რა ღირს სერხიო რამოსი

AutoSharing Option
"მანჩესტერ უნაიტედისა" და სერხიო რამოსის გარშემო მითქმა-მოთქმა გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, "წითელმა ეშმაკებმა" მადრიდის "რეალს" 28,6 მილიონი გირვანქა შესთავაზეს ესპანელის სანაცვლოდ.

ჭორები 50-60 მილიონზე, ცხადია, არარეალური გამოდგა, რადგან ფეხბურთელში, რომელიც ერთ წელიწადში თავისუფალი აგენტი ხდება, თუნდაც ის რამოსი იყოს, ამდენს არავინ გადაიხდის. "სამეფო გუნდისთვის", წესით, ეს თანხაც მიმზიდველი უნდა გახლდეთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრები სერხიოს სულაც უფასოდ დაკარგვის საფრთხის წინაშე დარჩებიან.

რამოსი "რეალში" 2005 წელს "სევილიიდან" გადაბარგდა და გუნდს უდიდესი სარგებელი მოუტანა. ესპანეთის ნაკრების უკანახაზელის მიღწევები ცალ-ცალკე რომ არ
ვითვალოთ, მარტო იმ გოლის გახსენებაც კმარა, რომელიც მან 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბოლო წამებზე "ატლეტიკოს" გაუტანა და "რეალი" მარცხისგან იხსნა. მან ნახევარფინალშიც გაიბრწყინა.

მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ლა დესიმა" გუნდს რამოსმა მოაგებინა. თუმცა მერე კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა აერია, მხარეები რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ. ფაქტია, რამოსს წასვლა უნდა. მას "რეალის" მაისურით 445 მატჩი აქვს ჩატარებული (128 შეხვედრა ესპანეთის ნაკრებში).

ლუი ვან გაალი კი შემადგენლობის გაძლიერებას ლამობს, მათ შორის, დაცვის ხაზის და რამოსი ერთ-ერთი იდეალური კანდიდატია. ჰოლანდიელი მზად არის, 29 წლის მცველში, რომლის ხელში ჩაგდებაც ერთი წლის მერე უფასოდ იქნება შესაძლებელი, 30 მილიონამდე გაისროლოს.

კარგად იცით, რომ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს სხვა მოთამაშეებსაც უკავშირებენ და თითქოს, მორგან შნედერლენის "საუთჰემპტონიდან" "წითელ ეშმაკებში" გადასვლა გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ პრესამ მოვლენებს გაასწრო. "წმინდანების" ჰოლანდიელი თავკაცი რონალდ კუმანი არ უარყოფს იმას, რომ ფრანგი საყრდენის წასვლის ალბათობა დიდია, მაგრამ "მანჩესტერისგან" სერიოზული წინადადება ჯერ არ მიგვიღიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული