რაჰიმ სტერლინგი - ყველაზე ძვირფასი ინგლისელი და ახალგაზრდა

AutoSharing Option
რაჰიმ სტერლინგი, როგორც იქნა, დაბინავდა. მან ახალი "საცხოვრებელი" "ქალაქელებში" იპოვა და ძალიან კმაყოფილი ჩანს.

იაფფასიანი საპნის ოპერასავით გაწელილი ამბავი ძვირფასი ტრანსფერით დასრულდა.

ბრიტანული პრესის ცნობით, "მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპულს" 49 მილიონი გირვანქა გადაუხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ 20 წლის ნახევარმცველი, რომლისგანაც ახალი კლუბიც ბევრს ელის და ნაკრებიც, ყველაზე ძვირად ღირებული ინგლისელი ფეხბურთელი გახდა. ის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ძვირად ღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია.

"ძალიან მიხარია, რომ შეთანხმება, ბოლოს და ბოლოს, შედგა და ყველაფერი დამთავრდა. რაც უფრო მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელია შენ გარშემო, მით
უფრო ხარისხიანად ითამაშებ თავადაც", - აღნიშნა სტერლინგმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ "ეტიჰადზე" პოტენციალს სრულად გამოავლენს და, როგორც ფეხბურთელი, გაიზრდება.

სტერლინგის თამამი განცხადება იმის შესახებ, რომ ახლა ბევრი მაღალი კლასის თანაგუნდელი ეყოლება გარშემო, ცხადია, კიდევ უფრო გააღიზიანებს "ლივერპულის" ისედაც უკმაყოფილო ფანებს და სტერლინგს "ენფილდზე" თბილი დახვედრა, სავარაუდოდ, არ ელის. რაჰიმის ამბიციურობითა და საქციელით არა მხოლოდ გულშემატკივრები, არამედ სპეციალისტების და თანაკლუბელების დიდი ნაწილიც შეშფოთებული იყო.

მაგალითად, მერსისაიდელთა ექსკაპიტანმა სტივენ ჯერარდმა წასვლის მერე, ამ ტრანსფერის გაოფიციალურებამდე ცოტა ხნით ადრე, თავისუფლად და ხმამაღლა განაცხადა, ქომაგებმა სტერლინგი ძალიან შეიყვარეს და მისი სჯეროდათ, მისი დარჩენა სურთ და წესით, სტერლინგს მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინა და თავადაც სდომებოდა დარჩენაო.

სტერლინგი "ენფილდზე" 2010 წელს, "ქუინზ პარკ რეინჯერსიდან" მივიდა 600 ათასი გირვანქის სანაცვლოდ და ახლა "ლოფტუს როუდის" ბინადრები მასში გადახდილი თანხის 20%-საც მიიღებენ. რაჰიმმა ნელ-ნელა მოუმატა და ბრენდან როჯერსის ხელში ბოლომდე გაიხსნა. ჩრდილოირლანდიელს მისი წასვლა არ სურდა, მაგრამ...

სტერლინგი უცბად შეიცვალა და განაცხადა, რომ წასვლაზე ფიქრობდა. ამას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და ახალგაზრდა ტალანტს ზღვარგადასული ამბიციურობა, უმადურობა და ფულზე დახარბება დაბრალდა. ამას რაჰიმმა კომენტარები მოაყოლა, რომელშიც ამბობდა, ფული საერთოდ არაფერ შუაშია, საუბარი პერსპექტივაზეა, ტიტულებისთვის ბრძოლა მსურსო.

ბევრი მისთვის "ტვინის არევას" მოთამაშის აგენტს, ეიდი უარდს აბრალებს, სწორედ მან "ჩააწვეთა" წასვლაო. უარდმა, თავის მხრივ, განაცხადა, კვირაში 100 ათასი გირვანქა კი არა, 900 ათასი რომ შესთავაზონ, რაჰიმი "ლივერპულში" მაინც არ დარჩებაო. კლუბი კი მაინც მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე და ამბობდა, სტერლინგს არ ვყიდითო. შემდეგ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ვარჯიში ავადმყოფობის მომიზეზებით გააცდინა და გუნდთან ერთად აზიურ ტურნეში წასვლაც იუარა.

კულუარული ინფორმაციით, სტერლინგმა ისიც თქვა, წასვლა რომ მსურს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ როჯერსთან მუშაობა არ მომწონს და არ მინდაო. თავად მწვრთნელმა კი თქვა, მთელი ამ აურზაურის დროს ჩემი და რაჰიმის ურთიერთობა ძველებურად კარგია და ტრანსფერზე ამას არ უმოქმედიაო, მაგრამ ცხადი გახდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო.

ასეა თუ ისე, "განებივრებულმა ბიჭუნამ" მერსისაიდელებს სხვა გზა აღარ დაუტოვა და "ლივერპულმაც" ერთი წლის მერე მის სულ უფასოდ დაკარგვას, "სიტისთვის" ორჯერ უარის თქმის მერე, მანჩესტერელების კიდევ უფრო სარფიანი წინადადების მიღება გადაწყვიტა.

რამდენს მიიღებს სტერლინგი "სიტიში" და შეთანხმების სხვა დეტალები ჯერჯერობით, არ გასაჯაროებულა, მაგრამ ამბობენ, რაჰიმის ჯამაგირი კვირაში 200 ათასი გირვანქა იქნებაო.

"ყველაზე მეტად ის მახარებს, როდესაც ვხედავ, რა დონის შემადგენლობა გვყავს, მსოფლიო კლასის მოთამაშეებით დაკომპლექტებული. გუნდს მრავალი წლის განმავლობაში შეუძლია ტიტულების სტაბილურად მოგება.

მინდა მადლობა გადავუხადო რაფა ბენიტესს, რომელმაც "ლივერპულში" 15 წლის ასაკში ამიყვანა. ეს ჩემთვის დიდი, წინგადადგმული ნაბიჯი და გამოწვევა იყო. ასევე - კენი დალგლიშს, რომელსაც სჯეროდა, ჩემი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად.

მსურს მადლობა გადავუხადო ბრენდან როჯერსსაც, რომელმაც შანსი და საშუალება მომცა, ძირითად გუნდში მეთამაშა და შემადგენლობაში ადგილი დამემკვიდრებინა. მან მსოფლიოს ჩემი ტალანტი აჩვენა.

დაბოლოს, მადლობა ხალხს, რომლებიც ჩემ გარშემო არიან და გვერდში მედგნენ - დედას, დებს, მენეჯმენტსა და ეიდი უარდს, რომლებიც ყველანაირად დამეხმარნენ, რომ აქ აღმოვჩენილიყავი", - თქვა გახარებულმა სტერლინგმა.

უკვე ლაპარაკობენ იმაზეც, როგორი ტაქტიკით ითამაშებს მანუელ პელეგრინი ახალ სეზონში და რას მოუტანს გუნდს სტერლინგი. რასაკვირველია, უმეტესობა რაჰიმის შეძენას "სიტისთვის" დადებითად აფასებს და ისიც ითქვა, სტერლინგს "ქალაქელების" ახალ საფეხურზე აყვანა შეუძლიაო. იგი სწორედ "ლივერპულში" გადასული ჯეიმს მილნერის ადგილს დაიკავებს და მე-7 ნომერი იქნება.

ყველაზე სავარაუდოა, რომ რაჰიმი გამოკვეთილი ფორვარდის, სერხიო აგუეროს უკან ითამაშებს, დავიდ სილვასა და ცოტა წინწაწეულ, იაია ტურესთან ერთად. ჩილელი სპეციალისტი ძირითად შემთხვევებში, ალბათ, 4-2-3-1-ს მიანიჭებს უპირატესობას.

"ის ახალგაზრდა ფეხბურთელია უდიდესი პოტენციალით. დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ სიტის" ფანები ძალიან კმაყოფილები არიან და აღფრთოვანებულნი დარჩებიან, როდესაც სტერლინგს ჩვენი მაისურით მინდორზე საქმეში ნახავენ", - აღნიშნა პელეგრინიმ.

ბოლოს კი შეგვიძლია ყველაზე და გამორჩეულად ძვირად ღირებული ბრიტანელი მოთამაშეების სიას გადავავლოთ თვალი. რეალურად, საუბარი ინგლისელ ფეხბურთელებზეა, ერთი გამონაკლისის გარდა - ეს გამონაკლისი უელსელი გარეთ ბეილია, რომელიც ყველაზე დიდ ფასში გაიყიდა.

ფეხბურთელი საიდან სად წელი თანხა
გარეთ ბეილი ტოტენჰემი რეალი 2013 85,3 მლნ გირვ.
რაჰიმ სტერლინგი ლივერპული სიტი 2015 49
ენდი კეროლი ნიუკასლი ლივერპული 2011 35
რიო ფერდინანდი ლიდსი მანჩესტერი 2002 30
ლუკ შოუ საუთჰემპტონი მანჩესტერი 2015 27
უეინ რუნი ევერტონი მანჩესტერი 2004 27
ჯეიმს მილნერი ასტონ ვილა სიტი 2010 26

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული