხუბებოდი.

ნებისმიერ მაღალი დონის ფეხბურთელს შეუძლია განეწყოს "ენფილდზე" ან "ჰაიბერიზე" მატჩისთვის. მაგრამ პრემიერლიგაში "საუთჰემპტონის" მსგავს გუნდებთან მატჩებში სრულ მზადყოფნაში ყოფნა სრულიად სხვა საქმე იყო. გონებაში შენ გუნდს წინასწარ ანიჭებ სამ ქულას და ათვალიერებ მატჩების განრიგს. "ენფილდი": იქ რთული იქნება. "ჰაიბერი": კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი. "ქოვენთრი": იქ ყველაფერი წესრიგში იქნება. "საუთჰემპტონი": არ არის პრობლემა. "ვესტ ჰემი": ყველაფერი უნდა გამოვიდეს. "სანდერლენდი": იოლი გასეირნება.

"იუვენტუსი"!
"იუვესთან" პირველმა მატჩმა თვალნათლივ გვიჩვენა, საიდან მოდიოდა საფრთხე. შაბათს, ევროთასის მატჩის წინ, "ლიდსი" 4:0 გავანადგურეთ "ელან როუდზე". მომდევნო შაბათს საკუთარ მოედანზე მოვუგეთ "ნოტინგემ ფორესტს" - 4:1. ტურინში კი პრემიერლიგის რიგით თამაშებს შორის 0:1 წავაგეთ საინტერესო მატჩში.

ტრავმის გამო გამოვტოვე ეს თამაში. მაგრამ ცოდნა გროვდებოდა იმ დროსაც, როცა მატჩებს გვერდიდან ვუყურებდი.

სიმართლე ითქვას, ერიკ კანტონას არ შეეძლო ევროპული გუნდების წინააღმდეგ მაღალ დონეზე თამაში. თუმცა ეს ეხებოდა ყველა ჩვენთაგანს. როგორც უკვე ვაღიარე, ფრანგი ბრწყინვალე იყო შიდა არენაზე და იდეალურად ერგებოდა ინგლისურ ფეხბურთს, სადაც მისი თავდაჭერილობა და ტექნიკური ოსტატობა ფორას აძლევდა გარშემო არსებულ ქაოსში.

სწრაფი და ხისტი თამაშის ფონზე, ერიკის ცივი გონება ფასდაუდებელი თვისება იყო. თან იმის გამო, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავდა, მას შეეძლო დაზღვევის გამო არ ენერვიულა - ხანდახან თავს უფლებას აძლევდა ბრძოლისთვის თავი აერიდებინა და ჩვენთვის გადმოელოცა შავი სამუშაო. ხანდახან გავიფიქრები: "ერიკ, ზარმაცო ნაძირალა!" და ზუსტად წამში, სანამ ეს სიტყვები ჩემი ბაგეებიდან ამოვიდოდა, ის თითქოს ჯადოსნურ ჯოხს აიქნევდა და გოლს გაიტანდა ან საგოლე გადაცემას შეასრულებდა.

ასეთი მდგომარეობა გვაწყობდა ჩემპიონატში და ინგლისის თასზე. ევროპაში სხვანაირი ფეხბურთი იყო - უფრო მომთხოვნი. ევროპული საზომით ყველაზე მოკრძალებული გუნდებიც კი ჩვენს წინააღმდეგ თავს სიტუაციის ბატონ-პატრონად გრძნობდნენ. და ეს იყო მთავარი.

ისინი მიეჩვივნენ გამარჯვებებს და საჭირო შედეგის მიღებას მეტოქის მოედანზე. ვენის "რაპიდისა" და "ბრონდბიუს" ტიპის გუნდებთან შეგვეძლო წარმატების მიღწევა კანტონას დახმარებით. მაგრამ ასე არ იყო "იუვენტუსთან", "ბაიერნთან" ან ისეთ ორდინარულ, მაგრამ მაღალკვალიფიციურ კლუბებთან, როგორც იყო "გიოტებორგი", რომელმაც ორი სეზონის წინ 3:1 მოგვიგო და ტურნირიდან გამოგვაგდო.

ინგლისის ჩემპიონატისა და თასის მატჩებში ყოველთვის სასარგებლო ერიკი ვერ ბრწყინავდა ევროპაში. ვერ ვიხსენებ ვერც ერთ მატჩს ევროთასებიდან, რომელშიც მან შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა. ევროპაში უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

იქ ყურადღებას იპყრობენ არა მხოლოდ ზიდანის ან დელ პიეროს ტიპის მაღალი დონის შემტევი მოთამაშეები, არამედ ფიზიკურად ძლიერი და გონიერი მცველები, რომლებზეც ბევრი არაფერი გსმენიათ, მაგრამ მათ შეუძლიათ საკუთარი კარისკენ მისასვლელი ყველა გზის გადაკეტვა, გადაწყვეტილების დროულად მიღება, იდეალური სიზუსტით ართმევაზე თამაში, საჭირო პოზიციის ინსტინქტურად შერჩევა, აგრეთვე თამაშის ბრწყინვალე კითხვა. ერიკმა ასეთ მოთამაშეებს ვერაფერი მოუხერხა. არადა, ევროპაში წარმატება ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი ამოცანა იყო.

* * *
ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იყვნენ ვენის "რაპიდი", "ფენერბაჰჩე" და "იუვენტუსი". და შემდეგ ეტაპზე გასვლა საკმაოდ გაგვიჭირდა. ტურინში წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე "რაპიდს" და სტუმრად "ფენერბაჰჩეს" მოვუგეთ. შემდეგ თურქეთის ჩემპიონი "ოლდ ტრაფორდზე" გვესტუმრა და მოგვიგო. ეს იყო "იუნაიტედის" პირველი მარცხი შინ ევროთასებზე გამოსვლის 40-წლიან ისტორიაში.

მოგება პრაქტიკულად გვინაღდებდა ადგილს პლეი ოფში, მაგრამ "ფენერბაჰჩემ" ერთი შანსიც არ დაგვიტოვა. ეს გუნდი კარგი მაგალითი იყო ე. წ. საშუალო დონის ევროპული გუნდებისთვის, რომლებზეც ადრე ვამბობდი - სერიოზულად განწყობილი პროფესიონალები ხმაურიანი სახელების გარეშე, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში სრული ძალით თამაშობენ, განსაკუთრებით დაცვაში. ჩვენ უკვე აღარ შეგვეძლო ისე იოლად მეტოქის კართან შანსების შექმნა, როგორც ეს პრემიერლიგაში იყო. "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელებს შეეძლოთ ბურთის კონტროლი და გვაძულებდნენ ბევრი გვერბინა.

არადა, ისინი მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის ჩემპიონები იყვნენ! მიუხედავად ამისა, უარს ამბობდნენ დანებებაზე, როგორც იქცეოდა ევროპული კლუბების უმრავლესობა, როცა "ოლდ ტრაფორდს" სტუმრობდა. რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, მოგებას ვლამობდით, ბევრს დავრბოდით, მაგრამ დარტყმა მივიღეთ თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე. ბურთი დევიდ მეის მოხვდა და რიკოშეტით შევარდა შმეიხელის კარში. 0:1. მორჩა. ახლა უნდა ვითამაშოთ "იუვენტუსთან" და "რაპიდთან" და ვიბრძოლოთ საჭირო შედეგისთვის.

ბევრი აქნევდა თავს გასახდელში: "როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო?" ფეხბურთელები მხოლოდ ბოლო რიგში ფიქრობენ საკუთარ თამაშზე. და ყოველთვის პასუხი სწორედ აქ არის დამალული. თუ საკმარისად კარგად თამაშობ და ყველა საჭირო თვისება გაგაჩნია, ეს კი ნამდვილად გვქონდა, მაშინ წაგება ჩვეულებრივ აიხსნება მხოლოდ საკუთარი შეცდომებით.

და არა მსაჯით, იღბალით, რიკოშეტით - რამდენადაც არ უნდა გვამშვიდებდეს წარუმატებლობის ამგვარი ახსნა. სწორედ ასეთ სიტუაციებში ბრაიან რობსონის, სტივ ბრიუსის ან დენის ირვინის მსგავსი პროფესიონალების თვისებები ხდება მნიშვნელოვანი შენი გუნდისთვის. მათ იციან, სად იპოვნონ პასუხი. მწვრთნელაც იცის ეს. ამიტომაც აქვს მას ის ყველაფერი, რაც დაიმსახურა და გამოიმუშავა.

"ფენერბაჰჩესთან" მატჩის შემდეგ ფერგიუსონი ჩვენს მხარეს დადგა პრესასთან ურთიერთობისას: არ გაგვიმართლა, ჩვენ კიდევ დავბრუნდებით, სერია ოდესღაც უნდა შეწყვეტილიყო და მსგავსი ფრაზები. შესაძლოა, უკვე გავუშვით ხელიდან მეოთხედფინალში გასვლის შანსი - ოთხი დღის წინ. "საუთჰემპტონთან" მატჩში.

3:6. მანამდე 0:5 "ნიუკასლისგან". როგორ მოხდა, რომ თავი დავკარგე "დელში" და წითელი ბარათი მივიღე? იმიტომ, რომ ვიცოდი: ამას ვერ გაექცევი. გულში ვფიქრობდი, რომ არ შეიძლება ასე მოდუნება "საუთჰემპტონთან", ოთხი დღის შემდეგ კი ყველა რეზერვის მობილიზება ნამდვილ გუნდთან მატჩში. ეს არ გამოვა. ხანდახან შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" "ხანდახან" არ არსებობს. ჩვენ ვთამაშობდით ან უნდა გვეთამაშა ასე: გააკეთე შენი სამუშაო ბოლომდე.

ამას მივხვდი, როცა ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ვუყურებდი - "იუნაიტედის" ფანებს. 3:6 "საუთჰემპტონთან"! ისინი ცხვირს ვერ ჰყოფდნენ სახლიდან. ხალხი მათ სამუშაოზე დასცინოდა. ბავშვები, რომლებიც ჩვენ გვგულშემატკივრობდნენ, სკოლებში და ქუჩებში დაცინვის ობიექტები გახდნენ.

ძალიან ბევრ მოთამაშეს დაავიწყდა ის, თუ რას ნიშნავს წაგება იმ ადამიანებისთვის, რომელთა ფულზეც ვთამაშობთ ჩვენ. გვიხდიან იმისთვის, რომ ვითამაშოთ. ნამდვილი გულშემატკივრები უკანასკნელ თანხებს იხდიან ჩვენთვის მხარის დასაჭერად. ჩვენ კი ფეხიც არ გაგვინძრევია მეტ ლე ტისიეს წინააღმდეგ!

ტურინში 0:1 წაგება ნიშნავდა იმას, რომ ვენაში უნდა დაგვემარცხებინა "რაპიდი" და იმის იმის იმედად ვყოფილიყავით, რომ "იუვენტუსი" შინ არ წააგებდა "ფენერბაჰჩესთან". ამჯერად, აღარ გავიმეორეთ "გმირობა" "საუთჰემპტონთან" - შაბათს, "რაპიდთან" მატჩის წინ 3:1 მოვუგეთ "ლესტერს". ავსტრიელებთან მატჩში კარგი გუნდი ვიყავით.

მწვრთნელმა დავალება მომცა - თვალი არ მომეშორებინა მეტოქის ყველაზე სახიფათო მოთამაშისთვის - კუბაუერისთვის. 2:0-თვის ამოცანა შესრულებული იყო. გოლები გაიტანეს გიგზმა და კანტონამ, მაგრამ იგრძნობოდა მოახლოებული საფრთხე. მათ კინაღამ გაგვიტანეს, როცა კუბაუერი გაიჭრა ჩვენი კარისკენ. დავეწიე მას და ბრძოლაში ჩავები. წარმატებით. მისმა ქაცვებმა ფეხი გამიჭრეს.

მუხლის ქვემოთ 19 ნაკერი დამადეს. კიდევ ერთი თვე თამაშგარეთ. "იუვემ" თავისი საქმე გააკეთა. გავედით შემდეგ ეტაპზე. მეოთხედფინალში "პორტუს" უნდა შევხვედროდით.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეჩვენება, თუ გამოტოვებულია ხოლმე რაღაცეები? აკი ლივერპულთან ფინალი გველოდებაო?
გიორგი
23:09 17-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული