მეკარე
ასმირ ბეგოვიჩი (ჩელსი)
იშვიათია, სიმბოლურ ნაკრებში ის მეკარე ხვდებოდეს, რომელმაც 3 გოლი გაუშვა, თანაც ისეთ პრინციპულ შეხვედრაში, როგორიც "სიტი"-"ჩელსი" იყო. თუმცა ის, რომ "ქალაქელებმა" უფრო დიდი სხვაობით არ მოიგეს და უფრო ადრე არ გადაწყვიტეს მატჩის ბედი, პირადად ბოსნიელის დამსახურებაა.ასმირ ბეგოვიჩი (ჩელსი)
დისკვალიფიცირებული ტიბო კურტუას ნაცვლად
"ლურჯებმა" ულაპარაკოდ წააგეს - 0:3, მაგრამ ბეგოვიჩს ვერაფერში დავადანაშაულებთ და ჟოზე მოურინიო საბოლოოდ დარწმუნდებოდა, რომ შეუძლია, ასმირის იმედი ჰქონდეს.
მცველები
სტივენ უიტეკერი (ნორვიჩი)
"სანდერლენდი", თითქოს, იმაზე ცუდად ვეღარ ითამაშებდა, როგორც პირველ ტურში - "ლესტერთან", მაგრამ დიკ ადვოკაატის ბიჭები "ნორვიჩთან" კიდევ უფრო უსუსურები იყვნენ. თუმცა ყველაფერს "შავი კატების" უნიათობას ნუ დავაბრალებთ, ეს "იადონელთა" კარგი თამაშის დამსახურებაც იყო და მათ რიგებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული - უიტეკერი გახლდათ. შოტლანდიელი შესანიშნავად დანავარდობდა ფლანგზე და, საერთოდ, ყველგან იყო. მოკლედ, სტივმა დიდებული მატჩი ჩაატარა.სტივენ უიტეკერი (ნორვიჩი)
ვენსან კომპანი (სიტი)
"სიტის" კაპიტანი ძალიან შემართულია. კომპანი და კომპანია შთამბეჭდავად იწყებენ და ის გაბრაზება და შიმშილი ეტყობათ, რომელიც წინა სეზონის წარუმატებლობისგან დაგროვდა. ბელგიელმა უკვე 2 გოლი გაიტანა და პირველ ორ შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო. ამბობდა კიდეც, ბევრად მეტი შეგვიძლია და ეს ამ სეზონში უნდა ვაჩვენოთო. ჯერჯერობით, აჩვენებენ...დეილი ბლინდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
იმაში, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ორივე შეხვედრაში კარის "მშრალად" შენახვა მოახერხა, მთავარი "დამნაშავეები" უკანახაზელები არიან. პირველ ტურში კრის სმოლინგი გახლდათ ძალიან კარგი და მან არც მეორეში შეირცხვინა თავი. მატეო დარმიანიც მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ არ გამოგვრჩეს დეილი ბლინდი.ლუი ვან გაალი თავის თანამემამულეს იქ აყენებს, სადაც სჭირდება ხოლმე და ბლინდიც საიმედოდ გამოიყურება. ექსაიაქსელი "ასტონ ვილას" წინააღმდეგ შეხვედრაში უაღრესად პროდუქტიული იყო და სიმბოლურშიც დაიმსახურა ადგილი. ვან გაალმა კი ამპლუით ცენტრალური მცველი უნდა შეიძინოს, რომ სმოლინგს შეუწყვილოს და ბლინდსაც მეტი თავისუფლება ჰქონდეს.
ნაჩო მონრეალი (არსენალი)
"სელჰარსტ პარკზე" თამაში ადვილი როდია, თან მას მერე, რაც "არწივები" ალან პარდიუმ ჩაიბარა და მათ რიგებში ფლანგებზე ისეთი მოუსვენარი მოთამაშეები ბურთაობენ, როგორებიც იანიკ ბოლაზი და უილფრიდ ზაჰა არიან.ნაჩო მონრეალი ორივე მათგანს ბრწყინვალედ გაუმკლავდა და შეტევისთვისაც იცლიდა. ორივეს იმიტომ, რომ "არწივების" მოიერიშეები პერიოდულად ფლანგებს ცვლიდნენ. ესპანელმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ "მეთოფეებმა" სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
ნახევარმცველები
მესუთ იოზილი (არსენალი)
ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით ისეთი ნიჭით დაჯილდოებულ ფეხბურთელს, როგორიც მესუთ იოზილია. მას ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. სხვა საქმეა, რომ ეს ყოველთვის არ გამოსდის და ბოლოს უფრო პრობლემური პერიოდიც ჰქონდა - "არსენალში" თავისი ტექნიკური არსენალის სრულად წარმოჩენას ვერ ახდენდა...მესუთ იოზილი (არსენალი)
...მაგრამ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ მან შესაშურად იბურთავა და თუ ასე გააგრძელებს, არსენ ვენგერის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იქნება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.
სანტი კასორლა (არსენალი)
მობილურმა, სხარტმა და ტექნიკურმა სანტი კასორლამ "არწივები" ააწიოკა. ესპანელზე მეტი შანსი გასულ უიქენდზე მხოლოდ მისმა თანაკლუბელმა და ჩვენ მიერ უკვე ხსენებულმა იოზილმა შექმნა - 5. სანტი კი ამ მხრივ მას მხოლოდ ერთით ჩამორჩა.კასორლას მრავალმხრივობა და ტალანტი ლონდონელებს ასევე უნდა დაეხმაროს მაღალი მიზნების მიღწევაში. ფრანგი სპეციალისტიც კასორლას აქტიურად გამოყენებას აპირებს.
როს ბარკლი (ევერტონი)
წინა სეზონის შემხედვარე, თუ "ევერტონის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ასე კარგად დაიწყებდა ახალ კამპანიას, ძნელი სავარაუდო იყო. "კანფეტებმა" დამაჯერებლად დაამარცხეს "საუთჰემპტონი", თანაც - გასვლაზე და ეს მათი პირველი გამარჯვება იყო "სენტ მერიზე" 2002 წლის მერე.ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი ფანების კერპი - ბარკლი იყო. ცხადია, მასზე დადებითად იმოქმედა და თავდაჯერება შემატა პირველ ტურში გატანილმა ლამაზმა გოლმა და აგერ, მეორე ტურშიც, კარგი თამაში გოლით დააგვირგვინა.
თავდამსხმელები
ჯეფერსონ მონტერო (სუონსი)
პირველ ტურში ეკვადორელმა ბრანისლავ ივანოვიჩი აცვა ჯვარს, მეორეში კი დერილ იანმაატის ჯერი დადგა. შეუჩერებელმა მონტერომ, თავისი მოუსვენრობითა და ფინტებით, ჰოლანდიელი ისე გააბრუა და გამოიყვანა წყობიდან, პირველი ტაიმის მიწურულს აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში დაარღვევინა თამაშის წესი. იანმაატმა ნერვები ვეღარ მოთოკა და ვერ გაიაზრა, რომ ამის გამო გააძევებდნენ...ჯეფერსონ მონტერო (სუონსი)
მონტერო ამ სეზონში, ალბათ, კიდევ ბევრს გაამწარებს, ისევე, როგორც მთლიანად მისი გუნდი. "თეთრი გედები" ძალიან კარგად გამოიყურებიან.
ჯეიმი ვარდი (ლესტერი)
როი ჰოჯსონმა ჯეიმი ვარდის აქამდეც დაადგა თვალი, ახლა კი, უბრალოდ, ვერ დატოვებს უყურადღებოდ ამ ფეხბურთელის შემართულ და, რაც მთავარია, შედეგიან თამაშს. ვარდი "სანდერლენდთანაც" კარგი იყო და "ბოლეინ გრაუნდზეც" დაანთო ცეცხლი "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში. მისი მწვავე გადაცემები, ზომიერად აგრესიული თამაში და დაუღალავი მუშაობა "მელიებისთვის" მორიგი 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა.მართალია, რიად მაჰრეზმა ისევ გაიტანა და უკვე 3 გოლი დაუგროვდა (მარკ ოლბრაიტონს 2 შეხვედრაში 3 საგოლე გადაცემა აქვს), მაგრამ პირველ რიგში მაინც ვარდია გამოსარჩევი, იმდენად აქტიური და პროდუქტიული იყო მოედანზე.
რომელუ ლუკაკუ (ევერტონი)
ბელგიელი ისევ ძველებურად ათამაშდა. სეზონის პირველ შეხვედრაში ის საგოლე კომბინაციებში მონაწილეობით დაკმაყოფილდა, "საუთჰემპტონთან" კი ორი მშვენიერი ბურთი შეაგდო და "ევერტონის" ქომაგები ძალიან გაახარა. მათ ესმით, რომ ლუკაკუს კარგი თამაში - გუნდის კარგ თამაშსა და შედეგებს ნიშნავს.რომელუ კი, ისე ჩანს, ძალიან კარგ ფორმაშია. მთავარია, რობერტო მარტინესმა ის შეინარჩუნოს, თორემ მსურველები ნიჭიერ ფორვარდს კვლავ არ ეშვებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"