"ლივერპული": ოფსაიდი? იყო და არა იყო რა...

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლივერპული" ორი ტურის მერე თავმომწონედ ლიდერთა მარაქაშია, მაგრამ პირველი ტურისა არ იყოს, მერსისაიდელებმა მეორეშიც მინიმალური სხვაობითა და მძიმე ბრძოლაში მოიგეს, თანაც საკამათო ვითარებაში.

საქმე ის არის, რომ "ბორნმუთმა" ანგარიშის გახსნა მოახერხა, მაგრამ ტომი ელფიკის გოლი გაუქმდა, რადგან კრეიგ პოუსონმა ჯარიმა დაინახა, არადა, "ალუბლები" მსაჯის გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ. არბიტრმა "ენფილდის" სტუმრები მაშინაც გააბრაზა, როდესაც კრისტიან ბენტეკეს გოლი არ გააუქმა. თუმცა იმ მომენტში "კოპი" და სრულიად "ენფილდი" აფეთქდა - ფანები "ასტონ ვილადან" მოსული ბელგიელის პირველ ოფიციალურ გოლს ზეიმობდნენ "ლივერპულის" მაისურით და
ამ ემოციებმა ყველაფერი გადაფარა. რაზე დავობდნენ ბორნმუთელები?

ჩაწოდების მომენტში ბენტეკე ოფსაიდში არ გახლდათ, მაგრამ იქამდე ბურთისთვის მიმართულების შეცვლას ფილიპე კოუტინიო ცდილობდა, რომელიც დანამდვილებით თამაშგარეში ბრძანდებოდა.

თანაც, ამ სეზონის წინ წესი კიდევ ერთხელ შეცვალეს და ითქვა: თუ ფეხბურთელი საკამათო სიტუაციებში რაიმენაირად გავლენას ახდენს მეკარეზე, ოფსაიდი დაფიქსირდებაო, მაგრამ აქ უფრო ლაპარაკი იყო სიტუაციებზე, როდესაც კარში პირდაპირ დარტყმა სრულდება. ასეა თუ ისე, ამ მომენტმაც გამოაჩინა, რომ წესი ჯერ კიდევ დასარეგულირებელია და საკამათო თუ გასარჩევი ისევ ბევრი იქნება.

"გამეორება ჯერ არ მინახავს, მაგრამ მთავარი ჩვენი შემართება იყო და ის, რომ მოვიგეთ. ვიცოდით და ვამბობდი კიდეც, რომ რთული მატჩი იქნებოდა. დაცვაში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით და გატანილი გოლის მერე უკეთ ავთამაშდით. კრისტიან ბენტეკე ახალ გუნდს ერგება და ჯერ ადაპტაციას გადის, მაგრამ ამის მიუხედავად, უკვე კარგად გამოიყურება. ბიჭებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ორი ტურის მერე 6 ქულა და ორჯერ მშრალად შენახული კარი... თანაც, გუნდი კიდევ გაიზრდება", - აღნიშნა ბრენდან როჯერსმა.

"ლივერპულის" სტარტი ძალიან ჰგავს ერთ-ერთი მოსისხლე მტრის, "მანჩესტერ იუნაიტედის" სტარტს - ორივე არადამაჯერებლად და მძიმედ გამოიყურება, მაგრამ ორივემ 6 ქულა დააგროვა ერთნაირი ანგარიშებით (1:0) მოგების შემდეგ.

აი, "ბორნმუთის" სტარტი კი წააგავს იმას, თუ როგორ იწყებდა წინა სეზონს "ბარნლი" - სიმპათიური გუნდი, რომელიც თამამად თამაშობს, აქტიურობს, მომენტებს ქმნის... მაგრამ ვერ იგებს. თუ როგორ დაამთავრა "ბარნლიმ", ესეც გვახსოვს და ამიტომ "ალუბლებმა" აუცილებლად, დროულად უნდა დაიწყონ ქულების დაგროვება. ისინი პირველ ტურშიც მინიმუმ ქულას იმსახურებდნენ ბენტეკეს ყოფილ გუნდთან, "ასტონ ვილასთან", მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს და ბირმინგემელებს 3 ქულა გაატანეს.

"ძალიან რთულია, კარგი თამაშის მერე მარცხს შეეგუო, მაგრამ რა გაეწყობა, შეცდომებზე ვსწავლობთ. პირველ ორ ტურში კარგი გაკვეთილები მივიღეთ და წარმატებასთან ახლოს ვიყავით. მთავარია, ხასიათი ჩამოგვიყალიბდეს, ასეთივე შემართებით გავაგრძელოთ და ზრდა განვაგრძოთ. მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მათ პირადად გავესაუბრე. ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი. რამდენიმე შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, თუმცა პოზიტივის დანახვაც შეიძლება - ვიცით, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, ქულები და გოლები მოვა. ბიჭებს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ და ეს უნდა შევინარჩუნოთ", - აღნიშნა "ბორნმუთის" მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰოუიმ.

"მორიგი სამი ქულა აქტივში", - სიხარულით დაწერა სოციალურ ქსელში დანიელ სტარიჯმა, რომლის დაბრუნებასაც "ლივერპულის" ბანაკში სულმოუთქმელად ელოდებიან.

მომავალი მატჩი კი ორივე გუნდს ძალიან მძიმე აქვს. "ლივერპულს" სეზონში პირველი სერიოზული გამოცდა ექნება ჩასაბარებელი "ემირატებზე" "არსენალთან". ხოლო "ბორნმუთი" ასევე დედაქალაქს ეწვევა და სწორედ "მეთოფეების" მძლეველ "ვესტ ჰემთან" შეეცდება პრემიერლიგაში პირველი ქულის ან ქულების მოპოვებას.

ახალი წესი
პრემიერლიგაში "პასიურ თამაშგარესთან" დაკავშირებით ამოქმედებული ახალი წესის თანახმად, ოფსაიდი უნდა დაფიქსირდეს: 1. თუ ფეხბურთელი აქტიურად და აშკარად ცდილობს ბურთზე თამაშს და გავლენას ახდენს მეტოქეზე; 2. თავისი მოქმედებით აშკარა გავლენას ახდენს მოწინააღმდეგეზე და მის მცდელობაზე ბურთზე თამაშის კუთხით.

ამ ლოგიკით, თამაშგარე უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ, მეორე მხრივ, წესები ისევ ძალიან ზოგადი და ბუნდოვანია. მაგალითად, "ვესტ ბრომვიჩის" მთავარი მწვრთნელის, ტონი პულისის თქმის არ იყოს, ეს წყალს კიდევ უფრო აამღვრევს და გაუგებრობები მოიმატებს. ვინ იცის, მართლაც ასე მოხდეს.

"როგორც ვთქვი, მსაჯებსა და მათ ქმედებებზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა ფაქტია, ორმა ეპიზოდმა მატჩზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია და ასეთ გადაწყვეტილებებთან ვერაფერს გახდები. ოფსაიდის ახალი წესის მიხედვით, ეს აშკარა თამაშგარე გახლდათ. ჩვენს მეკარეზე, რასაკვირველია, გავლენა იქონია თამაშგარეში მყოფი ფეხბურთელის მოქმედებამ და ძალიან გამიკვირდა, რომ გოლი ჩაითვალა. ეს გახლდათ სამაგალითო ეპიზოდი ზუსტად ამ ახალი წესისთვის, რომლითაც არბიტრებს უნდა ეხელმძღვანელათ", - მაინც ვერ მოითმინა ჰოუიმ.

"ოფსაიდის წესი ისევ შეიცვალა. მაგალითად, მწვრთნელების შეკრებაზე საუბარი იმაზე იყო, რომ უპირატესობა შემტევ გუნდს უნდა მინიჭებოდა, ხოლო ახლა სხვა სახის ინტერპრეტაცია მივიღეთ. ასე რომ, ყველასთვის რთულია გარკვევა. გამეორება არ მინახავს, მაგრამ ეს გოლი იყო", - ამბობდა როჯერსი.

"ეს "კოპია", ამიტომ ოფსაიდი არ იყო!!!" - ალან შირერის იუმორნარევი სტატუსი სოციალურ ქსელში.
"ლესტერის" მეკარე კასპერ შმეიხელი: "გოლკიპერის პოზიციიდან გეტყვით, რომ ასეთ სიტუაციაში მეკარეზე დიდ გავლენას ახდენს თითოეული ფეხბურთელი, რომელიც ეპიზოდში მონაწილეობს".

ბენტეკე
როჯერსის თქმის არ იყოს, ბენტეკე ჯერ ადაპტაციას გადის და სრულ პოტენციალს ვერ ავლენს. ამბობენ, ბელგიელი "ლივერპულის" და მისი მთავარი მწვრთნელის სათამაშო სტილში ვერ ზისო, მაგრამ რაიმე გეგმა და სურვილი რომ არ ყოფილიყო, ბენტეკეს 32,5 მილიონ ფუნტად არც იყიდდნენ.

არიან ისეთებიც, ვინც კრისტიანისგან ბევრს ელიან და მერსისაიდელებს არჩევანს უწონებენ. გარდა გოლისა, ბენტეკეს კიდევ ერთი კარგი შანსი ჰქონდა და ხარიხას გაარტყა. მან, ზოგადად, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. არც არის გასაკვირი, რომ იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გარი ლინეკერი: "ზოგიერთებისგან განსხვავებით, ვფიქრობ, ბენტეკე "ლივერპულისთვის" ძალიან ბევრ გოლს გაიტანს და დაამტკიცებს, რომ შესანიშნავი შენაძენია".

ბელგიელ ფორვარდს, რომელიც "ასტონ ვილამ" 2012 წელს "გენკიდან" 7 მილიონ ფუნტად იყიდა, 101 მატჩში 49 გოლი ჰქონდა გატანილი. შესაბამისად, ეს მისი საიუბილეო 50-ე ბურთი იყო ინგლისში. უშუალოდ პრემიერლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 13 შეხვედრაში 12 გოლი აქვს შეგდებული.

სტატისტიკა
პრემიერლიგაში "ლივერპულსა" და "ბორნმუთს" ერთმანეთთან 7 მატჩი აქვთ ჩატარებული - 5 მოგება მერსისაიდელებს და 2 ფრე.

"ლივერპულში" მისი დებიუტიდან დღემდე, "ალუბლებთან" მატჩში გაკეთებული საგოლე გადაცემა 22-ე გახლდათ ჯორდან ჰენდერსონისთვის და ამ პერიოდში მასზე მეტჯერ თანაგუნდელებს ასისტენტობა მხოლოდ სტივენ ჯერარდმა გაუწია (25-ჯერ).

წინა სეზონის დაწყებიდან დღემდე, ჰენდერსონს უკვე 10 საგოლე პასი დაუგროვდა, რაც პრემიერლიგის ინგლისელ მოთამაშეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

პრემიერლიგის ისტორიაში მეექვსედ მოხდა ისე, რომ "ლივერპულმა" პირველი ორი ტურის მატჩი მოიგო.

ახლა მერსისაიდელებს ზედიზედ ოთხი ორშაბათის შეხვედრა აქვთ მოგებული.

2015 წელს, სიმონ მინოლემ პრემიერლიგაში ყველაზე მეტჯერ შეინახა კარი მშრალად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული