სეზონის დასრულებიდან მოყოლებული, ლონდონურ კლუბებს მოლაპარაკება ჰქონდათ გამართული ამ ტრანსფერზე და საბოლოოდ, ისინი 11 მილიონ ფუნტ სტერლინგზე შეთანხმდნენ. ასე და ამგვარად, "არსენალმა" ზაფხულის სატრანსფერო სეზონში პირველ შეთანხმებას მიაღწია.
ჟოზე მოურინიოს არაფრის დიდებით არ სურდა ჩეხის პირდაპირი კონკურენტის რიგებში
ჩეხის შეძენა "პარი სენ-ჟერმენსაც" სურდა, მაგრამ ჩეხი ოჯახთან ერთად დიდი ხანია, ლონდონში დაფუძნდა და იქიდან წასვლა არსად სურდა. ჩეხს არაფრით აწყობდა მეორე მეკარის როლი გუნდში, ამიტომაც გუნდის მეპატრონე რომან აბრამოვიჩმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა - ტრანსფერზე დააყენა.
ჩეხის "მეთოფეთა" რიგებში მისვლა ავტომატურად ნიშნავს ან ვოიცეხ შჩესნის, ან დავიდ ოსპინას "არსენალიდან" წასვლას. ამ უკანასკნელს, სხვათა შორის, "ფენერბაჰჩე" ეპატიჟება. მართალია, ოსპინამ იმარჯვა პირველი მეკარისთვის კონკურენციაში, მაგრამ სწორედ კოლუმბიელია ნომერ პირველი კანდიდატი ლონდონური კლუბიდან აბარგებაში.
პეტრ ჩეხს კონტრაქტით კიდევ ერთი სეზონი უნდა ეთამაშა "ჩელსიში". სხვათა შორის, ჩეხს მიჰყვება "არსენალში" გოლკიპერთა მწვრთნელი კრისტოფ ლოლიშონი. მოურინიო კი ჩეხის შემცვლელად ასმირ ბეგოვიჩს (სტოკი) მიიჩნევს.
"თუკი "არსენალი" ხელში ჩაიგდებს ჩეხს, ჩათვალეთ, რომ კონკურენტი გაგვიძლიერებია - ისინი მომდევნო სეზონში, მხოლოდ ჩეხის ფაქტორით, 12-15 ქულას მოიპოვებენ", - ეს სინანულის სიტყვები 34 წლის ჯონ ტერის ეკუთვნის.
პეტრ ჩეხი "რენიდან" გადაბარგდა "ჩელსიში", ეს 2004 წელს მოხდა. მას მერე ჩეხმა "ჩელსის" კარი 333 შეხვედრაში დაიცვა. "ჩელსისთან" ერთად, ის ოთხჯერ გახდა ჩემპიონი, ოთხჯერ თასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა. "არსენალში" ჩეხი კვირაში 100 ათას ფუნტს მიიღებს.
სხვათა შორის, "სანდი ფიფლის" ცნობით, რომან აბრამოვიჩი ჩეხს "მადლიერების ნიშნად" 4 მილიონ ფუნტს გადაუხდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"