პრემიერლიგა. I ტური: ვან გაალის მოგება დაბადების დღეზე [VIDEO]

AutoSharing Option
8 აგვისტოს ინგლისის პრემიერლიგის I ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

ჩემპიონატი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებით გაიხსნა.

საკმაოდ მოსაწყენ თამაშში ერთადერთი გოლი გავიდა, უეინ რუნის კარში დარტყმა კაილ უოლკერმა დაასწრო და ამ ავტოგოლით ლუი ვან გაალის გუნდმა იმარჯვა - 1:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანჩესტერელთა რიგებში დებიუტი სხვებთან ერთად, ბასტიან შვაინშტაიგერსაც ჰქონდა, გერმანელი მეორე ტაიმში გამოჩნდა.

ლუი ვან გაალი (მანჩესტერი): "მძიმე მატჩი გამოდგა. ორივე გუნდი ცდილობდა პრესინგს, ამიტომ ბურთი ხეირიანად არც ერთს ჰქონდა. ძალიან მომეწონა დარმიანი, ის მეტოქის ნახევარზეც კარგად მოქმედებდა და დაცვაშიც.
რომერომ კარი მშრალად შეინახა და ერთი-ორი ბრწყინვალე "სეივიც" გვაჩვენა. მეტოქეზე დიდი ზეწოლა განვახორციელეთ და გოლიც ამიტომ გავიტანეთ. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. შვაინშტაიგერი ძალიან გამოცდილია, მას "ოლდ ტრაფორდი" ძალიან თბილად შეხვდა. დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა, თან ჩემი დაბადების დღეცაა. მოვიგეთ და მხიარულად აღნიშვნის უფლებაც მაქვს".

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "თამაშით კმაყოფილი ვარ, შედეგით - არა. არ გაგვიმართლა, პირველივე შეცდომაზე გოლით დავისაჯეთ. მაგრამ პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ. ეს მხოლოდ პირველი თამაშია, თანაც ურიგოდ არ გვითამაშია".

ინგლისის ჩემპიონმა "ჩელსიმ" საკუთარ კედლებში ვერ შეძლო "სუონსის" დამარცხება - 2:2.

თამაშის წინ ჟოზე მოურინიომ "ჩელსისთან" კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა. მართალია, ოსკარმა გახსნა ანგარიში, მაგრამ 6 წუთში თავი გამოიჩინა "სუონსის" ახალწვეულმა ანდრე აიუმ, რომელმაც დამატებაზე იყოჩაღა. 30-ე წუთზე ფედერიკო ფერნანდესმა საკუთარი კარი დალაშქრა.

ყველაფერი შეცვალა ტიბო კურტუას უკანასკნელი იმედის ჯარიმამ მეორე ტაიმის დასაწყისში, რომელსაც ბაფეტიმბი გომისის პენალტი და ბელგიელი გოლკიპერის გაძევება მოჰყვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "სანამ სრული შემადგენლობით ვთამაშობდით, "სუონსის" ერთი შანსიც არ ჰქონდა, პირველ ტაიმში "ჩელსიმ" ძალიან კარგად ითამაშა. მაგრამ ყველაფერი ერთ წუთში შეიცვალა რადიკალურად - პენალტი, გაძევება... სანამ თაბარად ვიყავით, მეტოქეს ვჯობდით, მერე კი ვერა".

გარი მონკი (სუონსი): "დიდებული 90 წუთი იყო. "სუონსიმ" სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია "ჩელსის". ბიჭებს ვთხოვე, შემტევი ფეხბურთი ეთამაშათ. ჩემი აზრით, ჩვენ ეს გამოგვივიდა. ვფიქრობ, კურტუას გაძევებასთან კითხვები არ უნდა იყოს, იმდენად აშკარა იყო ყველაფერი, გომისი გაიტანდა, რომ არა ეს ფოლი".

სხვა მატჩებიდან აღვნიშნავთ კლაუდიო რანიერის დიდებულ დებიუტს "ლესტერში", მისმა გუნდმა 4:2 მოუგო დიკ ადვოკაატის "სანდერლენდს". ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ალჟირელმა რიად ქარიმ მაჰრეზმა.

9 აგვისტოს პრემიერლიგის I ტურის კიდევ სამი თამაშია, რომელთაგანაც ლონდონურ დერბის გამოვყოფთ - "არსენალი" "ვესტ ჰემს" მასპინძლობს.

მანჩესტერი-ტოტენჰემი 1:0
გოლი: 1:0 უოლკერი (22 ს.კ.)

ბორნმუთი-ასტონ ვილა 0:1
გოლი: 0:1 გესტედე (72)

ევერტონი-უოტფორდი 2:2
გოლები: 0:1ლაიუნი (14), 1:1 ბარკლი (76), 1:2 იგალო (83), 2:2 კონე (86)

ლესტერი-სანდერლენდი 4:2
გოლები: 1:0 ვარდი (11), 2:0 მაჰრეზი (18), 3:0 მაჰრეზი (25-პენ), 3:1 დეფო (60), 4:1 ოლბრაიტონი (66), 4:2 ს. ფლეტჩერი (71)

ნორვიჩი-კრისტალ პალასი 1:3
გოლები: 0:1 ზაჰა (39), 0:2 დელეინი (49), 1:2 რედმონდი (69)1:3 კაბაი (94)

ჩელსი-სუონსი 2:2
გოლები: 1:0 ოსკარი (23), 1:1 ა. აიუ (29), 2:1 ფერნანდესი (30 ს.კ.), 2:2 გომისი (55-პენ)
გაძევება: კურტუა (52. ჩელსი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული