საით, საიდო? - ბერაჰინო "ტოტენჰემში" კეინს უნდა დაეხმაროს

AutoSharing Option
"ტოტენჰემმა" უკვე ორჯერ მიიღო უარი "ვესტ ბრომვიჩისგან" საიდო ბერაჰინოს ტრანსფერის თაობაზე. მხარეები ფასზე ვერ თანხმდებიან, თორემ თავად ფეხბურთელიც წასვლაზე ფიქრობს და კარგ ფასად არც "ალბიონი" დააკავებს მას.

"დეზები" მესამე წინადადებას ამზადებენ, რომლის მიხედვითაც, ისინი 23 მილიონ გირვანქას გადაიხდიან, რასაც მომავალში ბონუსებიც დაემატება. ვნახოთ, მოხიბლავს თუ არა ეს წინადადება "ვესტ ბრომვიჩს", რომელსაც სულ ცოტა, 25 მილიონით სურს ხელის მოთბობა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ წინა ტურის შეხვედრაში "ჩელსის" წინააღმდეგ, ტონი პულისმა ბერაჰინო საერთოდ განაცხადში არ შეიყვანა - სანამ მის მომავალთან დაკავშირებით ყველაფერი არ
გაირკვევა, მირჩევნია, არ ითამაშოსო. სათქმელია ისიც, რომ აღებული თანხით, "ალბიონი" შეეცდება "ქუინზ პარკ რეინჯერსიდან" ჩარლი ოსტინი წაიყვანოს, რომელსაც დიდი ხანია, უტრიალებს. 26 წლის თავდამსხმელი გოლების გატანას ისევ აქტიურად აგრძელებს და ჩემპიონშიპის ბომბარდირთა დავას უკვე სათავეში ჩაუდგა.

"ტოტენჰემს" თუ დავუბრუნდებით, ბრიტანული-გერმანული ჟურნალ-გაზეთების მიხედვით, გამორიცხული სულაც არ არის, რომ "ლევერკუზენის" კორეელი ლეგიონერი სონი "უაით ჰართ ლეინზე" გადაბარგდეს. მისი სავარაუდო ფასი 30 მილიონი ევროა.

ერიკ ლამელას კი, რომელმაც თავისი ადგილი ვერაფრით იპოვა და პრემიერლიგაში საკუთარი დიდი პოტენციალის გამოვლენას ვერ ახერხებს, ისევ სერია A-სკენ უჭირავს თვალი. არგენტინელის მამამ, ხოსემ დაადასტურა, რომ მისი ვაჟი "ინტერთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.

გავიხსენოთ უკვე წასული რობერტო სოლდადოც... და მოკლედ, გასაკვირი არ არის, რომ მაურისიო პოჩეტინოს თავდასხმის გაძლიერება სურს და შემტევების ძიებაშია. ფრონტის ხაზზე ეულად გაშვებულ ჰარი კეინს დახმარება სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული