ლუი ვან გაალი: მშვიდად ვარ, ყოველ პოზიციაზე ორი კაცი მყავს

AutoSharing Option
ლუი ვან გაალი მედიას ესაუბრა და საინტერესო კომენტარებიც გააკეთა. ჰოლანდიელმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში უეინ რუნი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ "შრეკი" წინა სეზონის სტარტზე საყრდენი ნახევარმცველის ამპლუაში გვევლინებოდა და მხოლოდ სეზონის მეორე ნახევარი გაატარა თავდამსხმელად. ფანები აქტიურად ითხოვდნენ რუნის წინ დაყენებას და სპეციალისტებიც აკრიტიკებდნენ ვან გაალს. მანაც შეისმინა.

"მე თქვენ მოგისმინეთ და დაგიჯერეთ, თქვენ ჩემზე მეტი იცით. ახლა რუნი თავდასხმაშია", - აღნიშნა "წითელი ეშმაკების" თავკაცმა.

"ბრაზიანმა ლუიმ" იმ სიურპრიზზეც ილაპარაკა, რომელსაც ფანებს დაჰპირდა, თითქოსდა, ახალი თავდამსხმელის დამატებას ვაპირებთო.
პრესაში უმალვე გავრცელდა ცნობები, რომ ლაპარაკი ედინსონ კავანიზე იყო, რომელსაც "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს საკმაო ხანია, უკავშირებდნენ, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე.

"ამ საკითხზე მოლაპარაკებების სტადიაზე ვართ. თუმცა პრესაში რაც იწერება, სიმართლეს არ შეესაბამება. საუბარი სულ სხვა თავდამსხმელზეა. დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება", - განმარტა ვან გაალმა.

ბრიტანულ ჟურნალ-გაზეთებს ახლა ახალი ვერსია აქვთ - "მანჩესტერი" ტურინის "იუვენტუსიდან" ფერნანდო ლორენტეს მოყვანას აპირებსო. რამდენად იქნება ეს დიდი სიურპრიზი და ძალიან სასიხარულო ამბავი ფანებისთვის, ცალკე საკითხია. თუმცა "ბებერი ქალბატონის" დაწუნებულ ბასკ ფორვარდს ჯერ კიდევ ბევრის შემოთავაზება შეუძლია და ისიც გვახსოვს, ჯერ კიდევ "ბილბაოში" ყოფნისას რა შესანიშნავად ითამაშა მან სწორედ "იუნაიტედის" წინააღმდეგ.

რუნის თუ დავუბრუნდებით, ინგლისის ნაკრების კაპიტანს უხარია, რომ თავდასხმას საფუძვლიანად უბრუნდება და ბევრი გოლის გატანის პირობას დებს. ბოლოს მთავარ ფორვარდად "შრეკმა" 2011/12 წლების სეზონში ითამაშა და 34 გოლი გაიტანა, რითაც პირადი რეკორდი გაიმეორა.

"იმედი მაქვს, 20 და მეტ გოლს გავიტან, თუ კვლავაც ფორვარდად ვითამაშებ. თუ ამას ვერ შევძლებ, იმედგაცრუებული დავრჩები. "იუნაიტედის" რიგებში ბოლო წლებში არაერთ სხვადასხვა პოზიციაზე მითამაშია, მაგრამ შეგიძლიათ დააკვირდეთ ნაკრებში ჩემს თამაშს, სადაც თავდამსხმელი ვარ და გოლები გამაქვს", - თქვა რუნიმ.

აქვე ვან გაალის პრესკონფერენციის დანარჩენ კითხვა-პასუხს გადავავლოთ თვალი:

- 2 აგვისტოს უეინ რუნი დანკან ფერგიუსონის გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშებს ("ევერტონი" "ვილიარეალს" შეხვდება). არ გეშინიათ, რომ იგი ტრავმას მიიღებს?
- რუნი ასევე შეიძლება კიბიდანაც ჩამოვარდეს.

- როგორ შეაფასებდით რუნის პირველ სეზონს კაპიტნის ამპლუაში?
- უფრო მეტს ვერც დაველოდებოდი. ის დიდებული კაპიტანია, უკეთესი, ვიდრე წარმომედგინა. მას ყველა ფეხბურთელი სიამოვნებით მიჰყვება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შენ შეიძლება აირჩიო, მაგრამ წყვეტენ ფეხბურთელები. მათ სიამოვნებით მიიღეს უეინი, როგორც კაპიტანი.

- მეორე სეზონისგან უფრო დიდი მოლოდინი გაქვთ?
- დიახ, ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ადრე ამას ვერ ვიტყოდი. არსებული რესურსისადმი ყოველთვის პოზიტიურად უნდა იყო განწყობილი და საუკეთესო გამოსავალი მოძებნო, მაგრამ ახლა უკვე 4 ახალი მოთამაშე გვყავს, რომლებიც ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ და ეს დიდი სხვაობაა. ყველაზე საგრძნობი განსხვავება კი იმაშია, რომ გუნდი დაბალანსდა. მაგალითად, წინა წელს ამერიკის ტურნეში და სეზონის მსვლელობისასაც მიწევდა ფეხბურთელების თავიანთთვის უჩვეულო პოზიციებზე გამოყენება, რაც კარგი არ არის. ახლა კი ყველა პოზიციაზე ორი მოთამაშე მყავს.

- ამდენი ცვლილება როგორ აისახება გუნდზე?
- ჩვენ ძალიან ბევრი ფეხბურთელი გავუშვით, მხოლოდ ჩემი მწვრთნელობისას, 17-ზე მეტი. თუმცა, საფეხბურთო სამყაროში ეს ნორმალური მოვლენაა. უნდა შეიცვალო, გაუმჯობესდე, წინ წახვიდე, განვითარდე... შემადგენლობა ყოველწლიურად უნდა გადაახალისო. ახალ მოთამაშეებს დიდი სტიმულის შემატება შეუძლიათ.

- მომავალ ტრანსფერებზე რას იტყვით? სერხიო რამოსის შეძენა იგეგმება?
- ეს ყველაფერი პროცესშია. შესაძლოა მისტერ რამოსის ტრანსფერიც. არასდროს იცი, რა მოხდება.

- ვინ არის მეორე კაპიტანი?
- პირველი კაპიტანი უეინ რუნია, მეორე - მაიკლ კერიკი. წინა სეზონში მესამე კაპიტანი მისტერ მაიკ სმოლინგი იყო. კრისი ვიგულისხმე...".

P.S.
აი, ასეთი სახალისო გასაუბრება ჰქონდა პრესასთან ვან გაალს. მოუხდის თუ არა იგი ბოდიშს სმოლინგს, არ ვიცით, მაგრამ ვიცით ის, რომ ბოლო ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" სერხიო რომეროს გაურიგდნენ. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, არგენტინის ნაკრების მეკარე ბოლო წლებში თავის კლუბებში სათადარიგო იყო და მერე სულაც უგუნდოდ დარჩა.

სამაგიეროდ, რომერომ ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ახლა კი კოპა ამერიკაზე ერთხელაც დაადასტურა, რომ მშვენიერი გოლკიპერია და ვან გაალმაც მასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა, რომელიც სამწლიანი იქნება. ამბობენ, რომ რომერო წელიწადში 1,2 მილიონ გირვანქას მიიღებს, პლუს, ჩატარებული მატჩების რაოდენობისა და წუთების მიხედვით, ბონუსებს. 28 წლის მეკარე ვიქტორ ვალდესს ჩაანაცვლებს, რომელსაც ვან გაალთან უთანხმოება აქვს და ჰოლანდიელი მის გაშვებას აპირებს.

რომეროს "ოლდ ტრაფორდზეც" დუბლიორობა მოუწევს, რადგან როგორც ჩანს, დავიდ დე ხეა არსად აღარ მიდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული