ლონდონის "ჩელსი": რომანი და გაყრა

AutoSharing Option
"ჩელსიში" ისეთი დაძაბული ფონია და "ლურჯები" ისე უსუსურად გამოიყურებიან მოედანზე, რომ ექსპერტებისა თუ გულშემატკივრების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიოს ეპოქა "სტემფორდ ბრიჯზე" დასასრულს მიუახლოვდა.

თითქოს, ამას ფეხბურთელებიც შეეგუენ - ისე თამაშობენ. გუნდის მფლობელ რომან აბრამოვიჩს შესაძლოა, მხოლოდ ის აფერხებს, რომ მოხსნის შემთხვევაში ჟოზე მოურინიოს 30 მილიონ გირვანქაზე მეტი უნდა გადაუხადოს კომპენსაციის სახით. "განსაკუთრებულზე" მეტი ფული რუსმა მილიარდერმა, ალბათ, მხოლოდ თავის ექსმეუღლეს გაატანა გაყრისას.

ამ შემთხვევაში, მოურინიომ შესაძლოა, კიდევ ერთ ყოფილ გუნდში, მილანის "ინტერში" დაბრუნებაზე იფიქროს, მაგრამ იქ რობერტო მანჩინი ცდილობს
ფესვების ღრმად გადგმას.

არის "პარი სენ-ჟერმენის" ვარიანტიც, საიდანაც ლორან ბლანი შეიძლება გაუშვან. თავი "მონაკომაც" წამოყო, მოუთი მის თანამემამულე ლეონარდო ჟარდიმს სიამოვნებით ჩავანაცვლებდითო. აუცილებლად გამოჩნდება სხვა ვარიანტებიც, შესაძლოა, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელიც...

ისე, მოურინიოს კოლეგებს შორის დამცველებიც გამოუჩნდნენ. მაგალითად, "სტოკის" თავკაცი მარკ ჰიუზი მიიჩნევს, რომ თუ "ლურჯები" მოუს გაუშვებენ, ეს შეცდომა იქნება.

თავის მხრივ, "ჩელსი" მოუს შემცვლელის ძიებას დაიწყებს და აქაც იქნება სხვადასხვა ვარიანტი: გუნდის ექსთავკაცი კარლო ანჩელოტი, ვინც ახლა უქმადაა, "პაპა კარლო" ისვენებს. ამბობენ, აბრამოვიჩს პეპ გვარდიოლას მიყვანა უნდა ძალიანო, რადგან ცოტა ხნის წინათ პეპმა "ბაიერნიდან" წასვლა არ გამორიცხა.

მიუნხენელები კი ირწმუნებიან, თანამშრომლობას გავაგრძელებთო, მაგრამ უფროსობასა და ყოფილ ბარსელონელს შორის ბოლომდე იდეალური ურთიერთობა რომ არ არის, საიდუმლო არ გახლავთ. გვარდიოლას "ალიანც არენიდან" წასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, "სიტიმაც" გამოთქვას მისი დაპატიჟების სურვილი, თუ მანუელ პელეგრინის სეზონი ჩაუვარდება.

ჩილელს შესაძლოა, მხოლოდ პრემიერლიგაში წარმატება (რაც ასევე სათუოა) არ ეყოს, თუ ჩემპიონთა ლიგაზეც არ აათამაშა ბოლოს და ბოლოს "ქალაქელები".

ამავე მიზეზით, გამორიცხული არ არის "იუნაიტედის" თავკაცს, ლუი ვან გაალს შეუდგეს წყალი და მოურინიო "ოლდ ტრაფორდზე" მისვლის კანდიდატადაც იქცეს და ვინ იცის, ტურინშიც დაუძახონ, თუ "იუვენტუსი" მასიმილიანო ალეგრის გაუშვებს. მოკლედ, დიდი ამბები და მიმოსვლები გველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაუსნაირ ფეხბურთს რომ თამაშობდეს ყველა, ეს სპორტი ასეთი პოპულარული არ იქნებოდა! ის უბრალოდ კლავს ფეხბურთს.
ააა
12:16 29-10-2015
0
ახლახან წავიკითხე მოურინიოს კომენტარი "სტოკთან" წაგების შემდეგ - კარგად ვითამაშეთო. ეს მარაზმის ნიშნებია.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული