ბირმინგემის "ასტონ ვილა" ფეხბურთელებისგან იცლება

AutoSharing Option
ბირმინგემის "ასტონ ვილა" ფეხბურთელებისგან იცლება: დარენ ბენტი რომ გუნდს აღარ სჭირდებოდა, ეს დიდი ხანია, შესამჩნევი გახლდათ და იგი "დერბი ქაუნთის" სრულფასოვანი წევრი გახდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

"ცხვრებს" სურთ, რაც აქამდე არ გამოუვიდათ, ის გააკეთონ და, ბოლოს და ბოლოს, პრემიერლიგაში დაბრუნდნენ. ამიტომაც მათ "ვილადან" 23 წლის ავსტრიელი შემტევი ანდრეას ვაიმანიც წაიყვანეს. თუ რა დაჯდა ეს სიამოვნება, არ გახმაურებულა. ვაიმანმა ახალ გუნდთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ახლა კი ბირმინგემული გუნდი დატოვა იაკუბა სილამაც. მალელი კლუბმა 2013 წლის იანვარში 2 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ
"კლერმონიდან" მიიყვანა, მაგრამ მან ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 12 შეხვედრა ჩაატარა. 24 წლის ნახევარმცველი საფრანგეთს უბრუნდება, იგი "რენში" გადავიდა.

წავიდა მეტიუ ლოუტონიც, რაც ცოტა მოულოდნელი იყო. იგი "ბარნლიში" გადაბარგდა და ტრანსფერის ფინანსური დეტალები არც ამ შემთხვევაში საჯაროვდება. 26 წლის მცველი "ტარფ მურზე" "ტოტენჰემში" წასულ კირან ტრიპიერს შეცვლის. მან ახალ გუნდთან სამწლიანი შეთანხმება გააფორმა და შონ დაიჩის თქმით, პრემიერლიგაში დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა.

"ბარნლის" გეგმები იქით იყოს და, "ვილა პარკის" ბინადართა ქომაგები ყოველ სეზონში არადამაჯერებელი თამაშით დაიღალნენ, მიუხედავად კარგი შემადგენლობისა და სტატუსისა. ამიტომაც ახლა ისინი ორმაგად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ გუნდი ფეხბურთელებს უშვებს, მაგრამ ახალწვეულები არ ჩანან.

თუმცა ხელმძღვანელობას ეს საქმე, ალბათ, მომავლისთვის აქვს გადადებული. მეორე მხრივ, მსურველები ბუზებივით ესევიან ფაბიან დელფსა და კრისტიან ბენტეკეს... მათი შენარჩუნება კი "ასტონ ვილასთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული