თუმცა, სტივ მაკლარენის ბიჭებს საკუთარი პუბლიკის მხარდაჭერა გარანტირებული ექნება, "სენტ ჯეიმს პარკზე" ქომაგობა იციან და თანაც "კაჭკაჭები" "წითელ ეშმაკებთან" აღებული ქულით არიან გამხნევებულნი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "ნიუკასლისა" და "არსენალის" ხსენებაზე "ის" 4:4 გვახსენდება მუდამ და მოლოდინი ამ დაპირისპირებისგან დიდი გვაქვს.
"არსენალი" წინა ტურში "ლივერპულს" დაუზავდა, ხოლო ამის წინა საშინაო მატჩი "ვესტ ჰემთან" მარცხით დასრულდა. ასე რომ, არსენ ვენგერმა საკუთარ კედლებში არადამაჯერებელი თამაშის კომპენსირება საგარეო
უკვე "ლივერპულიც" ვახსენეთ და "ვესტ ჰემიც". ისინი "ენფილდზე" ხვდებიან ერთმანეთს და ბრენდან როჯერსს დიდი სურვილი აქვს, რომ კარგად დაწყებული საქმე ასევე გააგრძელოს. "ლივერპულს" ჯერ არ წაუგია და გოლიც კი არ გაუშვია. აი, "ჩაქუჩები" კი უცნაურად იწყებენ, "ემირატებზე" "არსენალს" მოუგეს, მაგრამ მერე ზედიზედ ორი საშინაო მარცხი იგემეს.
სლავენ ბილიჩი მიხვდა, რომ ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. "ვესტ ჰემმა" ბოლო ორ შხვედრაში 6 გოლი გაუშვა და ეს საგანგაშო უნდა იყოს ხორვატი სპეციალისტისთვის. "ბორნმუთთან" წაგებული 3:4-ისას "ჩაქუჩების" უკანახაზელებმა კოშმარული მატჩი ჩაატარეს - კრისუელი მეტოქეს პირველი გოლის გატანაში დაეხმარა, ახალწვეული ოგბონა ისეთი დაბნეული გახლდათ 35-ე წუთზე შეცვალეს, კლარკმა ჰეთ თრიკის ავტორ კალუმ უილსონს მეორე გაატანინა, ჯენკინსონმა კი წითელი ბარათი და პენალტი ერთად აიკიდა... როჯერსმა მეტოქის დაცვის ქაოსურობითა და ხარვეზებით სარგებლობა უნდა სცადოს.
ნახსენები უილსონი, ახლა "ლესტერის" კარში შეეცდება გოლის გატანას, "ალუბლები" "მელიებს" მასპინძლობენ. თუმცა ლესტერშირელებს ისეთი შთამბეჭდავი სტარტი აქვთ და გუნდის შემტევები ისე გამოიყურებიან, "ბორნმუთი" უილსონით მათ ვერ შეაშინებს. კლაუდიო რანიერის რიად მაჰრეზი ჰყავს, ვინც სულაც 3 მატჩში გატანილი 4 ბურთით ბომბარდირთა დავას ლიდერობს, "ლესტერი" კი 7 ქულით იწონებს თავს.
არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც 2-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ის ბაფეტიმბი გომისია. ფრანგი, "თეთრი გედების" ახალწვეულ ანდრე აიუსთან ერთად, ამჯერად "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" შეეცდება პრობლემების შექმნას. გარი მონკმა წინა სეზონში "ოლდ ტრაფორზეც" მოიგო და "ლიბერთი სთედიუმზეც". მან იცის, რომ "მანჩესტერი" ძალიან შემართული იქნება, ვენდეტას წყურვილითა და განწყობით, მაგრამ უელსელებს არ ეშინიათ.
"მანჩესტერი" კი შესანიშნავ ხასიათზეა, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დაუბრუნდა და წილისყრამაც გაუღიმა. "ბრიუგესთან" უეინ რუნიმ ნანატრი გოლები გაიტანა, "შრეკი" ჰეთ თრიკით გამოირჩა და ვან გაალის ბიჭებმა ზოგადად ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს. თუმცა, ახლა მთავარია, პრემიერლიგაში, რას იზამენ, სადაც ჯერჯერობით, ვერც დეპაი ბრწინავს და ვერც რუნი.
"მტკიცე ხასიათი, რომ არ მქონდეს ამ კრიტიკასა და აურზაურს შეიძლება ჩემზე უარყოფითად ემოქმედა, მაგრამ მე ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებდი და მშვიდად ვაგრძელებდი და ვაგრძელებ მუშაობას. ვიცოდი, რომ გოლები ადრე თუ გვიან, იქნებოდა, შეიძლება 3-4 ან 5-6 მატჩი გავიდეს, მაგრამ უნდა დაიცადო და მUუშაობა გააგრძელო. ვიცოდი, რომ როდესაც შანსს მივიღებდი, მას გამოვიყენებდი და ასეც მოხდა" - განაცხადა გახარებულმა რუნიმ.
კარგი, გემრიელი, პრემიერლიგური ჯახი "უაით ჰართ ლეინზე" გვექნება. ჯერაც მოუგებელი "ტოტენჰემი" მთელი შემართებით შეებმება "ევერტონს", რომელიც ჩემპიონატის სტარტზე ცუდად სულაც არ გამოიყურება.
ის ვინც ყველაზე კარგად გამოიყურება ანუ "მანჩესტერ სიტი", "უოტფროდს" მასპინძლობს. პრემიერლიგაში დაბრუნებულმა უოტფორდელებმა სამივე შეხვედრა ფრედ დაასრულეს და აქედან ბოლო ორი - 0:0. თუმცა, სავარაუდოდ, ისინი პირველ მარცხსაც იგემებენ და გოლებსაც გაუშვებენ. მანუელ პელეგრინის "ქალაქელები" შესაშურად გამოიყურებიან, ბევრს იტანენ და საერთოდ არ უშვებენ.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ახლა კიკე სანჩეს ფლორესმა "სიტის" შეჩერება შეძლოს.
მძიმედ დაწყების შემდეგ, "საუთჰემპტონს" "სენტ მერიზე" "ნორვიჩთან" შეხვედრაში 3 ქულა ძალიან მოუხდებოდა, მაგრამ "იადონებს" მებრძოლი და სიმპათიური გუნდი ჰყავთ, ადვილად არაფერს დათმობენ. "ასტონ ვილა"-"სანდერლენდი" და "სტოკი"-"ვესტ ბროვიჩი" კი ისეთი წყვილებია სეზონის მეორე ნახევარი რომ იყოს, "ექვსქულიან მატჩებს" დავარქმევდით, ხსენებულ გუნდებს ძალიან სჭირდებათ გაამრჯვება და ქულები.
მოქმედი ჩემპიონი "ჩელსი" კი ბოლოსთვის შემოვინახეთ.. ჟოზე მოურინიოს გუნდი "ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან" ურთულესი მატჩისა და წვალებით მოპოვებული სამი ქულის შემდეგ, "კრისტალ პალასს" დაუხვდება. ადვილი შეხვედრა ჟოზე მოურინიოს არც ამჯერად ელოდება. ალან პარდიუს ბიჭები მშვენივრად გამოიყურებიან და ამ წუთას "ჩელსიზე" მეტი ქულა აქვთ, მაგრამ იქნება ასე ამ მატჩის შემდეგაც?
საიდო არ იყიდება
"ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" ლონდონის "ტოტენჰემისთვის" ცუდი ამბავი აქვს - კლუბის განცხადებით საიდო ბერაჰინო არ იყიდება. ასე რომ, აზრი არ აქვს "დეზები" 23 მილიონს შესთავაზებენ "ვესტ ბრომს" თუ უფრო მეტს, "ალბიონს" ბურუნდული ფესვების მქონე ინგლისელის გაშვება არ სურს, ტონი პულისს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა არ სურს და მას ისევ მნიშვნელოვან და აუცილებელ ფიგურად მიიჩნევს. თუმცა არის სხვა მოსაზრებაც - ამით "ვესტ ბრომვიჩი" ცდილობს, შეაშინოს "ტოტენჰემი" და ლონდონელებს სერიოზული, სარფიანი შეთავაზება გააკეთებინოს.
პრემიერლიგა. IV ტური
შაბათი. 29 აგვისტო
ნიუკასლი-არსენალი 15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სისოკო, დამეტი, რივიერი, მარვო - როსიცკი, უილშირი, უელბეკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 152 თამაში: +58 =34 -60 (206-216)
ჩელსი-კრ. პალასი 18:00
დისკვალიფიკაცია: ტერი -
ტრავმა: მოზესი, ოსკარი - ფ. კემპბელი, აპია
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +14 =9 -3 (46-22)
ბორნმუთი-ლესტერი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაკდონალდი, ატსუ - ჯეიმსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0 =0 -0 (0-0)
ასტონ ვილა-სანდერლენდი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხოსე კრესპო, კარლეს ხილი, გარდნერი, ოკორე - ქაბული, ხორდი გომესი, ჯონსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 158 თამაში: +67 =41 -50 (254-234)
სიტი-უოტფორდი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფერნარდო, საბალეტა - დოილი, ეკსტრანდი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +1 =3 -4 (6-10)
სტოკი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უოლტერსი, შოუკროსი, ოდემვინგი - ფოსტერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 94 თამაში: +39 =23 -32 (139-129)
ლივერპული-ვესტ ჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: - ჯენკინსონი, ადრიანი
ტრავმა: ჰენდერსონი, ალენი, სტარიჯი, ფლენეგანი - ოქსფორდი, სარატე, კეროლი, ვალენსია
ურთიერთშეხვედრები
სულ 106 თამაში: +21 =27 -58 (97-180)
ტოტენჰემი-ევერტონი20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: თაუნსენდი - პიენაარი, ჰიბერტი, ბეინსი, გიბსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 154 თამაში: +57 =49 -48 (233-201)
კვირა. 30 აგვისტო
საუთჰემპტონი-ნორვიჩი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რამირესი, კლასი, გარდოში, ფორსტერი, ბერტრანი - ლაფერტი, მულუმბუ
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +13 =13 -14 (58-53)
სუონსი-მანჩესტერი19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ჯეიმსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3 =2 -7 (10-17)
ბომბარდირები: 4 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 3 - ბაფეტიმბი გომისი (სუონსი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"