აფეთქდი, მესუთ! - გერმანული დინამიტი

AutoSharing Option
26 წლის მესუთ იოზილი მორიგ სეზონს იწყებს "არსენალში" და ყველას გვინდა, რომ ეს სეზონი წინაზე უკეთესი იყოს. გვინდა, რადგან თუ გვიყვარს ფეხბურთი, გვიყვარს მესუთის თამაშიც, რომელსაც ხშირად ძალიან ბევრი რამ აკლია, მაგრამ როცა ფეხბურთელი ბოლომდე გვიჩვენებს თავის შესაძლებლობებს, ის ახლოსაა იდეალურთან.

რა უნდა დახვეწოს გერმანელმა, რაში უნდა მოუმატოს საიმისოდ, რომ ის "არსენალის" ნამდვილ ლიდერად იქცეს? შევთანხმდეთ, რომ მას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. სხვა საქმეა, მოხდება თუ არა ამ ნიჭის სრული რეალიზება.

ხასიათი
შესაძლოა, არაგერმანული წარმოშობის ბრალიც იყოს, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით
- ჯერჯერობით, იოზილი ხასიათის ფეხბურთელია. თუ უნდა და იშტაზეა, მას შეუძლია, მარტომ შემოგვთავაზოს იდეალური გალა-წარმოდგენა და თავისი გუნდის სასარგებლოდ გადაწყვიტოს თამაშის ბედი.

სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა მესუთი მინდორზე ნაკლებად ან საერთოდ არ ჩანს. არავინ იცის, რა მოსდის მას ამ შემთხვევებში. სავარაუდოდ, მესუთს ხასიათის პრობლემა აქვს.

ნუ დაყოფ თამაშებს!
რატომ არიან დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო? რა თქმა უნდა, ამის მთავარი მიზეზი მათი უდიდესი საფეხბურთო ნიჭია, მაგრამ ამასთან ერთად, არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც.

მესი და რონალდო თითოეულ შეხვედრას უმაღლეს დონეზე, შესაძლებლობების ზღვარზე ატარებენ და ეს მათ სტატისტიკურ მაჩვენებლებში იწერება. იოზილი ასეთი არ არის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის შეხვედრებს მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან თამაშებად ყოფს.

თუ გერმანელს უნდა, რომ მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავების მარაქაში გაერიოს, მაშინ მან სტაბილურად თამაში უნდა ისწავლოს და ყველა შეხვედრაში ძალიან სასარგებლო უნდა იყოს "არსენალისათვის".

მკვლელის ინსტინქტი
თავის დროზე იოზილს შეელია მადრიდის "რეალი". არადა, გერმანიის ნაკრების ლიდერთაგანი მთელ რიგ მატჩებში შესანიშნავი იყო "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში. მართალია, "რეალმა" სარფიანად გაყიდა მესუთი, მაგრამ ზოგადად, ისინი იშვიათად ელევიან შეუცვლელ ფეხბურთელებს. მაშ, რა მოხდა?

"რეალის" კულუარებში ფეხბურთელის გაშვების მთავარი მიზეზი ასე აიხსნა - იოზილს აკლია "მკვლელის ინსტინქტი", გადამწყვეტ სიტუაციებში საკუთარ თავზე ინიციატივის აღების გრძნობა, ამას კი თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ხშირად ოქროს ფასი აქვს.

"რეალის" შეფობა ბევრ რამეში შეგვიძლია გავამტყუნოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში სიმართლე მათ მხარესაა. ჩვენ არაერთხელ გვინახავს მესუთი ასეთ სიტუაციაში: ის რამდენიმე მოწინააღმდეგეს ატყუებს, ქმნის საგოლე სიტუაციას და როცა გატანას წინ აღარაფერი უდგას, პასის გაკეთებას არჩევს და ეს პასი, არცთუ იშვიათად, არაზუსტია.

პერსპექტივა
კარსმომდგარი სეზონი "არსენალისათვის" ერთ-ერთი გადამწყვეტია. ამ ფორმაციის გუნდმა უნდა დაამტკიცოს, რომ მნიშვნელოვანი ტიტულის მოგება შეუძლია. არსენ ვენგერმაც უნდა დაამტკიცოს. ბევრი მიიჩნევს, რომ ფრანგი დიდ ჯილდოებს გადაეჩვია და მხოლოდ თასების მოგებაღა შეუძლია.

იოზილისათვისაც უმნიშვნელოვანესია ეს სეზონი. მან უნდა დაამტკიცოს, რომ გუნდის ლიდერობის თავი აქვს. "არსენალში" ბევრი კარგი და რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ წინა სეზონში არ იყო ლიდერი და ამან დაღი დაასვა გუნდის აპარეზობას.

დროის გარკვეულ მონაკვეთში, როცა ალექსის სანჩესი ფორმაში იყო, ამ მძიმე ჭაპანს სწორედ ის სწევდა, მაგრამ დაშავდა ალექსისი და მან ფორმა დაკარგა. მერე ფორმის აღდგენა გაჭირდა.

ტრავმები
თანამედროვე ფეხბურთში ბევრს ვერაფერს მიაღწევ, თუ ტრავმები ძალიან ხშირად გაწუხებს. მესუთ იოზილი წინა სეზონში ამანაც დააღალატა. როგორც "არსენალის" ყველა ფეხბურთელი, ისიც ძალიან ხშირად იყო "მეთოფეთა" ლაზარეთის სტუმარი.

არავინ იცის, რა ხდება "არსენალის" სამედიცინო შტაბში. ჩვენ, უბრალოდ, ვისურვოთ, რომ იქ ფეხბურთელებს მეტად გაუფრთხილდნენ. ეს უკვე შემთხვევითობა კი არა, კანონზომიერებაა - ხშირად "მეთოფეებს" მეტი ფეხბურთელი ჰყავთ დაშავებული, ვიდრე ჯანმრთელი.

გერმანიის ნაკრები
მესუთ ოზილი გერმანიის ნაკრების ძირითადი ფეხბურთელია და ამით ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ ნამდვილად არის ნათქვამი. მესუთი იგებს ტიტულებს ბუნდესთიმთან ერთად, მაგრამ ამ ეტაპზე ის გუნდის ერთი სიმია და არა ლიდერთაგანი.

როცა გერმანიის ნაკრებზე, ამ დიდებულად დაკომპლექტებულ გუნდზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ აქ ლიდერის გამორჩევა ძალიან რთულია, თუმცა ისინი მაინც არსებობენ. იოზილს აქვს იმის პოტენციალი, რომ მათ რიგებში ჩაეწეროს.

66 მატჩი და 18 გოლი - ასეთია იოზილის სტატისტიკა გერმანიის ნაკრებში. ეს ლიდერის სტატისტიკაა, თუმცა მინდორზე ცოტა სხვანაირად ჩანს ყველაფერი. ასე იყო თუნდაც გერმანელთათვის ტრიუმფალურ მინდიალზე, როცა იოზილი, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ბრწყინავდა...

დინამიტი
და მაინც, მესუთ იოზილი არის დინამიტი, რომელიც აუცილებლად უნდა აფეთქდეს. მასში იმხელა პოტენციალი იმალება, რომ სხვანაირად, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

ჩვენ ეს მხოლოდ გაგვახარებს. თუ ასე მოხდა, ვიხილავთ უკეთეს ლონდონის "არსენალს" და კიდევ უფრო შემოქმედებით გერმანიის ნაკრებს.

მერე იქნებ ფრანგმა გაიხსენოს დავიწყებული დიდი ჯილდოების გემო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული