შეტევა "განსაკუთრებულზე": რონალდ კუმანმა ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა

AutoSharing Option
რონალდ კუმანმა ვერ მოითმინა და ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა. მეტიც, ჰოლანდიელმა პორტუგალიელს ურჩია, არსენ ვენგერისგან ისწავლოს. თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან მოუსა და ფრანგს, ესეც კარგად იცით და ალბათ, დიდი ახსნა არ სჭირდება, როგორ ესიამოვნებოდა ჟოზეს კუმანის ეს სიტყვები. ახლა ჩვენ მის განსაკუთრებულ კომენტარს უნდა დაველოდოთ.

"ფაქტია, "ჩელსი" ზედმეტად დაცვიდან თამაშობს. ამით მეტოქეს ინიციატივას აძლევს და შანსს უზრდის. 1:0-ზეც კი მოურინიოს თავდაცვაზე გადაწყობა ურჩევნია, ვიდრე უპირატესობის გაზრდაზე თამაში. ჩვენთან მატჩშიც ასე იყო, რითაც ვისარგებლეთ და "ჩელსისთან" დამსახურებულად ვიმარჯვეთ.

სამწუხაროა, რომ მოურინიო
მატჩის შემდეგ მსაჯობაზე ლაპარაკობდა და მისტიროდა პირველ ტაიმში ვითომდა პენალტს, რომელიც მისი გუნდის სასარგებლოდ უნდა დანიშნულიყო. არადა, იმავე პირველ ნახევარში, ხსენებულ ეპიზოდამდე "საუთჰემპტონი" ორჯერ იმსახურებდა თერთმეტმეტრიანს.

მოურინიო არსენ ვენგერს უნდა დააკვირდეს, რომლის გუნდი, როგორც წესი, სულ შეტევაზე ფიქრობს. "არსენალი" ყოველთვის სხვაობის გაზრდასა და ინტრიგის მოკვლაზეა მომართული და ნახეთ, რა უქნეს ლონდონელებმა "მანჩესტერ იუნაიტედს" - მათ მეტოქე პირველ 20 წუთში გაანადგურეს, რადგან შემტევი სტილით თამაში გააგრძელეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს" - განაცხადა "წმინდანების" მთავარმა მწვრთნელმა.

ვთქვათ ისიც, რომ თავად კუმანს "საუთჰემპტონი" ახალ კონტრაქტს უმზადებს და 52 წლის სპეციალისტიც მშვენივრად გრძნობს თავს "სენტ მერიზე", მაგრამ ჯერ ფიქრობს, რადგან დიდი შანსია, იგი ჰოლანდიის ნაკრებში მიიწვიონ, რადგან დანი ბლინდს იქ დიდი დრო, ალბათ, არ უწერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული