ლუი ვან გაალის რეცეპტი - როგორ მივიღო მაქსიმუმი მინიმუმით

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველ ორ ტურში მეტოქეთა კარში ზუსტად მხოლოდ სამჯერ დაარტყა და მიუხედავად ამისა, ექვსი ქულით იწონებს თავს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ "ტოტენჰემთან" შეხვედრაში "წითელმა ეშმაკებმა" კაილ უოკერის ავტოგოლით მოიგეს, ხოლო "ასტონ ვილასთან" ბურთი კირან კლარკს მოხვდა და ისე შევიდა ბრედ გუზანის კარში.

თუმცა ეს ვერ აკნინებს მანჩესტერელთა კომბინაციის სილამაზესა და ეფექტურობას - ხუან მატამ მემფის დეპაისთან გაათამაშა, შემდეგ კი ესპანელმა დახვეწილად უპასა ადნან იანუზაის, რომელმაც მონდომებულ მიკა რიჩარდსს ისეთი ფინტი გაუკეთა, რომ უკან, ფლორენციაში გაუშვა... და შემდეგ
დაარტყა. აღსანიშნავია, რომ მატას პრემიერლიგაში გამართულ ბოლო 20 შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა აქვს და ორივე ბირმინგემელებთან შეხვედრაში.

დიახ, იანუზაი ძირითადში გახლდათ - შემადგენლობაში ექსასტონვილელი ეშლი იანგის ნაცვლად მოხვდა, რაც ცოტა მოულოდნელი იყო. იანგი მატჩის მიწურულს შევიდა და ბირმინგემელი ფანების ობსტრუქციის ატანა ცოტა ხნით მოუხდა.

ადნანს კი ცუდად არ უთამაშია, მონდომება ეტყობოდა, რადგან იცის, რომ გუნდმა შეიძლება გაუშვას (თუნდაც იჯარის წესით), არადა, "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა სურს. შესაძლოა, ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ 1169-წუთიანი პაუზის შემდეგ გოლი გაიტანა და ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო. თუმცა არა ვან გაალისთვის...

"იანუზაი კარგად გამოიყურებოდა და მიხარია მისი წარმატება. მშვენიერი ბურთიც გაიტანა, მაგრამ გოლი საკმარისი არ არის - ადნანმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს მინდორზე. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ ღიაა, ვნახოთ, რა მოხდება ", - აღნიშნა მომთხოვნმა ჰოლანდიელმა.

უეინ რუნი თითქოს სისტემიდან და სქემიდან ამოვარდნილი იყო. "ასტონ ვილა" "შრეკის" საყვარელი გუნდია პრემიერლიგაში - ბირმინგემელების წინააღმდეგ ყველაზე მეტი - 13 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ უკვე მეშვიდე მატჩია, ვეღარ გააქვს და მის თამაშს პირველ ტურშიც აკლდა სიმწვავე. რუნიმ, ჯერჯერობით, ვერც ფეხი და ვერც თავი ვერ გახსნა... პირობა კი დადო - თუ ცენტრფორვარდად სტაბილურად მათამაშებენ, 20 და მეტ გოლს გავიტანო, მაგრამ ჯერ პირველის გატანასაც ვერ ახერხებს.

სამაგიეროდ, მშვენივრად გაისარჯა კრის სმოლინგი. მან მეორე შეხვედრაშიც სოლიდური შთაბეჭდილება დატოვა და ერთ-ერთი მთავარი "დამნაშავეა" იმაში, რომ "მანჩესტერს" ჯერ გოლი არ გაუშვია. კრისი ზედიზედ მეორედ "გაიქაჩა" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსზე.

ახალწვეულებს რაც შეეხებათ, ცხადია, "ოლდ ტრაფორდზე" თამაში მათთვის უფრო ადვილი იყო, ხოლო "ვილა პარკზე" შედარებით შებოჭილები იყვნენ. თუმცა გაფუჭებით არც ერთს არაფერი გაუფუჭებია. სერხიო რომერო კვლავ დამაჯერებლად იდგა კარში. მატეო დარმიანიც ისე თამაშობდა, თითქოს ძირძველი მანჩესტერელი იყოს, თუმცა, შეტევებში ჩართვის მხრივ, იმდენად ენერგიულ-პროდუქტიული არ იყო, რამდენადაც პირველ შეხვედრაში. მორგან შნეიდერლენიც თავდაჯერებულად დააბიჯებდა ნახევარდაცვის ცენტრში და მოგვიანებით, მას ბასტიან შვაინშტაიგერი შეუამხანაგდა.

აი, დეპაი კი პირველ ტაიმში უფრო აქტიურობდა, მაგრამ მერე დაიკარგა და ჯამში, ბევრი არაფერი გამოსვლია. არადა, ერთი კარგი შანსი ჰქონდა და შეეძლო, თავისი სადებიუტო ბურთი შეეგდო, მაგრამ ააცილა.

მთლიანობაში, "იუნაიტედის" თამაშით ვერც პირველ შეხვედრაში აღფრთოვანდებოდი კაცი და ვერც მეორეში, მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ გუნდს ექვსი ქულა დაუგროვდა. ვან გაალი მუდმივად კარგ სტარტსა და მის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა და ფაქტია - შედეგის მხრივ, რაც სურდა, მიიღო. მისი გუნდი არც ერთ კონკურენტს არ ჩამორჩება და ზოგს უსწრებს კიდეც, მაგალითად, მოქმედ ჩემპიონ "ჩელსის" - უკვე ხუთი ქულით სულ რაღაც ორ ტურში.

"ჩემი აზრით, უფრო უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე პირველ ტურში. თანაც, ეს საგარეო შეხვედრა იყო და ძალიან ბედნიერი ვარ მოგებით. პირველ 20 წუთში უკეთ გამოვიყურებოდით, ბურთი გვეჭირა და ფანტასტიკური გოლიც გავიტანეთ. ამის შემდეგ ცოტა ავნერვიულდით, მაგრამ მთლიანობაში მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით და ერთზე მეტი უნდა გაგვეტანა", - ასეთია ვან გაალის მოსაზრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული