როი კინის "ავტობიოგრაფია" [გაგრძელება]

AutoSharing Option
ვერ შევძელით ჩემპიონთა ლიგაზე ტიტულის დაცვა. სიმართლე ითქვას, არც გამკვირვებია. ვიცოდი, რომ ჰეთ-თრიკის მოგების შემდეგ რთული იქნებოდა შიმშილის გრძნობის დაბრუნება, რათა ისევ გავმხდარიყავით პირველები პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე.

ეჭვი ჯერ კიდევ მაშინ შემეპარა, როცა "ბაიერნის" დამარცხების შემდეგ "კამპ ნოუს" გასახდელში ვიდექი. შამპანური მდინარესავით მოედინებოდა, ადამიანები ჭკუიდან გადადიოდნენ... რა თქმა უნდა, ასეთი საქციელი სავსებით გასაგები იყო და ახსნაც მოეძებნებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, თუმცა არ ვამბობდი, რომ იმ საღამოს ძალიან გაგვიმართლა, "ბაიერნი" რომ დავამარცხეთ. იმ გარემოებებში ამას ვერ ვიტყოდი.

მე არ შემიტანია წვლილი
საერთო გამარჯვებაში. ასე რომ, მხოლოდ ვფიქრობდი. "ბაიერნმა" თავად დათმო შეხვედრა, ყველა კოზირი ჩვენ მოგვცა. შესაძლოა, ზედმეტს ვფიქრობ იმის გამო, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი გამოვტოვე. ნუ იქნები ბოროტი, როი, დაე, ბიჭებმა გაიხარონ. მაგრამ ეს მოსაზრება მოსვენებას არ მაძლევდა: ძალიან გაგვიმართლა, როცა მეორე გუნდი დანებდა.

როცა წინასამატჩო ინტერვიუებს ვისმენ, ეჭვი კიდევ უფრო მეტად მაწუხებს. ზოგიერთი მოთამაშე პრესასთან აცხადებდა: მათთვის უკვე სულერთია - შეძლებენ თუ არა კიდევ ერთხელ ტიტულის მოგებას.

საინტერესოა, - გავიფიქრე მე. იქნებ ზედმეტად აღგზნებულები არიან? რაღა უნდა გავაკეთოთ მომავალ წელს? ყველაფერი დასრულდა? ჩვენ შევედით ისტორიაში: ახლა მოსავლის აღების დრო მოვიდა? აღარ აქვს მნიშვნელობა იმას - კიდევ მოვიგებთ თუ არა ტიტულს? ღმერთო ჩემო! თუ ასე ფიქრს დაიწყებ, შენ მართლაც ვერასდროს ვერაფერს მოიგებ. ნუ ხარ ბოროტი, როი! - მეუბნებოდა შინაგანი ხმა.

ის, რაც დუაიტ იორკს დაემართა იმ ღამის შემდეგ, შესაძლოა, ჩვენი ჩავარდნის ყველაზე დრამატული მაგალითი იყო. სხვა ფეხბურთელებმაც მოუკლეს, მაგრამ ეს თითოეულ მათგანზე უფრო მსუბუქად აისახებოდა და შეუმჩნეველი იყო გარეშე დამკვირვებლისთვის. არასწორად არ გამიგოთ. ძალიან მიყვარს იორკი, ის შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ ტრიუმფალური საღამოს შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" ლპობის სუნი დადგა. მომდევნო თვეებში ჩვენ მუდმივად თან დაგვყვებოდა მისი აჩრდილი.

მომდევნო სეზონის შუამდე ყველგან, როგორც გმირებს, ისე გვხვდებოდნენ, რომლებიც ისტორიას ქმნიან და რომლებმაც აჯობეს 1968 წლის გუნდს: ჩვენ ასწლეულის გუნდს გვიწოდებდნენ. ხელს ვაწერდით ფოტოებს, რომლებზეც სამი პრიზი იყო გამოსახული; ვლაპარაკობდით იმ დიად საღამოზე, რომელიც არასოდეს დაავიწყდებათ. და მნიშვნელობა არ აქვს იმას, რას ვაკეთებთ ახლა. ეს გრძელდება დღემდე! და ამის გამო მრისხანება მიპყრობს. შემდეგ რა იქნება?

რა უნდა იყოს მომდევნო ნაბიჯი, რომელიც დიდებამდე მიგვიყვანს და ერთ დონეზე დაგვაყენებს "რეალთან"? ჩვენ უნდა აგვეღნიშნა ის საღამო და წინსვლა გაგვეგრძელებინა. მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. და ამის გამო სასტიკად დავისაჯეთ. "რეალთან" მარცხი მშვიდად აღიქვეს, რადგან შეუძლებელია ყოველთვის გამარჯვებული იყო. თუმცა რატომაც არა? "ლივერპულს" ხომ გამოსდიოდა ეს, "რეალსაც", იუვენტუსსაც", "ბაიერნსაც"... ენას კბილს ვაჭერ. მაგრამ არა ოჯახთან და უახლოეს მეგობრებთან საუბრებისას.

* * *
"რეალთან" წაგებიდან ორი კვირის თავზე, მეგობარმა დამირეკა, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" სასეზონო აბონემენტის მფლობელია. მან მიიღო კლუბისგან წერილი, რომელშიც ეწერა, რომ აბონემენტებზე ფასის გაზრდა იმ დანახარჯებიდან გამომდინარეობდა, რაც ჩემი ახალი კონტრაქტის უზრუნველყოფისთვის იყო საჭირო.

"დარწმუნებული ხარ ამაში?" - ვკითხე მას.
"დიახ" - მიპასუხა და აღნიშნა, რომ წერილი ხელთ უპყრია. ის "იუნაიტედის" მდივნის, კენ მერეტის მიერ იყო ხელმოწერილი.

მომდევნო დილას მდივანთან წავედი. ვკითხე - მართალია, რომ სასეზონო აბონემენტების გაძვირება ჩემი ახალი კონტრაქტით აიხსნება? მან დამარწმუნა, რომ ყველაფერი სხვანაირად იყო. დავურეკე ჩემს მეგობარს და მან მითხრა:

"როი, წერილს გამოგიგზავნი". წერილის ერთ ნაწილში ეწერა: "ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ, როცა როი კინი დათანხმდა ახალი კონტრაქტის ხელმოწერას, რაც იმის გარანტიაა, რომ კინი მინიმუმ სამი წლით დარჩება "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშედ. "იუნაიტედის" ფანები ყველაფერ საუკეთესოს მიეჩვივნენ. ამიტომაც ჩვენი ვალდებულება იმაში მდგომარეობს, რომ დავრჩეთ დღევანდელ პოზიციებზე და ვიყოთ საუკეთესოები. ფასის ზრდა არასოდესაა სასიხარულო, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ გულშემატკივრები გაითავისებენ ერთ რამეს: ჩვენ კონკურენტუნარიანები ვართ არა მხოლოდ სატრანსფერო ბაზარზე, არამედ კლუბში საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნების მხრივ".

მერეტთან გაბრაზებული ვბრუნდებოდი. როგორ არ გაითვალისწინეს ხალხის მოსალოდნელი რეაქცია? წერილი მაგიდაზე დავუდე, შემდეგ მწვრთნელთან წავედი. და ის დამეთანხმა, რომ კლუბი არასწორად მოქმედებდა. არაფერი მაკვირვებს ფეხბურთში.

მაგრამ, იმ იმედგაცრუების მიუხედავად, რაც მოედნის მიღმა მივიღე, სეზონის ბოლოს ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. მიხაროდა ეს პრიზი, მაგრამ ვიცოდი, რომ ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა, თუ მე და გუნდი მიღწეულით დავკმაყოფილდებოდით.

* * *
ფაბიან ბარტეზი კარგი შენაძენი გახდა კლუბისთვის 2000-01 წლების სეზონში. ერიკ კანტონა ყოველთვის დადებითად ახასიათებდა ფაბიანს, ვინც იმ საფრანგეთის ნაკრების კარში იდგა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი და ევრო 2000 მოიგო. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის მატჩებს ვუყურებდი და გადავწყვიტე, ფსონს იტალიაზე ჩავსულიყავი.

აზარტული თამაშებით გატაცებული არ ვყოფილვარ, მაგრამ მართლაც ძალიან მომწონდა იტალია. დავრეკე საბუკმეკერო კანტორა Ladbrokes-ში და 5 ათასი გირვანქა დავდე იტალიაზე. ამაყად გადავიხადე ჩემი ოქროს ბარათით. ფსონი გაკეთებულია. მომდევნო დილას მწვრთნელმა თავსატეხი მომიწყო.

"არ ვიცოდი, თუ აზარტული თამაშებით იყავი დაკავებული", - მითხრა მან.
"არ ვთამაშობ", - ვუპასუხე.
"შესანიშნავია. რას აკეთებდი იმ დროს, როცა გუშინ ხუთი ათასი დადე იტალიაზე?"
"მე... მომწონს მათი თამაში".
"მაგრამ შენ არასწორად მოიქეცი, ასე არ არის?"
დამაბეზღეს. მაიკ დილონი Ladbrokes-დან მწვრთნელთან მეგობრობდა.

"იმ ჯარიმიდან გამომდინარე, რომელსაც გამოგიწერენ, აღარ მოგინდება ასეთი თამაშებით გართობა", - მითხრა ალექს ფერგიუსონმა საუბრის ბოლოს. "რა თქმა უნდა, არა Ladbrokes-ში", - გავიფიქრე მე.

ინგლისის ლიგის თასის მატჩში "ჩელსის" წინააღმდეგ მოედნიდან გამაძევეს გუს პოიტეთან უხეში თამაშის გამო. ამ ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯიმი ფლოიდ ჰასელბანკმა იუხეშა ჩემ წინააღმდეგ და შერჩა. ეს მხოლოდ ლიგის თასის თამაში იყო, მაგრამ შეხვედრა უხეში გამოვიდა. პრესა მლანძღავდა. რატომ აღმოჩნდა კინი ისევ მოვლენათა ცენტრში? პასუხი მარტივია.

შენ არ შეგიძლია საკუთარ თავს მისცე მსხვერპლის როლის თამაშის უფლება. თუ ისინი შეეცდებიან ითამაშონ შენ წინააღმდეგ უხეშად, დაგაშინონ, შეამოწმონ შენი საბრძოლო სული, უნდა შეგეძლოს წინააღმდეგობის დაწევა, უნდა მიანიშნო მათ, რომ შენთან ხუმრობა არ შეიძლება. შენს სამუშაოს ასრულებ და დანებება არ უნდა გაბედო. უნდა დაიცვა საკუთარი თავი.

ნოემბერში სათავეში ვედექით პრემიერლიგას და რვა ქულით ვუსწრებდით უახლოეს მდევარს. ჩემპიონთა ლიგაზე კიევის "დინამოს" ვხვდებოდით "ოლდ ტრაფორდზე". ტედი შერინგემმა მატჩის დებიუტში წინ გაგვიყვანა, მაგრამ ძალიან ცუდად ვთამაშობდით. არადა, მოგება გვჭირდებოდა მეორე ეტაპზე გასასვლელად.

მეორე ტაიმში "დინამომ" მარწუხებში მოგვაქცია. საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე კინაღამ გამოვეთიშეთ ჩემპიონთა ლიგას. ისინი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოვიდნენ ჩვენს საჯარიმოსთან და დასარტყმელად გაიყვანეს დემეტრაძე, მაგრამ მან ხუთი მეტრიდან ვერ გაიტანა. გვინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად დაგვეტოვებინა მინდორი.

ახლოს ვიყავით ჩემპიონთა ლიგის დატოვებასთან. ლპობის მეტასტაზები გუნდში თანდათან ვრცელდებოდა. გახარებული გულშემატკივრები ჯერ ვერაფერს ამჩნევდნენ. საინტერესოა, რომ, როცა მეორე ტაიმში ნამდვილ ზეწოლას წავაწყდით, ტრიბუნები გაჩუმდნენ. ისე ჩანდა, რომ ისინი აპროტესტებდნენ სანახაობის დეფიციტს, რის გამოც მოვიდნენ სტადიონზე. "საუთჰემპტონთან" 4:0 ან 5:0-ის დროს, ისინი სიხარულისგან სტადიონს ანგრევდნენ. მაგრამ რთულ დროს ხომ საჭიროა გულშემატკივრების მხრიდან მორალური მხარდაჭერა?

მატჩის შემდეგ პრესასთან ჩემი ურთიერთობის დრო დადგა. თამაშის შესახებ კითხვას ასე ვუპასუხე: "ბევრი ადამიანი, რომელიც აქ მოდის, ჩვენგან სამ-ოთხ გოლს ელოდება, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება. გასვლით მატჩებში ჩვენი გულშემატკივარი შექებას იმსახურებს, მაგრამ საშინაო თამაშების დროს ხანდახან გეჩვენება:

ესმით კი მათ საერთოდ ფეხბურთი? ზოგიერთები მოდიან "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ არ მგონია, რომ მათ საერთოდ იცოდნენ სიტყვა "ფეხბურთის" სწორად დაწერა, აღარაფერს ვამბობთ თამაშის აღქმაზე. დღის ბოლოს უნდა მოხვიდე და მხარი დაუჭირო შენს გუნდს. სტუმრად ჩვენი გულშემატკივრები ბრწყინვალენი არიან, მაგრამ შინ სასმელსა და ბუტერბროდებს მიირთმევენ და არ ესმით - რა ხდება მოედანზე. ეს არასწორია".

(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დემეტრაძე თქვენი დამატებულია თუ ორიგინალშიც ეგრე უწერია?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული