სოლ კემპბელი - ლონდონის ახალი მერი?

AutoSharing Option
ორიათასიანების პირველ ნახევარში სოლ კემპბელი ლონდონის "არსენალისა" და ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი ვარსკვლავი იყო.

2003-04 წლებში ლონდონურმა კლუბმა დაუმარცხებელი სეზონი ჩაატარა და ამ მიღწევაში უდიდესი იყო ცენტრალური მცველის წვლილი.

კემპბელი გახდა პირველი ფეხბურთელი ინგლისურ პრემიერლიგაში, ვისაც კვირაში 100 ათას გირვანქას უხდიდნენ. ახლა კი მან განაცხადა, რომ ლონდონის მერობა სურს, თუმცა ჯერ არ აქვს შედგენილი საარჩევნო პროგრამა.

სოლი ფეხბურთიდან 2012 წელს წავიდა და უკვე ორი წლის შემდეგ, მას BBC-ზე მიჰყავდა გადაცემა, რომელიც უმუშევარი შავკანიანი ინგლისელების პრობლემებს ეძღვნებოდა.

"რა თქმა
უნდა, ბევრი მათგანი თვითონაა დანმაშავე იმაში, რაც ხდება, მაგრამ ბევრ მათგანს აქვს იმის გაქანება, რომ წარმატებული იყოს, თუმცა მათ წინაშე ბარიერებია აღმართული", - ასეთია კემპბელის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

ადრე სოლმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის 10 წლის განმავლობაში იქნებოდა ინგლისის ნაკრების კაპიტანი, თეთრკანიანი რომ ყოფილიყო.

დიდი ხმაური გამოიწვია კემპბელის განცხადებამ ევრო 2012-ის დაწყების წინ. მან თქვა, რომ შავკანიან ქომაგებს არ ურჩევს ევროფორუმზე წასვლას, რადგან ბევრი მათგანი შინ შეიძლება კუბოში მწოლიარე დაბრუნდეს.

გასული წლის შემოდგომაზე კემპბელმა განაცხადა, რომ მას სურს, შეუერთდეს კონსერვატიულ პარტიას. ამით ის დაუპირისპირდა ლეიბორისტი ედი მილიბენდის ინიციატივას საგადასახადო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. მაშინ კემპბელს შეახსენეს, რომ მისი ერთი სახლის ღირებულება 25 მილიონი ევრო იყო და გადასახადების უმნიშვნელოდ გაზრდა მას ბევრს ვერაფერს დააკლებდა.

"მე 20 ან 30 ათასი უნდა გადავიხადო. არადა, ახლა აღარ ვიღებ იმდენს, რამდენსაც ადრე. მე ყველა გადასახადს ვიხდიდი და ვიხდი პატიოსნად. ახლა კი უნდა დავისაჯო იმისათვის, რომ ვიღაცას ხორცის ახალი ნაჭერი მოუნდა", - აღნიშნა კემპბელმა.

"მე ვიცი, რასაც ვაკეთებ. მშრომელთა ოჯახიდან ვარ. არ იყო იოლი, მაგრამ ბევრი შრომით რაღაცას მივაღწიე. ახლა მე მინდა, დავეხმარო ლონდონს", - მსჯელობს სოლი.

მას შემდეგ თხუთმეტი წელი გავიდა, თუმცა "ტოტენჰემიდან" "არსენალში" ფეხბურთელის ტრანსფერი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურად მსოფლიო ფეხბურთში. კემპბელი "ტოტენჰემის" ქომაგებს დღემდე სძულთ. არჩევნებში შესაძლოა, სოლი ამან დააზარალოს.

"თუ მხოლოდ ფეხბურთზე ჩავიციკლებით, არაფერი გამოვა. უბრალო ხალხის ცხოვრება უნდა შეცვალოთ და ეს არის მთავარი. ლონდონი უნდა შეიცვალოს", - ამბობს ჩვენი წერილის გმირი.

აპრილის ბოლოს "გარდიანის" მიმომხილველი, საიმონ ჰატენსტოუნი ეწვია კემპბელს და მის შესახებ დიდი მასალა მოამზადა. ტექსტი მკითხელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გაკეთდა ათასზე მეტი კომენტარი. მათი დიდი უმრავლესობა კი უარყოფითი იყო.

ის შეუერთდა კონსერვატორებს, რათა შეინარჩუნოს დიდი სიმდიდრე - ასეთია კომენტარების უმრავლესობის დედააზრი.

"კონსერვატიული პარტია მას იყენებს. მისთვის უმჯობესი იქნება, საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან", - წააწყდებით ასეთ კომენტარებსაც.

ჰატენსტოუნი მიიჩნევს, რომ კემპბელი ბოლომდე ვერ გრძნობს არსებულ სიტუაციას. ის ხშირად საკუთარ განცხადებებში ეწინააღმდეგება მისგანვე ადრე საზოგადოებისათვის გაგზავნილ მესიჯებს. ჟურნალისტმა დაწერა, რომ როცა სოლი ფეხბურთს თამაშობდა, მას სისტემატურად შეურაცხყოფდნენ რასისტები და ჰომოფობები. მას ტაბლოიდები ხშირად უწოდებდნენ ჰომოსექსუალს.

ჰატენსტოუნის თქმით, მან ყოფილ ფეხბურთელში დატანჯული ადამიანი დაინახა.

"კემპბელს ადრე მოუკვდა დედა. მას ხშირად შეურაცხყოფდნენ. სოლს თითქმის არ ჰყავს მეგობრები. არც ერთ ინგლისელ სპორტსმენს არ გაუვლია კრიტიკის იმხელა ქარცეცხლი, რამხელაც სოლს და ამან მის ფსიქოლოგიას კვალი დაამჩნია", - ასეთია ჟურნალისტის აზრი კემბბელზე.

"კემპბელთან ინტერვიუს გაკეთება ძალიან რთულია. მომეჩვენა, რომ მხიარულებისა და ხუმრობების მიღმა იმალება სულიერი ტრავმები და საკუთარი ძალების ნაკლები რწმენა", - განაცხადა ჰატენსტოუნმა.

საინტერესოა, ვიმ არიან კემპბელის კონკურენტები. ალბათ, უპრიანი იქნება, ორიოდე სიტყვა მათზეც დავწეროთ.

ივან მასოუ - მილიონერი მოღვაწე. ლონდონის ხელოვნებათა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი. ბავშვობისას მასზე სოციალური სამსახურები ზრუნავდნენ, მაგრამ მაინც მიაღწია წარმატებას და ყველასათვის სამაგალითო გახდა.

სტივენ გრინჰალი - ლონდონის მერის მოადგილე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში.

ენდრიუ ბოფი - ლონდონის საქალაქო პარლამენტის დეპუტატი. ღიად განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია.

ზაკ გოლდსმიტი - კონსერვატორების ყველაზე პოპულარული კანდიდატი.

ლონდონის ამჟამინდელი მერი, ბორის ჯონსონი არჩევნებში არ მონაწილეობს.

ლონდონი რჩეულს 2016 წლის მაისში დაასახელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული