პრემიერლიგა. VIII ტურის წინ: ვენგერისა და ვან გაალის დუელი

AutoSharing Option
"ლივერპულს" მძიმე კალენდარი აქვს, ევროპალიგით გადატვირთული და ის სიტუაციაც არ არის მსუბუქი, რომელშიც ახლა გუნდია. "ევერტონი" "ენფილდის" ბინადრებზე წინ არის სატურნირო ცხრილში და ეს "ლივერპულის" ფანებისთვის ყოვლად აუტანელი და მიუღებელი ამბავია...

როჯერსის ბეწვის ხიდი
ბრენდან როჯერსი ისედაც წნეხის ქვეშაა, პრესი და პრესა კი ინგლისში, იცოცხლე, ისეთია... ჩრდილოირლანდიელს შესაძლოა, კოშმარებში იურგენ კლოპი ესიზმრება, რომელსაც "ლივერპულს" აქტიურად უკავშირებენ და ახლა როჯერსმა ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს - მოუგებს "ევერტონს" "გუდისონ პარკზე" და მოიგებს ფანების გულებს, ჩააცხრობს მათ უკმაყოფილებას და დროებით გააჩერებს კრიტიკოსებს.

თუ დამარცხდება,
ამით ძალიან გაირთულებს ცხოვრებას თავისთვისაც და გაურთულებს გუნდსაც. ფრე ნეიტრალური და შუალედური ვარიანტი იქნება, მაგრამ იდეალურისგან შორს მყოფი და უფრო ნეგატიურისკენ გადახრილი. ამიტომ მისტერ ბრენდანმა უნდა გადაწყვიტოს, გარისკოს, შეუტიოს და მოგებაზე ითამაშოს თუ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს.

"ლივერპულის" სასარგებლოდაა ის ფაქტი, რომ ევერტონელებს ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლიათ, მაგრამ, როგორც ხედავთ, ამის მიუხედავად, რობერტო მარინესის კლუბი მშვენივრად გამოიყურება. დასანანია, რომ, ალბათ, ვერ შედგება ბელგიელი ფორვარდების დუელი, რადგან კრისტიან ბენტეკე დაშავებულია და სავარაუდოდ, ექიმები სასწაულს ვერ მოახდენენ.

ტრავმა აქვს რობერტო ფირმინოსაც და ჯორდან ჰენდერსონის დაბრუნებაც გაჯანჯლდა. სამაგიეროდ, დანიელ სტარიჯი დაბრუნდა და ჯანზეა, მშვენივრად გამოიყურება დენი ინგსიც, ხოლო ფილიპე კოუტინიოს შეჩერება "კანფეტებს" გაუჭირდებათ. თავის მხრივ, მარტინესი ლუკაკუს გარდა, როს ბარკლის, სტივენ ნეისმიტის, არუნა კონეს და სხვების იმედზე იქნება. გუნდი ფორმაშია.

გემრიელი დღე
კვირადღე პრემიერლიგაში ძალიან "გემრიელია": "კანფეტების" "ლივერპულთან" ჭიდილის მერე ამ ტურნირის კლასიკური ჯახი გველოდება - "არსენალი"-"მანჩესტერი". ჩემპიონატში "არსენალმა" წინ კი წამოიწია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე საშინლად გამოდის და ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება.

ხოლო წინ წაწევა როგორ უნდა, ამით "მეთოფეები" "მანჩესტერ იუნაიტედს" ვერ გააოცებენ, რადგან ლუი ვან გაალის გუნდი გასულ ტურში პირველ ადგილზე გადავიდა. მოკლედ, არსენ ვენგერმა მიმდინარე სეზონი სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო, როდესაც სუპერთასი მოუგო "ჩელსის" და ჟოზე მოურინიო პირველად დაამარცხა, მაგრამ არასასიამოვნო მულოდნელობაც ბევრი გახლდათ.

გულშემატკივრები "მანჩესტერთან" წაგებას უმტკივნეულოდ ვერ შეხვდებიან და ეს სატურნირო მდგომარეობაზეც მწარედ აისახება - "არსენალი" ოთხეულში კი შეძვრა, მაგრამ მე-9 ადგილთან (ანუ "ლივერპულთან") სხვაობა სულ 2 ქულაა.

რაც შეეხება "იუნაიტედს", ვინ იცის, ეს ვან გაალისა და მისი გუნდისთვის გარდამტეხი მომენტი იყოს. მართალია, მხოლოდ მე-8 ტურია, მაგრამ თუ ახლა "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებმა მოიგეს და სანაკრებო პაუზას პირველ ადგილზე შეხვდნენ, ეს დიდი წამახალისებელი იქნება და გუნდს საჭირო თავდაჯერებას შემატებს, თანაც წინ "ევერტონთან" საგარეო შეხვედრა და "სიტისთან" დერბია.

თუ ვენგერის შემადგენლობასა და სათამაშო სტილთან დაკავშირებით გარკვეული პროგნოზების გამოთქმა შეიძლება და შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ, როგორი შემადგენლობითა და ტაქტიკით ითამაშებს ფრანგი, ძალიან ძნელია, რამე ივარაუდო ვან გაალის მხარეს.

"ბრაზიანი ლუი" ისედაც სულ რაღაცას იგონებს და ექსპერიმენტებს ატარებს და მით უმეტეს, ასეთ დროს და ასეთ მატჩში ჰოლანდიელს საფიქრალიც ბევრი აქვს და სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რადგან ოპტიმალურ ვარიანტს მან ჯერ კიდევ ვერ მიაგნო.

საინტერესოა, რომ მათი ბოლო 4 ურთიერთშეხვედრიდან წყვილში მასპინძელს არცერთხელ მოუგია - გუნდებმა თითო საგარეო მოგება გაცვალეს და ორჯერ ზავი დადეს. იქამდე კი, 2007 წლიდან წინა სეზონამდე, "წითელ ეშმაკებს" ურთიერდაპირისპირებებში დიდი უპირატესობა ჰქონდათ.

სხვა მატჩები
ამ ორი დიდი მატჩის მერე ყველა შეხვედრა ჩრდილში ექცევა, მაგრამ სინამდვილეში კვირადღის მესამე თამაშიც ძალიან საინტერესოა - "ლიბერთი სთედიუმზე" "სუონსი", რომელმაც ბრწყინვალე სტარტის მერე ცოტა მოუკლო, "ტოტენჰემს" მასპინძლობს, რომელმაც, პირიქით, მოუმატა და ისე მოუმატა, რომ წინა ტურში "სიტი" გაანადგურა - 4:1.

"ქალაქელების" ხსენებაზე ის ვთქვათ, რომ ისინი ჯერაც მოუგებელ "ნიუკასლს" მაპინძლობენ და მანუელ პელეგრინიმ აუცილებლად 3 ქულა უნდა აიღოს. სტივ მაკლარენის დარად, გამარჯვების გარეშე მყოფი დიკ ადვოკაატი საკუთარ "ლაითზე" "ვესტ ჰემის" ძლევას შეეცდება, მაგრამ "ჩაქუჩები" გასვლაზე ყველას უგებენ და რაღა "სანდერლენდთან" უნდა დამარცხდნენ.

"სტოკმა" წინა ტურში პირველად იმარჯვა და "ასტონ ვილას" გადაასწრო, რითაც ბირმინგემელები გასავარდნ ზონაში ჩაუშვა. ახლა ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან და მატჩის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტია. საინტერესოა, როგორ გააგრძელებს თამაშს "ლესტერი", რომელმაც წინა ტურში პირველი მარცხი იგემა და სკეპტიკოსები ამ გუნდისგან ცხრილში რადიკალურ ვარდნას ელიან.

ტურს "კრისტალ პალასისა" და "ვესტ ბრომვიჩის" შეხვედრა გახსნის. დაძაბულ ბრძოლას ველით, ტონი პულისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიყვანს თავის "ალბიონს". მთავარმეგოლის, კალუმ უილსონის გარეშე დიდი ხნით დარჩენილი "ბორნმუთი" კი "უოტფორდს" მასპინძლობს. იდეაში, ესეც "ექვსქულიანი მატჩია", რადგან ამ გუნდების მთავარი მიზანი ადგილის შენარჩუნებაა, ისინი ჩემპიონშიპიდან ერთად ამოვიდნენ.

ლონდონის "ჩელსიმ" კი, კიდევ უფრო რომ არ ჩამორჩეს, "საუთჰემპტონს" უნდა მოუგოს. თანაც, "პორტუსთან" წაგების შემდეგ. არადა, "წმინდანებმა" მოუმატეს და რონალდ კუმანის ბიჭები, ალბათ, სერიოზულ ბრძოლას გააჩაღებენ.

შაბათი. 3 ოქტომბერი
კრ. პალასი-ვესტ ბრომვიჩი 15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვიქჰემი, შამახი, უორდი, აპია - ფოსტერი
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +4 =5 -9 (23-27)

ნორვიჩი-ლესტერი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰუპერი, მულუმბუ - დაიერი, ჯეიმსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +10 =4 -6 (29-25)

სიტი-ნიუკასლი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მანგალა, ბონი, იჰეანაჩო, დავიდ სილვა, კომპანი, კლიში, დელფი - აარონსი, სისე, აიდარა, დერლოუ, ტეილორი, ტიოტე, დამეტი, რივიერი
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 +2 =0 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 138 თამაში: +53 =33 -52 (197-187)

ასტონ ვილა-სტოკი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აგბონლაჰორი, ხოსე კრესპო, გარდნერი, ოკორე - შოუკროსი
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 98 თამაში: +46 =24 -28 (172-115)

ბორნმუთი-უოტფორდი 18:00
დისკვალიფიკაცია: - ბეჰრამი
ტრავმა: ელფიკი, არტერი, გრადელი, უილსონი, მინგსი - დოილი, ეკსტრანდი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0 =0 -0 (0-0)

სანდერლენდი-ვესტ ჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდუელი, უოტმორი, მეტიუზი - ოგბონა, ვალენსია, სონგი
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 66 თამაში: +24 =19 -23 (96-93)

ჩელსი-საუთჰემპტონი 20:30
დისკვალიფიკაცია: დიეგო კოშტა -
ტრავმა: კურტუა - კოლკერი, კლასი, გარდოში, ფორსტერი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 64 თამაში: +28 =18 -18 (102-82)

კვირა. 4 ოქტომბერი
ევერტონი-ლივერპული 16:30
დისკვალიფიკაცია: მირალასი -
ტრავმა: სტოუნსი, ბეშიჩი, კოულმენი, ჰიბერტი, პიენაარი, კლევერლი, ბეინსი - ლოვრენი, ბენტეკე, ფირმინო, ფლენეგანი, ჰენდერსონი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 192 თამაში: +57 =62 -73 (224-264)

სუონსი-ტოტენჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - მეისონი, დემბელე, პრიტჩარდი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +3 =3 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +2 =1 -9 (12-20)

არსენალი-მანჩესტერი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არტეტა, ფლამინი, როსიცკი, უილშირი, უელბეკი - როხო, მაკნეირი, შოუ
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 221 თამაში: +79 =49 -93 (310-338)

ბომბარდირები: 6 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 5 - რიად მაჰრეზი (ლესტერი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული