მომავალი ვარსკვლავი - ანტონი მარსიალი

AutoSharing Option
კვირას, 30 აგვისტოს, "მონაკოს" 19 წლის ფეხბურთელმა ანტონი მარსიალმა (და არა მარტიალი - ასე უფრო სწორია ფრანგის გვარის გამოთქმა) ვერც ერთხელ ვერ დაარტყა "პარი სენ-ჟერმენის" (0:3) კარის მიმართულებით და მთელი მატჩის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ნორმალური პასი შეასრულა.

24 საათის შემდეგ "მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა განაცხადა:

"მართალია თუ არა ინფორმაცია 80 მილიონად მარსიალის "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერის შესახებ? მართალია, იმის გათვალისწინებით, რომ ეს თანხა შეიცავს ბონუსებს".

სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს "მანჩესტერმა" "მონაკოს" 50 მილიონი ევრო გადაუხადა, არადა, 2013 წლიდან მოყოლებული, ანტონის ყველა
ტურნირზე 11 გოლი აქვს გატანილი. საკითხავია - ახალი ვარსკვლავი შეიძინეს თუ ეს არის ლუი ვან გაალის მორიგი გიჟური გამოხდომა?

ვინ არის ანტონი მარსიალი?
შესაძლოა, ვიღაცას პირველად ესმის ამ ფეხბურთელის გვარი და არც კი იცის, რა პოზიციაზე თამაშობს ის. ანტონი 19 წლის ფორვარდია და მიეკუთვნება 1993-95 წლებში დაბადებული ფრანგი მოთამაშეების ახალ ნიჭიერ თაობას. ვარანი, ზუმა, ფეკირი, რაბიო, პოგბა და ლაპორტი მარსიალის პარტნიორები იყვნენ იუნიორთა ნაკრებში, ახლა კი, დიდი ალბათობით, გაისად, ევროპის საშინაო ჩემპიონატზე შეუერთდება მათ.

საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ მარსიალმა საშემოდგომო მატჩებზე დიდიე დეშამისგან ეროვნულ გუნდში პირველი გამოძახება მიიღო. იმის გათვალისწინებით, რომ დეშამს შეტევაში ბენზემა, გრიზმანი და ჟირუ ჰყავს, ეროვნულ ნაკრებში მიწვევა - ნამდვილი კომპლიმენტია.

მარსიალი - დიადი ბომბარდირი
ოღონდ ჯერ მხოლოდ ბავშვებში. ორი წლის წინ, მშობლიური "ლიონის" 17-წლამდელთა გუნდში თამაშისას, ანტონიმ 21 მატჩში 32 გოლი გაიტანა. ასეთი შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ მარსიალი ძირითად გუნდში გადაიყვანეს, მაგრამ იქ მხოლოდ სამ მატჩში გამოჩნდა მოედანზე.

მიუხედავად ამისა, "მონაკომ" დაუჯერებელი თანხა - 5 მილიონი ევრო შესთავაზა "ლიონს" ფეხბურთელში, რომელსაც ლიგა 1-ში მხოლოდ 50 წუთი ჰქონდა ნათამაშები. "ლიონის" პრეზიდენტი იძულებული იყო, დათანხმებოდა, რადგან გუნდს ბიუჯეტში დეფიციტი ჰქონდა.

მარსიალი - ახალი ტიერი ანრი
ეს შედარება პრესაში "ლიონის" ახალგაზრდულში ბრწყინვალე დებიუტამდე ერთი წლით ადრე გაჩნდა და მოგვიანებით, დიდი პოპულარობაც მოიპოვა: მარსიალს უყვარს ფლანგებზე გადასვლა და მეტოქის დაცვის გარღვევა სოლო-რეიდებით, კარგი შორეული დარტყმა გააჩნია და აღნაგობითაც ჰგავს ლეგენდარულ თანამემამულეს. მაგრამ იქამდე, სანამ იუნიორის სანაცვლოდ მილიონიანი შეთავაზებები არ წამოვიდა, ეს შედარება აღარავის ახსოვდა.

თავად მარსიალი მოკრძალებულია: "სიმართლე გითხრათ, გასაოცარი იქნება, თუ იმდენივე ტიტულს მოვიგებ, რამდენიც ანრის ჰქონდა".

თუმცა ანტონის მისაბაძ მაგალითად სხვა ფეხბურთელები ჰყავს: "ვცდილობდი, მესწავლა ფალკაოსგან და მანუ რივიერისგან, რომელიც ბრწყინვალედ მოძრაობს და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. უნდა ვიმუშაო მინდორზე გადაადგილებასა და შეტევების დასრულებაზე. და როცა ამ ბიჭებს ასეთი სიხშირით ვაკვირდები, ბევრს ვსწავლობ".

მარსიალი - "ლივერპულის" გულშემატკივარი?
"ტვიტერიდან" ვიგებთ, რომ ანტონის ძალიან უყვარს FIFA 15-ის თამაში. მაგრამ ის საკუთარ გუნდად არ ირჩევს არც "მონაკოს" და არც "მანჩესტერ იუნაიტედს", არამედ "ლივერპულს".

სხვათა შორის, თავად მარსიალი FIFA 15-ის რეიტინგში მხოლოდ სამოცდამეცხრეა.

მარსიალი - ნამდვილი მებრძოლი
"მონაკოში" ანტონი კლაუდიო რანიერიმ დააწინაურა. მისი წასვლისა და ლეონარდო ჟარდიმის მოსვლის შემდეგ ფორვარდის საქმეები უკან წავიდა. მარსიალი ძირითადიდან ამოვარდა და მატჩების ბოლოს 15-20 წუთით შედიოდა შეცვლებზე. სეზონის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, სასტარტში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა. მაგრამ ზამთარში მისი სათამაშო დრო გაიზარდა და ახალი წლიდან ანტონი ისევ ძირითადი მოთამაშე გახდა. თუმცა რეგულარულად გოლების გატანა მარტიდან დაიწყო.

ძირითადში ადგილის დაბრუნება იმ მწვრთნელის ხელში, რომელიც ფეხბურთელს სასტარტოში ვერ ხედავს, თავდამსხმელის ბრძოლის ჟინსა და მტკიცე ხასიათზე მეტყველებს. ასევე დიდი როლი ითამაშა ბერბატოვის ასაკმა და ჩემპიონთა ლიგის მარათონულმა სეზონმა: ბულგარელს სირბილი არასოდეს უყვარდა, ასაკთან ერთად კი საერთოდ დაავიწყდა, რას ნიშნავს ეს.

ევროთასებზე თამაში კი მოძრავ და მობილურ შეტევით ხაზს მოითხოვდა. ასე რომ, გამოცდილება და ნელი ტემპი შეერწყა ახალგაზრდობასა და სისწრაფეს. შესაძლოა, იგივე სურს ლუი ვან გაალსაც და ქმნის ახალ დუეტს - რუნი-მარსიალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მარსიალს კი ხედავ სადაცაა, მაგრამ ის ქართველები სად არიან?
სახელი
08:13 03-09-2015
0
ის არ დაწეროთ 2013 წელს ევროპის ჩემპიონატზე 19 წლამდელებში საქართვლოს რომ ეთამაშნენ ფრანგები როგორ გაგუდეს ეგ მარსიალი ქართველმა მცველებმა ...
ტატო
15:51 02-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული