ის გადარჩა
ბევრი ელოდა, რომ "სიტიში" სეზონს სხვა მწვრთნელი დაიწყებდა, მაგრამ სამწვრთნელო სავარძელში კვლავ ჩილელი მანუელ პელეგრინი ზის. პელეგრინიმ დასრულებულ სეზონში ვერ მოიგო პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგაზეც ჩაფლავდა, მაგრამ ჩილელს აპატიეს.კლუბის არაბი მეპატრონეების მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ამ სეზონში პერლეგრინის ამავე შედეგს
სად არის ესთეტიკა?
შედეგები სავალალო არ არის და შეიძლება უკეთესიც იყოს. პრემიერლიგაში "სიტის" სტატისტიკა ცუდი არ არის. ინგლისში ყოველ წელს ჩემპიონი ვერ გახდები და ეს ყველამ იცის. "ქალაქელებმა" უკვე გაუსინჯეს ტიტულს გემო და ახლა უნდათ, ჩემპიონთა ლიგა მოიგონ.სულ ცოტა ხნის წინ ამაზე ოცნება წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სადაც ფულია, ამბიციაც იქ ჩნდება - ხოლმე. ამბიცია "ეტიჰადზე" არის და ამ კონტინგენტთან ერთად უნდა იყოს კიდეც.
მაშ, რას საყვედურობენ "სიტის" ერთგული ქომაგები? ერთ-ერთი მატჩის მსვლელობისას მათ ტრიბუნაზე გადმოფინეს ბანერი წარწერით "სად არის ესთეტიკა"? მართლაც, "სიტი" ამ კონტინგენტით ვალდებულია, უფრო თვალსასეიროდ ითამაშოს. "ქალაქელთა" გარჯაში არის ასეთი ელემენტები, მაგრამ საკმარისად ხშირად არა.
დისბალანსი
გასულ სეზონში, როცა "იუნაიტედმა" დერბი მოუგო თავის დაუძინებელ მტერს, უეინ რუნიმ საყურადღებო განცხადება გააკეთა. "ჩემი საქმე ნაკლებად არის მეტოქის თამაშზე და მის სუსტ მხარეზე მსჯელობა, მაგრამ შევამჩნიე ერთი - "სიტის" აქვს გარკვეული დისბალანსი ბურთით და უბურთოდ თამაშს შორის. ისინი ძალიან დიდ დროს ხარჯავენ უბურთოდ მოძრაობაზე და მერე უჭირთ ბურთთან ერთად."
საყურადღებო შეფასებაა. იქნებ, ბევრი რუნის სიტყვებს არც დაეთანხმოს, მაგრამ ფაქტია - "სიტი" მხოლოდ პატარა გუნდებთან თუ ახერხებს ისე ბურთის დაჭერას, როგორც ნამდვილი გრანდი. იმ მატჩებში კი, როცა მეტოქე თავად არის გრანდი, აბსოლუტურად სხვა სურათს, საპირისპიროს ვხედავთ.
სტერლინგები სტერლინგისათვის
რაჰიმ სტერლინგი "სიტის" ფეხბურთელია. პელეგრინიმ მიიღო ბიჭი, რომელსაც მთელი ინგლისი უდიდეს იმედებს უკავშირებს. ეს ბიჭი მართლა მაგრად თამაშობს ფეხბურთს, მაგრამ სტაბილურობა აკლია და ძალიან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, არც პირადი ცხოვრება აქვს მთლად დაწყობილი...სტერლინგს შეუძლია, ერთი მატჩი "იფრინოს", მეორე შეხვედრაში კი დადგეს. მან ძალიან ახალგაზრდამ გაუსინჯა გემო დიდ ფულს და ცოტა თავში ავარდნაც ემჩნევა. პელეგრინი რბილი კაცია. მას სტერლინგთან მუშაობა უნდა გაუჭირდეს, თუმცა თუ ბოლომდე "გახსნა", ჩვენც და ფეხბურთიც მოგებული დარჩება.
მოვიდა რაიან დელფი. "ასტონ ვილას" ლიდერთაგანი, ვინც მინდვრის ცენტრში უნდა იჩაუქოს, თუმცა "სიტის" მის გარეშეც ძვალთამტვრეველი, სიხისტის ზღვარზე მოთამაშე შუახაზელები ჰყავს.
ფრენკი და ჯეიმსი
მომავალი სეზონიდან "სიტიში" აღარ იქნებიან ფრენკ ლამპარდი და ჯეიმს მილნერი. "ჩელსის" ლეგენდა ფრენკი გასულ სეზონში ძალიან გამოადგა "ქალაქელებს" და არაერთი მნიშვნელოვანი გოლიც შეაგდო. მილნერი კი "შავი მუშა", გუნდისათვის მართლაც რომ შეუცვლელი ფეხბურთელი იყო და, რა პოზიციაზე არ გინდოდათ, იგი გვენახა...ორივე ამ მოთამაშის წასვლა ძალიან დაეტყობა პელეგრინის გუნდს და მწვრთნელს ტაქტიკური ხერხებითა და შემადგენლობის როტაციით მოუწევს ბრძოლა ამ დანაკლისის წინააღმდეგ.
მიდიან
სავარაუდოდ, გუნდს ძალიან მალე დატოვებენ ედინ ჯეკო და სტევან იოვეტიჩი. იოვეტიჩს შედარებით ნელი ფეხბურთი უყვარს და მას უსწრაფეს პრემიერლიგასთან შეგუება უჭირს, ჯეკოს კი პელეგრინი ვერ იყენებს.ბოსნიელს ძალიან აკლია სათამაშო პრაქტიკა. ამდენად, აბსოლუტურად გასაგებია მისი მისწრაფება, კარიერა რომელიმე სხვა კლუბში გააგრძელოს. იქ, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება და გოლებს გაიტანს.
"სიტის" ფული არ აკლია, მაგრამ ამ ორ ფეხბურთელს თუ გაყიდის, მის სალაროს გვარიანი "ტუგრიკები" შეემატება და ვინ იცის, ზაფხულის ბოლომდე ერთი გვარიანი ტრანსფერიც გაიჩარხოს.
(არა)რიგითი კევინის გადასაბირებლად
"სიტი" შესაძლებელს და შეუძლებელს აკეთებს საიმისოდ, რომ "ვოლფსბურგს" ლიდერი კევინ დე ბრუინი გამოსტაცოს. დე ბრუინი ზუსტად ის ფეხბურთელია, ასე რომ სჭირდება ინგლისურ გრანდს. მას შეუძლია, გუნდის თამაშში მეტი სირბილე და აზრი შეიტანოს.სხვა საქმეა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასული "ვოლფსბურგი" მაგრად დგას, რადგანაც მომავალ სეზონში თავადაც ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა და ეს ძალიან გაუჭირდება. მითუმეტეს, ბელგიელის გარეშე.
დე ბრუინის გარდა ინგლისელებს "მონაკოს" ბრაზილიელი ფლანგელის,ფაბინიოს გადაბირებაც სწადიათ.
ორფეხა გოლიათი
ამ ეტაპზე კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "სიტის" თამაში ძალიან იქნება დამოკიდებული ორ ფეხბურთელზე. პირველი, ესაა იაია ტურე, ვინც კინაღამ "ინტერში" აღმოჩნდა და მეორე - გუნდის არგენტინელი ბომბარდირი, კუნ აგუერო.ამ შემთხვევაში, თუ სტაბილურად ითამაშებენ დავიდ სილვა და რაჰიმ სტერლინგი, გუნდის პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. დღეს კი "სიტი" მაინც ორფეხებიან გოლიათს გვაგონებს. ერთი ფეხი ტურეა, მეორე კი - აგუერო.
და მაინც...
ამის მიუხედავად, მანუელ პელეგრინის განკარგულებაშია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა. ეს საშუალებას აძლევს ფეხბურთის ჩილელ სპეციალისტს, გამოიყენოს თანამედროვე ფეხბურთში აპრობირებული ყველა ძირითადი ტაქტიკური სქემა.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"