ჟოზე მოურინიო: ყველას უნდა ტიტულის ყიდვა

AutoSharing Option
ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ახალი საფეხბურთო სეზონი ჯერ არ გახსნილა, სამაგიეროდ, ჟოზე მოურინიომ თავისი საყვარელი mind games-ის ახალი სეზონი უკვე გახსნა და კონკურენტების სტადიონზე კენჭების სროლა დაიწყო.

პორტუგალიელის თქმით, "ჩელსის" კონკურენტები ტიტულის "ყიდვას" ცდილობენ და იმ გზის გავლას აპირებენ, რომელიც თავის დროზე სწორედ "ლურჯებმა" გაიარეს კლუბში რომან აბრამოვიჩის მოსვლიდან მოყოლებული. შეგახსენებთ, რომ რუსი მილიარდერი "სტემფორდ ბრიჯზე" 2003 წელს გამოჩნდა და თავიდანვე დიდი ფულის ხარჯვა დაიწყო, რამაც შედეგი მალევე გამოიღო, ყოველ შემთხვევაში, ინგლისის პრემიერლიგის მასშტაბით.

წინა სეზონის ვიცე-ჩემპიონმა "მანჩესტერ სიტიმ" რაჰიმ სტერლინგში
49 მილიონი ფუნტი გადაიხადა, ფაბიან დელფში 8 მილიონი და პლუს, ახალგაზრდა პატრიკ რობერტსში - 11. მესამეადგილოსანი "არსენალი" ნელ-ნელა ცდილობს, ფულის ხარჯვა ასევე დაიწყოს და ამ ზაფხულსაც შეიძლება სწორედ "ჩელსიდან" წაყვანილი პეტრ ჩეხის გარდა, კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი მაინც გამოაცხოს.

"მანჩესტერმა" დიდი ფული დახარჯა და შვაინშტაიგერი-შნედერლენი-დეპაი-დარმიანის ოთხეულით მნიშვნელოვნად გაძლიერდა. თანაც, ლუი ვან გაალი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და კიდევ ფიქრობს ჯიბეზე ხელის გემრიელად გაკვრას. დიდი თანხა დახარჯა "ლივერპულმაც" - მხოლოდ კრისტიან ბენტეკესა და რობერტო ფირმინოში გადაიხადა 60 მილიონ გირვანქაზე მეტი და კიდევ არაერთი ახალწვეული ჰყავს...

"მისტერ აბრამოვიჩის ეპოქის დასაწყისში "ჩელსი" ტიტულს ყიდულობდა. ახლა ისინი ცდილობენ ჩემპიონობის ყიდვას. ყველანი, ისინი ყველანი ყიდულობენ ტიტულს. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. ძლიერები უნდა ვიყოთ და მათ შევებრძოლოთ. რასაკვირველია, გვსურს და უნდა ვცადოთ ზედიზედ მეორედ გაჩემპიონება, თუნდაც დიდი ფულის დახარჯვის გარეშე" - აღნიშნა მოურინიომ.

პორტუგალიელმა ცოტა ხნის წინათ თქვა, რომ "ჩელსისგან" სატრანსფერო ბაზარზე დიდ აქტიურობას არ უნდა ველოდოთ. როგორც ჩანს, ამჯერად აბრამოვიჩი გულუხვობას არ აპირებს. "ლურჯებმა" იჯარით რადამელ ფალკაო მიიყვანეს და სხვა მხრივ, თუ ვინმე არ წავა, გამოსარჩევ ტრანსფერს არ აპირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრად არ მევასება ეს კაცი, მაგრამ ხანდახან ისეთ სისწორეს დააბრეხვებს ხოლმე ....
dadu
12:46 28-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული