დავკარგეთ ბრენდან როჯერსი, რომელსაც "ევერტონთან" ვერმოგებული დერბი პოსტის დაკარგვად დაუჯდა. ისევ დამარცხდა ჟოზე მოურინიო, არსენ ვენგერმა ლუი ვან გაალი გაანადგურა, კვლავაც გაიტანა ჯეიმი ვარდიმ, ჰარი კეინმა მოახეხა და ავტოგოლი შემოგვთავაზა და ასე შემდეგ.
გამორჩეული ფეხბურთელები
ბრაზილიელი მეკარე ეურელიო გომესი "ტოტენჰემშიც" მშვენიერი გახლდათ. მას დიდებული რეაქცია აქვს, მაგრამ რამდენიმე სულელურმა უოტფორდელები რომ ცოტას უშვებენ და იშვიათად აგებენ, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა. სხვათა შორის, გომესს იმ მეკარეებს შორის, რომლებსაც პრემიერლიგაში 20 და მეტი პენალტი დაურტყეს, დევიდ სიმენის (32%) მერე, მოგერიებული თერთმეტმეტრიანების პროცენტული მაჩვენებელი საუკეთესო აქვს - 29%.
დიეგო კოშტასგან პროვოცირებული გაბრიელ პაულისტა "მანჩესტერის" წინააღმდეგ მშვიდი და დამაჯერებელი იყო. "არსენალის" ბრაზილიელმა მცველმა 8-ჯერ განმუხტა დაძაბულობა, 3 ვარდნა შემოგვთავაზა და 2 ბურთი ჩაჭრა. მან ანტონი მარსიალს გასაქანი არ მისცა. ვენგერისთვის კიდევ ერთი მცველის სტაბილურად კარგად ათამაშება უაღრესად მნიშვნელოვანია.
"საუთჰემპტონმა" იმ მატჩების 50% მოიგო, რომელშიც ვირჯილ ვან დეიკმა ითამაშა. როდესაც ჰოლანდიელი უკანახაზელი არ იყო, "წმინდანებმა" იმ შეხვედრების მხოლოდ 25%-ში იმარჯვეს. ვან დეიკი "ჩელსისთან" ბრწყინვალე გახლდათ და უშუალო მოვალეობის შესრულების გარდა, წესით, პენალტიც მოიპოვა, როდესაც ბრანისლავ ივანოვიჩმა მას მაისურა შემოახია, მაგრამ არბიტრმა ამ მომენტზე თვალი დახუჭა, ისევე, როგორც სადიო მანეს წაქცევაზე.
ჯეფრი შლუპს შეტევისკენ კი გაურბის თვალი და "ნორვიჩს" გამარჯვების გოლიც გაუტანა, მაგრამ მას უფრო მცველად ათამაშებენ, რის გამოც არც ისე შედეგიანია. სამაგიეროდ, ძალიან ბევრს შრომობს და სასარგებლოა. გამონაკლისი არც "იადონებთან" შეხვედრა გახლდათ. შლუპმა ბოლო 34 პრემიერლიგურ შეხვედრაში 3 ბურთი შეაგდო და სამივე საგარეო შეხვედრაში.
სტუმრად თამაში უადვილდება მარკო არნაუტოვიჩსაც. ინგლისის ჩემპიონატში მის აქტივში 7 გოლია და აქედან 5 საგარეოა. ავსტრიელმა "სტოკს" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა "ასტონ ვილასთან" დუელში. მარკოს რომ ცოტა რთული ხასიათი არ ჰქონდეს და სტაბილური გახლდეთ, პირველ რიგში, პირადად მის და მერე "სტოკის" ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.
მხოლოდ "ნიუკასლი"-"სიტისი" კი არა, ალბათ, მთელი ტურის მთავარი კაცი სერხიო აგუერო გახლავთ, მაგრამ ამან მაინც ვერ დაჩრდილა კევინ დე ბრუინის პროდუქტიულობა და კარგი თამაში. გარდა ულამაზესი მაკრატელასი, მან მშვენიერი პასები არიგა. 2014-15 წლების სეზონის დაწყებიდან დღემდე, ბელგიელს 22 საგოლე გადაცემა აქვს, რაც წამყვან 5 ევროპულ ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.
"სუონსისთან" შეხვედრაში ჰარი კეინიც კი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ იყო, მაგრამ აქამდელ ტურებში პასიურმა კრისტიან ერიკსენმა თავი შეგვახსენა და ორი ლამაზი ჯარიმა შეაგდო, რითაც "დეზებს" ქულა ჩაუჯიბა. დანიელის დებიუტი პრემიერლიგაში 2013 წლის სექტემბერში შედგა. მას მერე ინგლისის ჩემპიონატში ერიკსენზე მეტი გოლი საჯარიმო დარტყმიდან არავის გაუტანია, კრისტიანის შედეგი 6 ჯარიმიდან გატანილი გოლია.
ალექსის სანჩესს ბოლო ორ პრემიერლიგურ შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი, არადა, წინა 21-ში მხოლოდ 4 ჰქონდა. ჩილელმა ისევ გამოიღვიძა, რაც "მეთოფეებისთვის" უაღრესად საჭირო და დროული რამ არის.
"მანჩესტერთან" დამაჯერებელი გამარჯვება სწორედ მან და მესუთ იოზილმა განაპირობეს.
ჯერმეინ დეფოს, დიმიტარ ბერბატოვის, ალან შირერისა და ენდი კოულის შემდეგ სერხიო აგუერო გახდა მე-5 ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში ერთ მატჩში 5-ჯერ გაიტანა. მას ეს 23 წუთსა და 34 წამში შეძლო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
სამაგიეროდ, დეფო რჩება ერთადერთად, ვინც 5 ბურთი ერთ ტაიმში შეაგდო. მანუელ პელეგრინის პრაგმატულობა რომ არ გამოეჩინა და თავი არ დაეზღვია, კუნი აუცილებლად კიდევ გაიტანდა, მაგრამ ჩილელმა ის უილფრიდ ბონით ჩაანაცვლა.
გრაციანო პელემ პრემიერლიგაში მე-17 გოლი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ მე-3 სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში. გრაციანო საოცრად სასარგებლო და გრაციოზული იყო. იტალიელმა ორი საგოლე პასიც გააკეთა, რაც ერთ მატჩში აქამდე ვერ მოეხერხებინა.
კვლავ შეუჩერებელია პელეს თანაკლუბელი მანე. სენეგალელმა თავის უკანასკნელ 5 შეხვედრაში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა - 2 თავად გაიტანა, 4-იც თავისიანებს გაატანინა.
ჯეიმი ვარდიმ კი პენალტით, მაგრამ მთავარია, კიდევ შეაგდო, მიჯრით მე-5 ტურში. დაბოლოს, გამორჩევა არც ვიქტორ მოზესსა და რომელუ ლუკაკუს აწყენდათ, რომლებმაც მშვენივრად იბურთავეს.
სტატისტიკა და საინტერესო ფაქტები
* "კრისტალ პალასმა" "ვესტ ბრომვიჩს" პირველ ტაიმში 13-ჯერ დაურტყა. "არწივებს" 2013 წლის მერე (როდესაც პრემიერლიგაში დაბრუნდნენ) მეტოქეთა კარში პირველ ნახევარში ამდენჯერ არ დაურტყამთ.* იანიკ ბოლაზიმ "სელჰარსტ პარკზე" 1005-დღიანი მშრალი სერიის მერე პირველად გაიტანა.
* ამ სეზონში "პალასის" მონაწილეობით 18 გოლი გავიდა, აქედან 15 მეორე ტაიმში...
* "არწივებს" 15 ქულა აქვთ და ოთხეულში არიან. ბოლოს მე-8 ტურის შემდეგ, ამაზე მეტი ქულა (16) "პალასს" 1990-91 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.
* "მანჩესტერ სიტის" და "კრისტალ პალასს" ჯერ ფრედ არ უთამაშიათ, ხოლო "ნიუკასლი" და "სანდერლენდი" კვლავაც მოგების გარეშე არიან. წაგებების გრაფაში კი ყველა გუნდს გამქრალი აქვს 0.
* "ასტონ ვილას" "სტოკთან" პრემიერლიგაში 8 საშინაო შეხვედრა აქვს ჩატარებული და მხოლოდ 1 მოგებული.
* "ვილამ" უკანასკნელი 7 თამაშიდან ოდენ ქულა აიღო და ბოლო 4 მატჩი ერთბურთიანი სხვაობით წააგო, რაც რეკორდის გამეორებაა.
* ტიმ შერვუდს მოგებების პროცენტული მაჩვენებელი გაუფუჭდა. ახლა მას პრემიერლიგაში 19 მოგება და ამდენივე წაგება აქვს.
* "სტოკმა" ზედიზედ ორჯერ იმარჯვა, არადა, იქამდელ 11 შეხვედრაში ამდენივე მოგება ჰქონდა.
* გლენ მარეიმ პენალტი კი გააცუდა, მაგრამ 2015 წელს ჩატარებულ 21 შეხვედრაში 8 გოლი მაინც უგროვდება. იქამდე უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 16 შეხვედრაში კი ოდენ ერთხელ გაეტანა.
* "ბორნმუთთან" მატჩში "უოტფორდმა" პირველად გაუშვა პირველ ტაიმში მიმდინარე ჩემპიონატში.
* ოდიონ იგალო შედეგიანად თამაშს აგრძელებს. მას ბოლო 26 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი, რაც პირველ 4 დივიზიონში საუკეთესო მაჩვენებელია.
* "ბორნმუთისა" და "უოტფორდის" ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ უკანასკნელ 4 შეხვედრაში "ალუბლების" სასარგებლოდ 5 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მაგრამ მათ მხოლოდ 2 გამოიყენეს.
* წინა სეზონის დაწყებიდან აქამდე, ბორნმუთელთა სასარგებლოდ 18 პენალტი დაინიშნა, რაც ოთხით მეტია უახლოეს მდევარზე ინგლისის პირველ 4 დივიზიონში.
* უშუალოდ მიმდინარე სეზონში კი ყველაზე მეტი პენალტი ჯერჯერობით "ლესტერს" არგუნეს - 4.
* აპრილიდან მოყოლებული, "ლესტერმა" პრემიერლიგაში 11 გამარჯვება მოიპოვა. მხოლოდ "სიტის" აქვს მეტი - 12.
* "ნორვიჩმა" "მელიებს" 17-ჯერ დაურტყა, მაგრამ ზუსტად ოდენ 2-ჯერ.
* "სანდერლენდის" მოუგებელი სერია გრძელდება. დიკ ადვოკაატს 17 მატჩში სულ რაღაც 15 ქულა აქვს მოხვეჭილი. "შავმა კატებმა" "ვესტ ჰემს" უკანასკნელი 7 დუელიდან მარტოოდენ 1 მოუგეს.
* ლიგა 1-სა და პრემიერლიგის გაერთიანებით, დიმიტრი პაიემ ბოლო 16 თამაშში 14 გოლი შექმნა - 5 გაიტანა, 9-ჯერ თანაგუნდელებს უპასა.
* "სანდერლენდი" წითელ ბარათს საშუალოდ ყოველ 852 წუთში ერთხელ იღებს. პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ 2 გუნდს აქვს უარესი შედეგი - "ბლექბერნს" (842) და "ჰალს" (720).
* "შავმა კატებმა" "ვესტ ჰემს" 12-ჯერ დაურტყეს, აქედან 11-ჯერ პირველ ტაიმში.
* სერხიო აგუეროს პირველი გოლი "ნიუკასლის" კარში მისთვის მე-80 გახლდათ პრემიერლიგაში ჩატარებულ 128-ე თამაშში. ამ ნიშნულს უფრო ცოტა შეხვედრაში მხოლოდ ორმა მოთამაშემ მიაღწია ჩემპიონატის ისტორიაში - ალან შირერმა (102 მატჩში) და რუუდ ვან ნისტელროიმ (122).
* აგუეროს უკვე 84 პრემიერლიგური გოლი აქვს, იმდენივე, რამდენიც კრიშტიანო რონალდოსა და კარლოს ტევესს.
* "სიტის" "ნიუკასლთან" უკვე 18 მატჩია არ წაუგია (16 მოგება, 2 ფრე). ამხელა წაუგებელი სერია პრემიერლიგაში "ქალაქელებს" არცერთ გუნდთან არ ჰქონიათ.
* ბოლო 15 ურთიერთშეხვედრაში "სიტის" ჯორდების კარში 2 ან მეტი გოლი გააქვს (სულ ამ პროცესში - 45).
* ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ უკანასკნელ 21 შეხვედრაში (8 "ნიუკასლში", 13 "დერბიში") სტივ მაკლარენმა ორად ორი მოიგო - 9 ფრე, 10 წაგება.
* "ჩელსიმ" 8 ტურიდან 7-ში მინიმუმ 2 გოლი გაუშვა. გამონაკლისი "არსენალთან" მოგებული 2:0 გახლდათ.
* ბოლო 4 საშინაო შეხვედრაში "ლურჯებმა" იმდენივე (7) გაუშვეს, რამდენიც "სტემფორდ ბრიჯზე" ჩატარებულ იქამდელ 17 თამაშში.
* "ჩელსის" 8 ტურის მერე 8 ქულა აქვს და საშუალოდ ასეთი შედეგის მქონე გუნდები სეზონს მე-14 ადგილზე ასრულებენ ხოლმე.
* ამ ეტაპისთვის ამაზე ცოტა ქულა ლონდონელებს ბოლოს 1978-79 წლების სეზონში (4 ქულა) ჰქონდათ, როდესაც მოგება 2 ქულით ფასდებოდა. მაშინ "ჩელსი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა.
* "საუთჰემპტონთან" მეორე ტაიმში "ლურჯებმა" მეტოქეს პირველად 77-ე წუთზე დაურტყეს.
* "ევერტონს" ჩემპიონატში უკვე 10 მერსისაიდული დერბია არ უმარჯვია. ამაზე დიდი სერია ბოლოს "კანფეტებს" 1984 წელს ჰქონდათ, როდესაც მიჯრით მე-11 დერბი ვერ მოუგეს "ლივერპულს".
* "გუდისონ პარკზე" ბოლო 4 მერსისაიდული დერბი ასეთი ანგარიშებით დამთავრდა - 1:1, 0:0, 3:3, 2:2.
* ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით, "ლივერპულის" უკანასკნელი 6 შეხვედრიდან 5 ერთნაირი ანგარიშით დასრულდა - 1:1.
* "ენფილდის" ბინადრებს უკვე 8 თამაშია კარი მშრალად არ შეუნახავთ (ასევე ყველა ტურნირის ჩათვლით).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"