როი კინის "ავტობიოგრაფია". X თავი [გაგრძელება]

AutoSharing Option
კვირა, 16 მაისი, 1999 წელი
ჩვენ სამი მატჩი გვაშორებდა ისტორიულ ჰეთ-თრიკამდე. ყველაფერი მარტივი იყო: დღეს უნდა მოგვეგო "ტოტენჰემისთვის", დაგვემარცხებინა "ნიუკასლი" "უემბლიზე" მომდევნო შაბათს და შემდეგ, ოთხშაბათს ბარსელონაში გვჭირდებოდა "ბაიერნის" ძლევა.

და ჩვენ მივაღწევდით იმას, რაც თანამედროვე ფეხბურთში არც ერთ გუნდს არ გაუკეთებია. მაგრამ არსებობდა მოვლენათა განვითარების სხვანაირი სცენარი, რომელმაც შეიძლება ასეთი სათაურები გააჩინოს: "იუნაიტედმა" ჰეთ-თრიკი დაკარგა!" ან "ფერგის ბიჭებმა ისევ ვერ გაიარეს ევროპული ტესტი!"

აქამდე ამ სეზონში ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. ერთი წლით ადრე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ისევ შევძლებდი
თამაშს. ალფი ჰოლანდის წინააღმდეგ ერთი სულელური ილეთის გამო შეიძლებოდა ყველაფერი დამეკარგა და უკვე 27 წლის ასაკში ჩემზე მხოლოდ წარსულ დროში ელაპარაკათ.

შეცდომა დავუშვი და ეს გაკვეთილი იყო ჩემთვის, რომელიც ბოლომდე ვერ გავითავისე. როცა ბიჭები "ნოუ კამპზე" გავლენ "ბაიერნის" წინააღმდეგ სათამაშოდ, მე ტრიბუნაზე ვიჯდები. რატომ? კიდევ ერთი სულელური ილეთი ზიდანის წინააღმდეგ "იუვენტუსთან" მატჩში და სრულიად არააუცილებელი გაფრთხილება არბიტრთან კამათისთვის, როცა "ინტერთან" ვთამაშობდით!

დღეს "ტოტენჰემი" უნდა დავამარცხოთ. ჯორჯ გრემის ხელმძღვანელობით, ისინი შეეცდებიან, თავს მოგვახვიონ ხისტი ფეხბურთი. მაგრამ თუ საკუთარ თამაშს შევთავაზებთ, დავძლევთ მათ წინააღმდეგობას.

ვიცით, რომ არც ერთ გუნდთან არ წავაგებთ იმაში, რასაც მონდომება ჰქვია, შემდეგ კი კლასიც იქონიებს გავლენას, რადგან ჩვენ გვყავს დევიდ ბექჰემი, რაიან გიგზი, დუაიტ იორკი, ენდი კოული, პოლ სქოულზი, ტედი შერინგემი. ჩვენ გამარჯვებისკენ უფრო ძლიერი სწრაფვა გვაქვს და ეს საკმარისი უნდა აღმოჩნდეს.

გვესმის სტადიონის კედლების მიღმა გულშემატკივართა ხმაური. ისინი ზეიმისთვის ემზადებიან, გრძნობენ კიდევ ერთ დიად მოვლენას "ოლდ ტრაფორდზე", კიდევ ერთ ტიტულს.

ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ. ფეხბურთის ის დონე, რომელზეც "მანჩესტერ იუნაიტედი" იმყოფება, მკაცრი და სასტიკი ბიზნესია. და ჯილდოც მაღალია. შეგიძლია აქ დიდი ფული გამოიმუშაო და გახდე გმირი.

მაგრამ შეიძლება უიღბლოთა რიგებში ჩაეწერო, რომლებსაც ყველგან ამცირებენ, ლანძღავენ პრესაში, უსტვენენ გულშემატკივრები ან უბრალოდ, გამოჰყავთ შემადგენლობიდან, რაც უთანაბრდება საჯარო შეურაცხყოფას, რომელიც გეხება არა მხოლოდ შენ, არამედ შენს ოჯახს, მეუღლეს, შვილებს, დედას, მამას, ძმასა და დას.

ამ კლუბში სისუსტის მომენტმა, შესაძლოა, სირცხვილამდე მიგიყვანოს. უარყოფითი შედეგები "რეალთან" ან "ბაიერნთან" მატჩებში ჩავარდნად მიიჩნევა. თუ სამართლიანები ვიქნებით, სწორედ ეს არის ჩავარდნა. წაგებით და უუნარობით ვერ გამართლდება ის დონე, რომელიც დააწესეს "ოლდ ტრაფორდზე" იმათმა, ვინც შენამდე მივიდნენ იქ: მეტ ბასბიმ, ბობი ჩარლტონმა, ჯორჯ ბესტმა, დენის ლოუმ, გუნდმა, რომელიც მიუნხენში ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ბრაიან რობსონმა, ერიკ კანტონამ. სწორედ მათ გამო მინდოდა "იუნაიტედში" თამაში.

მათი წყალობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოველი მატჩის გარშემო იქმნებოდა აჟიოტაჟი. ყველა სასწაულს ელოდება. ჩვენი სამუშაოა - მოლოდინის გამართლება. ეს რთული ამოცანაა. ყოველ ჯერზე, როცა წითელ მაისურს ვიცვამ, ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რომელიც მხრებზე აწევს "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეს.

როცა მწვრთნელი დღევანდელი დღისთვის ამოცანას გიხსნის, პანიკის გრძნობა თანდათან ქრება. ეს პანიკა სუსტია და იმით აიხსნება, რომ წინ გვაქვს სამი მატჩი, რომელმაც შეიძლება დიადი ჰეთ-თრიკი მოგვიტანოს ან სამუდამო წყევლა დაგვადოს - "უიღბლოების გუნდი, რომელსაც რადიკალური ქირურგიული ჩარევა სჭირდება". ინგლისის თასზე მოგება საკმარისი იქნება ზოგიერთი გუნდისთვის.

ჩვენს შემთხვევაში კი თასის მოგება მხოლოდ ხაზს გაუსვამს საშინელ ჩავარდნას, თუ ვერ მოვიგებთ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგას. ევროპულ არენაზე წარმატება "მანჩესტერ იუნაიტედის" უმთავრესი ამოცანაა - დონე, რომელიც 1968 წლის გუნდმა დააწესა. სწორედ ამიტომაც, მწვრთნელმა ექვსი წლის წინ ჩემი შეძენა გადაწყვიტა. სანამ ჩვენ არ მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას, ეს გუნდი არ ჩაითვლება წარმატებულად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს, "ტოტენჰემთან" მატჩი კიდევ უფრო თვალნათლივ უსვამს ხაზს მწვრთნელის მოსაზრებას იმაზე, რომ ე. წ. წვრილმანების იგნორირება არ შეიძლება. და მე მას ვიზიარებ. მეტოქე მუდმივად ნახევარი მეტრით ჩამოგვრჩება დაკარგული ბურთისთვის ბრძოლაში.

ის არადამაჯერებლად ათამაშებს ბურთს, ცდილობს, იმოქმედოს ართმევაზე, მაგრამ ეს მხოლოდ ბრძოლის იმიტაციაა და არა სერიოზული სურვილი - წაგვართვას ბურთი. და მაინც, "ტოტენჰემი" წინ გადის. ლეს ფერდინანდმა მიუსწრო ჩაწოდებულ ბურთს, ფეხი კარგად ვერ დაუხვედრა, მაგრამ ბურთი დაუჯერებელი ტრაექტორიით გადაევლო თავზე შმეიხელს. ერთ ბურთს ვაგებთ.

ახლა მომატება გვჭირდება. ისევ წვრილმანი. არ არის საჭირო თავქუდმოგლეჯილი წინ წასვლა - უბრალოდ, ტემპის გაზრდა გვჭირდება. გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, გავათამაშოთ ბურთი, ვაიძულოთ მეტოქეები იმუშაონ, დავღალოთ ისინი.

ბექჰემი ჯადოქრობის დემონსტრირებას ახდენს - არაფრისგან შექმნა გოლი. სინამდვილეში გეჩვენება, რომ არაფრისგან - გოლი მართლაც გახდა 15 წუთის განმავლობაში ჩვენი გამუდმებული ზეწოლის შედეგი, რასაც "ტოტენჰემი" ვერ გაუმკლავდა. ბექჰემს მხოლოდ მეტრი სჭირდება, მას კი ხუთი მეტრი მისცეს... დარტყმა ბრწყინვალე გამოვიდა და ბურთი რკალისებურად შევარდა კარის ზედა კუთხეში. ისევ თავისუფლები ვართ.

შესვენებაზე მწვრთნელმა ტედი შერინგემი ენდი კოულით შეცვალა. ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ... და როგორ გავაკეთოთ...

მეორე ტაიმის მეორე წუთზე ენდი კოულმა არნახული გოლი გაიტანა. მან არაზუსტი პასი დაიმორჩილა და თავზე გადაუგდო იან უოკერს - ოსტატობა გამოყენებულია საჭირო დროს და საჭირო ადგილას. ახლა მოდუნებაც შეიძლება.

ყველაზე ძლიერი გრძნობა, რომელსაც ამ მომენტში განვიცდი - მოდუნება. ჩვენ ეს გავაკეთეთ! საათს გავცქერი. ჯერ კიდევ ბევრია სათამაშო. მთელი 45 წუთი. კონცენტრაციას ვკარგავთ. ისევ წვრილმანები, რომელშიც წაგება დავიწყეთ, ვაძლევთ მათ ნახევარი მეტრით წინსვლის საშუალებას. ნაკლებად მონდომებით მივდივართ წინ, გვეშინია ბურთის დაკარგვის. ინსტინქტი, რომელიც გაიძულებს, დაიცვა ის, რაც გააკეთე - სახიფათო ინსტინქტია.

ერთი შემთხვევითობა, არბიტრის შეცდომა და... ყველაფერი ძალიან გვიან იქნება. ბოლო ათი წუთი თითქოს სხვა განზომილებაში მიმდინარეობს. ჩასტვინე არბიტრო, გთხოვ!

გრემ პოლი უსტვენს. ამოვისუნთქეთ. სამუშაო გაკეთებულია. მადლობა ღმერთს. მიწას ვერ ვგრძნობდი. მწვრთნელი გადამეხვია. ახლა შეიძლება ცოტა დავლიოთ!

არ მიყვარს "ჰალსტუხში" მიღებები. იქ ძალიან ბევრი სისულელე ხდება. არაფრის მომცემი საუბრები არაფერზე.

ეს ჩემთვის არ არის, მაგრამ არა დღეს. რაიან გიგზი და ნიკი ბატი, როგორც ყოველთვის, ბევრს ხუმრობენ, დასცინიან ხალხს და სხვებსაც იყოლიებენ. ეს არის სახიფათო დუეტი სიტყვიერი ორთაბრძოლების დროს. გიგზი სახასიათო გმირია.

ბიჭი სელფორდიდან, რომელიც ქუჩაში გაიზარდა. თავისი აუღელვებელი გამომეტყველებითა და უცოდველი მანერებით, მას გარშემო მყოფებზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ცბიერი ნიკი, მისტერ საიმედოობა, ასეთივე ხუმარაა. როგორც ყოველთვის, დღეს ის და გიგზი ფორმაში არიან. მათ არ ჩამორჩებიან პოლ სქოულზი, გარი და ფილ ნევილები.

ეს ექვსეული ბავშვობიდან ერთად არის. ისინი გუნდის ბირთვს შეადგენენ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა და ცალკე დგანან - არ გვიღებენ თავიანთ საზოგადოებაში. ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს. პირიქით, მიმაჩნია, რომ ეს კლუბის წარმატებაში უდიდესი ფაქტორია. ყველა, ბექჰემის გარდა, წარმოშობით მანჩესტერიდანაა, ბექზი კი "იუნაიტედში" 12 წლიდან თამაშობს.

ამიტომაც თანამედროვე ფეხბურთში, სადაც ფულს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ისეთი ერთგულება, რაც ამ ექვსეულს აქვს, უძვირფასესი თვისებაა. ეს აქვს "ლივერპულს", მაგრამ არ აქვს "ჩელსის", "არსენალსა" და "ლიდსს". ჩვენი გუნდის გულში არის რაღაც მყარი, რაღაც ნამდვილი. ასეთი რამ მხოლოდ "მანჩესტერს" ახასიათებს - ექვსი მეგობრის დამოკიდებულება თამაშისადმი, რაც გუნდის წარმატების ფუნდამენტია.

ინგლისის თასის ფინალამდე ექვსი დღე რჩება, "ნოუ კამპზე" "ბაიერნთან" ფინალამდე - ცხრა. ამიტომაც შეგვიძლია ოდნავ მოვდუნდეთ, დისციპლინა, სიმკაცრე და ის შიშები დავივიწყოთ, რაც გრძელ საფეხბურთო სეზონს ახლავს. შინ გვიან ვბრუნდებით - დაღლილები, მაგრამ კმაყოფილები.

(გაგრძელება იქნება)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული