"მანჩესტერ სიტი": YAYA! ტურემ და კომპანი(ა)მ შთამბეჭდავად დაიწყო

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ სიტიმ" პირველი ტური შთამბეჭდავად დაასრულა. "ქალაქელებმა" დამაჯერებელი თამაში აჩვენეს და ძალიან ადვილად მოუგეს "ვესტ ბრომვიჩს", არადა, იმის გათვალისწინებით, თუ ვინ არის "ალბიონის" თავკაცი... როგორც წესი, ტონი პულისის გუნდებს ასე ადვილად ვერ უგებენ ხოლმე.

შეუდარებელი გახლდათ იაია ტურე, რომელმაც დუბლი გაიფორმა. თუმცა პირველი გოლი მან გაიტანა თუ დავიდ სილვამ, კიდევ საკითხავია, რადგან ბურთი ესპანელს შეეხო და ისე გავიდა მეტოქის კარში. მეორე კი კოტდივუარელმა ეფექტურად შეაგდო.

ზოგადად, სილვაც ისეთი მსუბუქი და მიმზიდველი გახლდათ, რომ ისიც და ტურეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას
თანაბრად იმსახურებენ. მათ რაჰიმ სტერლინგის შოუ მოიპარეს, რადგან წესით, მთავარი ფიგურა "ქალაქელების" ხმაურიანი და ძვირფასი შენაძენი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მას ჯერ დრო დასჭირდება.

"მოგებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერლიგაში ერთი ქულის დახმარებით შეიძლება ჩემპიონი გახდე ან ერთი ქულის გამო პირველობა დაკარგო. ამიტომაც ასეთი მძლავრი დასაწყისი მართლაც კარგია" - განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

"სიტის" ჩილელმა თავკაცმა იქამდე სტერლინგზე სალაპარაკოდაც მოიცალა და ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიცვა - ვერ ვიგებ, რატომ აკრიტიკებენ, მას ჩვენთან მოსვლა სურდა, ამბიციები გაუჩნდა და ცუდი არაფერი გაუკეთებიაო. პელეგრინის ეჭვი არც იმაში ეპარება, რომ 49 მილიონ გირვანქად ნაყიდი რაჰიმი ადაპტაციას წარმატებით გაივლის. "კარგი ფეხბურთელები კარგ გუნდებს სწრაფად ერგებიან" - აღნიშნა მან.

"ალბიონის" კარში მესამე გოლის ავტორი ვენსან კომპანი: "წინა სეზონში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვეძლო და საჩვენებელი ბევრი გვაქვს. შემართება არ გვაკლია, მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოტენციალი გამოვავლინოთ. რაჰიმმა ჩვენი შეტევები უფრო მრავალმხრივი გახადა და გაგვახალისა. უფრო სწრაფებიც გავხდით და ახლა კიდევ უფრო მრავალმხრივად შეგვიძლია მეტოქეების შეწუხება".

"მე და სილვა ერთმანეთს მკლავჭიდში უნდა შევეჯიბროთ და ვინც ხელს გადაწევს, პირველი გოლი იმას ჩაეთვალოს! იმედია, ჩემი მეორე გოლით ისიამოვნეთ" - დაწერა იაია ტურემ სოციალურ ქსელში.

ამასობაში, "ვესტ ბრომვიჩში" რიკი ლამბერტის დებიუტი შედგა. იგი შეტევაში საიდო ბერაჰინოსთან ერთად ვიხილეთ და პულისი სწორედ ამას ვერ პატიობს საკუთარ თავს, ზედმეტად შემტევად და რისკიანად გამომივიდაო. ახალშეძენილი სოლომონ რონდონი ჯერ გუნდის გაკარგულებაში არ გახლდათ, სამაგიეროდ, მას ალბათ მომავალი მატჩისთვის განაცხადში ვიხილავთ.

"თამაშის მერე ბიჭებს ვუთხარი, რომ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებდი. საიდო და რიკი ერთად ვათამაშე და ნახევარდაცვა ზედმეტად მოვაშიშვლე. ეს ჩემი პრინციპების და მიდგომების საწინააღმდეგო ნაბიჯი გახლდათ, მინდოდა, პოზიტიურად დამეწყო და რისკზე წავედი, მაგრამ კარგი გაკვეთილი მივიღე. სხვა დიდ გრანდებთან ასე აღარ ვითამაშებ ხოლმე, გრანდებთან მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო" - თქვა პულისმა.

სტატისტიკა
"სიტიმ" 692 პასი გააკეთა, რაც 211 გადაცემით მეტია, ვიდრე ნებისმიერი გუნდის შედეგი პირველ ტურში.
საინტერესოა, რომ ბოლო ხუთ სეზონში ასე დაემთხვა - მომავალი ჩემპიონი თავის პირველ მატჩს ორშაბათს ატარებდა ხოლმე...
იაია ტურეს "ჰოუსორნზე" გატანა უყვარს, იქ ჩატარებულ უკანასკნელ 3 თამაშში კოტდივუარელმა 5 ბურთი შეაგდო.
პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონის პირველ ტურში ყველაზე მეტი პასი დავიდ სილვამ (90) და ფერნანდინიომ (89) გააკეთეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული