პრემიერლიგა. II ტურის წინ: ახალწვეულთა სახეები და დებიუტანტთა შედარებითი დახასიათება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" გაუმართლა - მანუელ პელეგრინის გუნდი თავისთვის მშვენიერ დროს ხვდება "ჩელსის" და თანაც, მასპინძლის რანგში.

საქმე ის არის, რომ ლონდონელები არც ისე კარგ ფორმაში არიან: ისინი მოსამზადებელი პერიოდის დროსაც "კოჭლობდნენ", სუპერთასიც წააგეს "არსენალთან" და პირველ ტურში "სუონსისთან" მხოლოდ ქულა შერჩათ.

გარდა ამისა, ჟოზე მოურინიო სამწვრთნელო შტაბზე გაბრაზდა და ქალბატონი ევა კარნეირო, ალბათ, გუნდის სათადარიგოთა სკამზე აღარ იჯდება. მოკლედ, "ლურჯთა" ბანაკში გვარიანი არეულობაა და "ქალაქელებმა" ამით სარგებლობა უნდა სცადონ. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ტიბო კურტუას დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება -
"ჩელსის" აპელაცია არ დაკმაყოფილდა და ბელგიელი მეკარე ვერ ითამაშებს. ეს ასმირ ბეგოვიჩის შანსია. სხვათა შორის, ბოსნიელს ადრე "სიტისაც" უკავშირებდნენ.

"ჩელსისგან" განსხვავებით, ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო "სიტიმ". იაია ტურემ და დავიდ სილვამ იმდენად კარგად ითამაშეს, რომ რაჰიმ სტერლინგი ცოტა ვინმეს თუ გაახსენდა. ახალგაზრდა მოთამაშე "სიტის" მაისურით პირველი გამორჩეული მატჩის ჩასატარებლად ამაზე უკეთეს შესაძლებლობას ძნელად თუ ნახავს. თუ იგი მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ გაიბრწყინებს, ფანების გულის მოგება და ახალ გუნდში ადგილის დამკვიდრება ერთიორად გაუადვილდება.

საინტერესოა, რას გადაწყვეტს პელეგრინი. პირველ ტურში ძირითადში უილფრიდ ბონი გახლდათ და სერხიო აგუერო შეცვლაზე შემოვიდა. ვნახოთ, რა და ვინ იქნება ამჯერად. ზუსტად მხოლოდ ის ვიცით, რომ არ იქნება ედინ ჯეკო, რომლის სატრანსფერო საგაც, როგორც იქნა, დასრულდა და იგი ერთი წლით "რომაში" გაანათხოვრეს.

ურთიერთშეხვედრებზეც თუ ვიტყვით, ამ გუნდების უკანასკნელი ორი მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 1:1 დასრულდა. ყველა ტურნირის ჩათვლით, "ჩელსის" სამი თამაშია "სიტი" არ დაუმარცხებია (2 ფრე, 1 წაგება), ხოლო უშუალოდ პრემიერლიგაში, მანჩესტერელებს ოთხი თამაშია არ უმარჯვიათ ლონდონელებთან (2 ფრე, 2 წაგება).

* * *
სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ტოტენჰემის" მატჩმა გახსნა და მეორე ტურის პირველ შეხვედრაშიც ლუი ვან გაალის გუნდი მონაწილეობს, რომელიც "ასტონ ვილას" სტუმრობს. ტიმ შერვუდი უშიშარი ადამიანია და მეტოქის სტატუსსა და სახელს არ შეუშინდება, მაგრამ სხვა საკითხია - რამდენად აქვთ შესუსტებულ ბირმინგემელებს "იუნაიტედის" შეჩერების რეალური რესურსი.

"ვილას" რამდენიმე საინტერესო ახალწვეულიც ჰყავს, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი გუნდია. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში "ასტონ ვილას" სასტარტოში ექვსი დებიუტანტი იყო, ხოლო "მანჩესტერისაში" - ოთხი... ასე რომ, ერთმანეთს ყველაზე სახეშეცვლილი გუნდები ხვდებიან.

დიახ, საინტერესო ახალი სახეები, პირველ რიგში, "წითელ ეშმაკებს" ჰყავთ, რომლებსაც პირველ ტურში ცუდად არ უთამაშიათ, მაგრამ მათგან მეტს ველოდებით და ინტერესი დიდია. ვან გაალმა კი დაადასტურა, რომ დავიდ დე ხეა ისევ არ იქნება განაცხადში და ძირითადში, ალბათ, ისევ არგენტინელ ახალწვეულს, სერხიო რომეროს ვიხილავთ.

* * *
ლონდონის "არსენალს" გულშემატკივრებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი არადამაჯერებელი სტარტისა და "ვესტ ჰემთან" მარცხის გამო. "კრისტალ პალასთან" მატჩი პირადად არსენ ვენგერისთვისაც პრინციპულია - თუ ალან პარდიუსთან მის ძველ ურთიერთობას გავიხსენებთ.

თუმცა "მეთოფეებს", ამჯერად, მოგება იოლად არ უნდა გამოუვიდეთ, რადგან "არწივები" ძალიან კარგ ფორმაში არიან და ლაღად, თავისუფლად თამაშს აგრძელებენ, ამავდროულად, შედეგიანადაც. სხვა თემაა ის, რომ "არსენალს" "სელჰარსტ პარკზე" თამაში უყვარს და უადვილდება ხოლმე - აქაოდა, "ჰაიბერის" გვაგონებსო.

ტკბილი მოგონებები იქით იყოს და ტრავმიანობა "არსენალის" მწარე მოგონებად და უსიამოვნო ტრადიციად რჩება. თუმცა ფრანგმა სპეციალისტმა ფანები დააიმედა - ჯეკ უილშირი დაახლოებით ორ კვირაში დაგვიბრუნდებაო. სამაგიეროდ, ტომაშ როსიცკის დასჭირდება თვეები მწყობრში ჩასადგომად. ვეტერანმა ჩეხმა ნახევარმცველმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა.

* * *
"ლივერპულმა" "ბრიტანიაზე" "სტოკს" 3 ქულა მაინც გამოგლიჯა და გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერლიგის დებიუტანტს, სიმპათიურ, ფიცხ და მებრძოლ, მაგრამ გამოუცდელ "ბორნმუთს" მასპინძლობს საკუთარ "ენფილდზე", კარგი შანსი აქვს - ორი ტურის მერე ექვს ქულას მოუყაროს თავი.

თავდაჯერებაზე და კლუბში "გამარჯვებულის" მენტალიტეტის არქონასა და მისი დამკვიდრების აუცილებლობაზე ბევრი აქვს ნალაპარაკები მაურისიო პოჩეტინოს. მისი "ტოტენჰემი" "სტოკს" მასპინძლობს, რომელთანაც წინა სეზონში ორივე შეხვედრა წააგო და შურისძიება სწყურია.

"დეზებს" "ოლდ ტრაფორდზე" ცუდად ნამდვილად არ უთამაშიათ, უბრალოდ, არ გაუმართლათ. ახლა მათ ჰაერივით სჭირდებათ გამარჯვება და გეგმავენ კიდეც სამ ქულას, მაგრამ ამასთან დაკავშირებით 12 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ სერდან შაქირის დამატებით შეგულიანებულ მარკ ჰიუზს თავისი მოსაზრებები აქვს...

პირველ ტურში ძალიან შთამბეჭდავი იყო "ლესტერი", სადაც კლაუდიო რანიერიმ კარგად დაიწყო.

იტალიელის მსგავსად, საუცხოო დებიუტი გამოუვიდა სლავენ ბილიჩს. ხორვატმა პრემიერლიგაში თავისი პირველი მატჩი "ემირატებზე" გამართა და "ვესტ ჰემს" "არსენალთან" ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეაწყვეტინა. ასე რომ, ამ გუნდების ურთიერთშეხვედრა, წესით, სანახაობრივიც უნდა გამოვიდეს და პარალელურად, დაძაბულ-დრამატულიც.

უხვგოლიანობა სულაც არ არის გამორიცხული "საუთჰემპტონი"-"ევერტონისა" და "სუონსი"-"ნიუკასლის" წყვილებში. ამ კლუბების მონაწილეობით შეხვედრები წინა ტურში 2:2 დასრულდა და ყველა მათგანში საინტერესო სატრანსფერო სიახლეებიცაა, მათ შორის, "საუთჰემპტონსა" და "ევერტონში" სულ ცინცხალი ამბები - "წმინდანებმა" "ჩელსიდან" 5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ორიოლ რომეუ შეიძინეს, ხოლო "კანფეტებმა" "ბარნსლიდან" მცველი მეისონ ჰოლგეიტი დაიმატეს. არც "სანდერლენდი"-"ნორვიჩისა" და "უოტფორდი"-"ვესტ ბრომვიჩის" მატჩებს დაეწუნება რამე.

პრემიერლიგა. II ტურის წინ
14 აგვისტო
ასტ. ვილა-მანჩესტ. 22:45
დისკვალიფიკაცია: - ფელაინი
ტრავმა: ოკორე, გარდნერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 207 თამაში: +41 =38 -81 (207-295)

15 აგვისტო
საუთჰ.-ევერტონი 15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რამირესი, კლასი, ბერტრანი, გარდოში, ფორსტერი - პიენაარი, გიბსონი, მაკგიდი, ჰიბერტი
ურთიერთშეხვედრები
სულ 76 თამაში: +22 =16 -38 (86-130)

ვესტ ჰემი-ლესტერი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კეროლი, ვალენსია - ჯეიმსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 74 თამაში: +31 =17 -26 (122-113)

სუონსი-ნიუკასლი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - დამეტი, რივიერი, კაბელია, მარვო
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +5 =2 -1 (13-8)

სანდერლენ.-ნორვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხორდი გომესი - ლაფერტი, ოლსონი, მულუმბუ
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +5 =4 -9 (24-25)

ტოტენჰემი-სტოკი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: თაუნსენდი, სოლდადო - შოუკროსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 66 თამაში: +34 =15 -17 (102-70)

უოტფორდი-ვესტ ბრ. 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დოილერი, ეკსტრანდი - მაკკოლი, ფოსტერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +4 =0 -4 (16-12)

16 აგვისტო
კრ. პალასი-არსენალი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კემპბელი, სპერონი, აპია - უილშირი, როსიცკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +2 =8 -20 (24-65)

სიტი-ჩელსი 19:00
დისკვალიფიკაცია: - კურტუა
ტრავმა: კლიში, დელფი
ურთიერთშეხვედრები
სულ 132 თამაში: +40 =38 -54 (165-191)

17 აგვისტო
ლივერპ.-ბორნმუთი 23:00

დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალენი, სტარიჯი, ფლენეგანი - არტერი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული