საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: ჟოზეს ბიჭები ნიუიორკელ თინეიჯერებთან შერცხვნენ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" "ნიუ იორკ რედ ბულსთან" სანახევროდ ამხანაგურ შეხვედრაში 2:4 დამარცხდა. ჟოზე მოურინიო ამბობს, რომ ეს ტრაგედია არ არის. იგი ამხანაგურ შეხვედრებს დიდ ყურადღებას არასდროს აქცევდა, მაგრამ 4 გოლის გაშვება სასიხარულო ამბავი მაინც არ გახლავთ.

თანაც, საინტერესოა, რომ "ლურჯებმა" ოთხივე ბურთი მეორე ტაიმში მიიღეს, როდესაც კარში უკვე ასმირ ბეგოვიჩი იდგა, მან პირველი ტაიმის მერე ტიბო კურტუა შეცვალა. მოურინიომ პირველი ნახევრის შემდეგ შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეცვალა. იმ მომენტისთვის "ჩელსი" ლოიკ რემის გოლით 1:0-ს იგებდა.

ფრანგს საგოლე გადაცემა ოსკარმა გაუკეთა. ბრაზილიელმა ასისტენტობა
ედენ აზარსაც გაუწია, რომელმაც ანგარიში 2:3 გახადა, მაგრამ დუბლის ავტორმა შონ დევისმა 77-ე წუთზე წერტილი დასვა და ამერიკელებს ორბურთიანი სხვაობით მოაგებინა.

"განსაკუთრებული" 28 წლის ბეგოვიჩის წარუმატებელ დებიუტს მის გადაღლილობას აბრალებს. სამაგიეროდ, ირწმუნება, რომ შემდეგ შეხვედრაში ბოსნიელი გოლკიპერი ძირითად შემადგენლობაში იქნება. მოურინიომ ისიც თქვა, ეს წაგება შესაძლოა, მოგებაზე უკეთესიც კი არის, სიტუაციას კარგად გავაანალიზებთო. მომავალი ამხანაგური მატჩები "ლურჯებს" "პარი სენ-ჟერმენთან", "ბარსელონასთან" აქვთ, რასაც 2 აგვისტოს "არსენალთან" ინგლისის სუპერთასის შეხვედრა მოჰყვება, მერე 5-ში კიდევ ერთი ამხანაგური "ფიორენტინასთან" და 8 აგვისტოს "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრები პრემიერლიგასაც იწყებენ "სუონსისთან" საშინაო თამაშით.

"ამ წაგებას ზედმეტ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ. 10:0 რომც მოგვეგო, ბედნიერი მაინც არ ვიქნებოდი, რადგან ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ძალიან ადვილად მოვიგეთ და ვერ გავვარჯიშდით. ბეგოვიჩი? პსჟ-სთან ის პირველი წუთიდან გავა მინდორზე" - თქვა მოუმ.

საინტერესოა, რომ ამერიკული გუნდის შემადგენლობა გადახალისებული იყო და ამ შეხვედრაში "ნიუ იორკის" მხოლოდ 4-მა ისეთმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც ამ სეზონში "მეიჯორლიგაში" ჰქონდათ ნათამაშები. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი გოლი "ჩელსის" 16 წლის ტაილერ ადამსმა გაუტანა.

"ცოტა გაკვირვებული დავრჩი იმ შეცდომებით, რომლებიც დავუშვით და იმით, რომ მზად არ ვიყავით. განსაკუთრებით, მეორე ტაიმში არ გამოგვივიდა თამაში" - დაამატა პორტუგალიელმა.

"ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი კი იმით იყო ბედნიერი, რომ ყოფილ გუნდს სასტუმროში ფრენკ ლამპარდი ესტუმრა, რომელიც "ნიუ იორკ სიტის" ფეხბურთელია.

"ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო იყო ფრენკის ვიზიტი ჩვენს სასტუმროში. მიხარია, რომ მას ნიუ იორკის მსგავს ბრწყინვალე ქალაქში ბედნიერს ვხედავ. მენატრები, ლამპსი" - დაწერა ტერიმ სოციალურ ქსელში.

ჩელსი (სასტარტო): კურტუა, ივანოვიჩი, კეჰილი, ზუმა, ასპილიკუეტა, მიკელი, ფაბრეგასი, მოზესი, ოსკარი, ტრაორე, რემი.
(შეცვლაზე): ბეგოვიჩი, ალინა, ტერი, მატიჩი, რამირესი, ლოფტუს-ჩიკი, აზარი, დ. კოშტა, სოლანკე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული