უბედური ვარსკვლავი - ტურეს ინგლისური რეალობა არ მოსწონს

AutoSharing Option
იაია ტურემ პერიოდულად გაბუტვა იცის ხოლმე და ისიც გვახსოვს, "მანჩესტერ სიტიდან" წასვლაზე რომ ფიქრობდა, მაგრამ მანუელ პელეგრინიმ კოტდივუარელი არსად გაუშვა.

როგორც ჩანს, იაია ახლაც გაბრაზებულია და ძველი წყენები ერთად დაგროვებია, რადგან უკანასკნელ ინტერვიუში მან ძალიან ხმამაღალი განცხადებები გააკეთა.

"არ მინდა, ჩემი შვილები ფეხბურთელები გამოვიდნენ და ის სირთულეები და ტკივილი გამოიარონ, რომელიც მე გამოვიარე და გამოვცადე. სწავლა - აი, ეს არის მათთვის. ვიცი, რომ ყველა ფიქრობს, თითქოს, ძალიან ბედნიერი ვარ და უნდა ვიყო. მოვიგე ბევრი ტიტული, მაქვს ბევრი ფული... მაგრამ არა,
მე არ ვარ ბედნიერი" - განაცხადა სევდიან განწყობაზე მყოფმა ტურემ.

იაია "სიტიში" 2010 წელს "ბარსელონადან" 24 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა. მას ის პერიოდიც მწარედ დამახსოვრებია.

"თავს ხშირად უცნაურად ვგრძნობ ხოლმე, რადგან ინგლისში საქმეს ისე არ ეკიდებიან, როგორც უნდა ეკიდებოდნენ და სათქმელს ზუსტად არ ამბობენ. ნეგატივის გარდა, პოზიტივზეც უნდა ვისაუბროთ, არა?

აფრიკელებს გვიყვარს, როდესაც ჩვენს შრომას აფასებენ და რეალურ შეფასებას გვაძლევენ, რასაც ვიმსახურებთ. ეს ყველასთვის სასიამოვნოა და წესით, ასე უნდა იყოს. მე ასე მჯერა. გაურკვეველი მიზეზების გამო, როდესაც 2010 წელს "სიტიში" გადმოვედი, ზოგიერთი ამბობდა, რომ მე "ფეხბურთს მოვკლავდი" და თამაშის გასაფუჭებლად მომიყვანეს. ჟურნალისტები უფრო ჩემს ხელფასზე ლაპარაკობდნენ, ვიდრე თვისებებზე და ამბობდნენ, აბსურდული ჯამაგირი აქვსო.

ვამბობდი, რომ გუნდში იმიტომ მოვდიოდი, რომ მას ტიტულების მოგებაში დავხმარებოდი და ამის თქმისას ზოგი, იდიოტები, დამცინოდნენ. მეკითხებოდნენ, მე, იაია ტურეს, რა უნდა შემეცვალა "სიტიში" და რითი უნდა დავხმარებოდი კლუბს და რა გამოვიდა სინამდვილეში?

ჩვენ თითქმის ყველაფერი მოვიგეთ. მე ეს შევძელი, ჩვენ ეს შევძელით. რა თქმა უნდა, მარტო მე არა. როდესაც კუთვნილ და სათანადო აღიარებას ვერ იღებ და შენს დამსახურებასა და მიღწევას ნორმალურად არავინ აღნიშნავს, ეს ძალიან დასანანი და მტკივნეულია. ახლაც კი, როდესაც უფრო და უფრო მეტს ვინდომებ, ვმუშაობ და ვაკეთებ, ბევრი ცდილობს, უარყოფითი მოძებნოს" - ამბობს გაბრაზებული ტურე.

მოკლედ, კოტდივუარელს ინგლისში შეფასებების კრიტერიუმები ძალიან არ მოსწონს და მიიჩნევს, რომ შრომა არ უფასდება. იგი იხსენებს წინა სეზონსაც, როდესაც გუნდს "მხოლოდ" 12 გოლით შეეწია. საყრდენისთვის ეს შესანიშნავი შედეგია. არც იაიას საგოლე გადაცემები დაგვავიწყდეს, მაგრამ შარშანწინდელ სეზონში ორჯერ მეტი, 24 გოლი გაიტანა, რაც ფენომენალური შედეგი გახლდათ. მაშინ იგი "ქალაქელებს" პრემიერლიგისა და ლიგის თასის მოგებაში დაეხმარა.

ტურე მიიჩნევს, რომ ნორმალურად ესეც არ დაუფასეს, სამაგიეროდ, მადა გაეხსნათო.

"წინა სეზონში მეორე ადგილზე გავედით, ინგლისის ჩემპიონატში, რომელიც მსოფლიოში ურთულესია. მე 12 გოლი გავიტანე, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს აფრიკის თასზე ვეხმარებოდი და დაახლოებით 2 თვე არ ვიყავი.

დამნაშავე იმაში გახლდით, რომ იმდენივე გოლი ვერ გავიტანე, რამდენიც იმის წინა სეზონში? 2013/14 წლების სეზონში 24 გოლი გავიტანე, აქედან 20 პრემიერლიგაში. ეს განსაკუთრებულად არავის უხსენებია, არანაირი აღიარება, ჯილდო, არაფერი... აქ, ინგლისში, როდესაც რამე ცუდი ხდება, ამას აიტაცებენ ხოლმე, ხოლო კარგს უყურადღებოდ ტოვებენ. თავიანთი მეთოდებით და უსაფუძვლო კრიტიკით ყოველთვის მაღიზიანებდნენ ხოლმე" - განმარტა უსამართლობითა და დაუფასებლობით გატანჯულმა ტურემ.

აღვნიშნოთ ისიც, რომ იაიასთან ერთად "მანჩესტერ სიტიმ" ორჯერ მოიგო პრემიერლიგა და თითოჯერ ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასები. ის ორჯერ მოხვდა პრემიერლიგის სეზონის სიმბოლურ გუნდში.

"ერთ დღეს აბიჯანში 15 წლის ახალგაზრდა ბიჭუნამ გამაჩერა და მითხრა: - დიდო ძმაო, შენ ყოველთვის ამბობ, რომ მუდამ თავდაუზოგავად უნდა იშრომო და ვხედავთ, რომ ასეც იქცევი, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რისი გავლა გიწევს იქ და ჩვენ შენნაირი შესაძლებლობები და შანსი არ გვაქვს, მაგრამ რისთვის ვიშრომოთ, რომ მერე ნორმალურად არ დაგვიფასდეს და უსამართლო კრიტიკა მივიღოთ?

- როგორც იცით, ახალგაზრდა ადამიანები ყველაფერს უკეთ ხედავენ და ამჩნევენ. ისინი საკუთარ კუმირებსაც გამჭვირვალედ ხედავენ, ყველაფერს სწორად აფასებენ და კითხვებს სვამენ" - დასძინა 32 წლის ტურემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული