არავის ვუყვარვარ, მაგრამ ეს ჩემთვის სულერთია - უდის თუ არა სუნი დიეგო კოშტას გოლებს?

AutoSharing Option
ლონდონურმა დერბიმ, რომელიც "ჩელსიმ" 2:0 მოუგო "არსენალს", დიდი მასალა დატოვა განსჯისათვის.

მთავარი დიეგო კოშტას ფაქტორია. ბევრი მიიჩნევს, რომ ის ზოოპარკში უნდა იყოს, ან ფსიქიატრიულში უნდა იწვეს. ყველაზე ლმობიერნი მიიჩნევენ, რომ კოშტა მინიმუმ 10-12 მატჩით უნდა იყოს დისკვალიფიცირებული.

ინგლისში უყვართ საფეხბურთო აგრესია, თუმცა არ უყვართ ის "ქამარსქვემოთა" დარტყმები, რომლებსაც კოშტა აყენებს მოწინააღმდეგეებს. მსაჯები ამას ხშირად ვერ ამჩნევენ. ლუის სუარესი აგრესიულიც იყო, მეტოქეებს კბენდა და უტყამდს, თუმცა ამას იგი ღიად აკეთებდა და ისჯებოდა კიდეც ამის გამო.

დიეგო კოშტას კარიერა ია-ვარდით როდია მოფენილი.
მან საკმაო ხანი გაატარა პორტუგალიისა და ესპანეთის მეორე დივიზიონებში. ბრაზილიელ-ესპანელს ძველ დონეზე დაბრუნება აღარ უნდა. ამისთვის მან ტიტულები უნდა მოიგოს, სულ "მზის ქვეშ" უნდა იტრიალოს.

მეორე: ამ მიზნების მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებულია. კოშტამ ბევრი ითამაშა მეორე დივიზიონებში. იქ დიდი ბრძოლაა. არ არის ასობით კამერა და ათეულ ათასობით გულშემატკივარი. იქ თუ არ იბრძოლე, უბრალოდ, ჩაიძირები. სიტყვა "ფეარ პლეი" იქ უბრალო სამშვენისია და მეტი არაფერი. მის პრინციპებს არავინ იცავს. კოშტას ეს ძვალ-რბილში გაუჯდა.

"მე არავის ვუყვარვარ, მაგრამ ეს ჩემთვის სულერთია", - ასეთია კოშტას ლოგიკა და და ეს ლოგიკა იდეალურად ჯდება ჟოზე მოურინიოს საფეხბურთო კრედოში. ჟოზე სწორედ ასეთია. ის შედეგისათვის ყველაფერზეა წამსვლელი. ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთმანეთს იდეალურად მოუხდნენ.

სხვას, რას უნდა ელოდო ადამიანისაგან, რომელმაც უარყო მშობლიური ბრაზილიის ნაკრები და აირჩია ესპანეთი. ამის შემდეგ ის გახდა ყველაზე საძულველი საფეხბურთო პერსონაჟი ფეხბურთზე გადარეულ ქვეყანაში.

რა არის კოშტას მთავარი "აკრძალული იარაღი" მინდორზე? მის არსენალში არის ზურგსუკან ჩარტყმები, სარმები, სიტყვიერი თუ სათამაშო პროვოკაციები. კოშტა იშვიათად იღებს მეტოქეებისგან პასუხს, თუმცა მაინც იღებს. თუნდაც, "სევილიას" არგენტინელ მცველ ფასიოსთან დაკავშირებული ეპიზოდი გავიხსენოთ.

მის პროვოკაციებს უკვე მიეჩვია ბევრი, თუმცა ლონდონურ დერბიში ამას ალღო ვერ აუღო მცველმა გაბრიელმა. ის მსხვერპლი აღმოჩნდა. გაბრიელმა დაიცვა თანაგუნდელი კოშელნი, თუმცა მან სამჯერ მიიღო კოშტასაგან და მინდვრის დატოვებაც ნაადრევად მოუხდა.

არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრაში თუ ვინმე იმსახურებდა წითელ ბარათს ამ შეხვედრაში, ეს, უპირველეს ყოვლისა, კოშტა იყო. ფრანგის თქმით, ის მსაჯს სამჯერ უნდა მიებრძანებინა მინდვრიდან, თუმცა მოხდა სულ სხვა, საწინააღმდეგო რამ.


ყველაზე მეტად გულშემატკივრებს კოშტას თამაშში მისი სიმულაცია აგიჟებთ. კოშტა არასდროს ერიდება ბრძოლას. ის მაქსიმალური აგრესიით იბრძვის მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანში და როცა აქედან ბევრი არაფერი გამოდის, მიიღებს თუ არა ბურთს, ეგრევე სიმულაციას მიმართავს.

მსაჯებმა უკვე შეისწავლეს ბრაზილიელ-ესპანელის მეთოდები, თუმცა ხშირად მათ ავიწყდებათ ყველაფერი და პირველი შთაბეჭდილებების ქვეშ ექცევიან. ეს ფაქტორი კოშტას სასარგებლოდ მოქმედებს.

თანამედროვე ფეხბურთში მიზნისაკენ სავალი ყველა გზა გამართლებულია, მაგრამ კოშტა ხშირად აჭარბებს. მის წინააღმდეგ არაერთმა მწვრთნელმა გაილაშქრა. მათ შორის ბოლო არსენ ვენგერი იყო. ვენგერს უყვარს ფეხბურთი, როგორც თამაში და არა როგორც გლადიატორთა ასპარეზი.

"არ მესმის, რატომ მიიღო არბიტრმა ასეთი გადაწყვეტილება. კოშტა სამჯერ იმსახურებდა მინდვრიდან გაძევებას და ეს ფაქტია. ჩვენ კი ეს შეხვედრა 9 ფეხბურთელით დავასრულეთ", - განაცხადა ვენგერმა ლონდონური დერბის დასრულების შემდეგ.

"ჩელსის" კოშმარული პრემიერლიგური სტარტის შემდეგ ძალიან სჭირდებოდა პრინციპული მეტოქის დამარცხება. მათ მიზანს მიაღწიეს, თუმცა სალაპარაკო და გასარჩევი ბევრი დარჩა. მათ შორის მთავარი - კოშტას თემა.

ახლა მხოლოდ კამათი თუ შეიძლება იმაზე, უდის თუ არა სუნი დიეგო კოშტას მიერ გატანილ გოლებს, მაგრამ ამ კამათში აშკარად სოლიდური არგუმენტი იქნება ის, რომ ყველა გზა, რაც შედეგისაკენ მიდის, გამართლებული ვერაფრით იქნება.

ფეხბურთს ახსოვს გარინჩა. ახსოვს დი კანიო და ბოლოს და ბოლოს, ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი შემომქმედი, არსენ ვენგერიც ახსოვს. ამ დროს კოშტას პერსონა უფერულდება. კოშტა არ არის რაინდი და რაინდობას ყველას ვერ მოსთხოვ, თუმცა ბევრის აზრით, არც ასეთი მოქცევა შეიძლება.

კოშტას კი ასეთები სულაც არ ანაღვლებს - მიდის და მიერეკება. არავინ დავობს იმაზე, რომ კოშტა მაღალი დონის ფეხბურთელია, თუმცა არის ფეხბურთში ისეთი რამეები, რაც არ უნდა იკადრო.

კოშტა კადრულობს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რომ ამ კადრების წინააღმდეგი არც მოურინიოა. მეტიც - ჟოზე ზუსტად ისეთივე მეთოდებით იბრძვის სამწვრთნელო ასპარეზზე, როგორც კოშტა - მინდორზე.

დიეგო ძლიერი პიროვნებაა. ამას წყალი არ გაუვა. განა, ბევრს შეუძლია, ბრაზილია უარყოს? კოშტამ ეს ჩაიდინა. ამის შემდეგ მისთვის რთული არაფერია.

დიეგოს მის მიერ გატანილი გოლების სუნი არ აწუხებს. ჩვენ?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული