ვინ შეცვლის ჟოზე მოურინიოს? მთავარი კანდიდატები და მათი შანსები

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო ჯიუტად დგას თავისაზე და "ჩელსიდან" წასვლას არ აპირებს.

ამის მიუხედავად, თუ "არისტოკრატთა" დანავსული სერია გაგრძელდა, კლუბის ხელმძღვანელობა არც დიდი კომპენსაციის გადახდას მოერიდება და არც პორტუგალიელის განაწყენებას.

ვინ შეიძლება ჩაიბაროს "ჩელსი"? ინგლისურ პრესაში რამდენიმე კანდიდატი სახელდება.

რობერტო მანჩინი
იტალიელმა მწვრთნელმა "ინტერის" თამაში მეტ-ნაკლებად მისაღები გახადა. მილანური გრანდი ჯერაც არ არის იდეალური, მაგრამ რაც მანჩინიმდე იყო, იმას ნამდვილად სჯობს. ლონდონელთა სასარგებლოდ ამ შემთხვევაში ერთი ფაქტორი მეტყველებს - "ჩელსი" უკვე მომწიფებულია ტიტულების მოსაგებად მაშინ, როცა იტალიურ კლუბს იქამდე ჯერაც დიდი გზა
უდევს.

კარლო ანჩელოტი
იტალიელი სპეციალისტი უმუშევარია "რეალიდან" წამოსვლის შემდეგ. "ჩელსისათვის" ანჩელოტი იდეალურ ვარიანტად მოჩანს. ჯერ ერთი, იტალიელი ამ დროისათვის უმუშევარია და მეორეც, ის დაბალანსებული ფეხბურთის მიმდევარია, რაც ასე სჭირდება ლონდონურ კლუბს.

წესით, თავად აპენინელიც უნდა იყოს მოწადინებული, პაუზის შემდეგ დაუბრუნდეს დიდ ფეხბურთს. ცოტა ხნის წინ საუბარი იყო "მილანში" მის დაბრუნებაზე, მაგრამ ბოლო ტურებში სინიშა მიხაილოვიჩის ხელმძღანელობით ფორმა აკრიფა. თავის დროზე ლონდონური კლუბის მწვრთნელი იყო (2009-11 წლებში).

პეპ გვარდიოლა
ბრიტანულ პრესასა და ტოტალიზატორებში ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად სახელდება რობერტო მანჩინისთან და კარლო ანჩელოტისთან ერთად. გვარდიოლას "ბაიერნი" სეზონის სტარტზე დიდებულია, მაგრამ საინტერესოა, როგორი იქნება მისი ენდშპილი. გარდა ამისა, ამბობენ, რომ მიუნხენში კატალონიელი ბედნიერი ვერ არის. იქ მას ბოლომდე თავისიანად არ მიიჩნევენ.

დიეგო სიმეონე
"ატლეტიკოსა" და "ჩელსის" ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა არ აქვთ. ამაზე მეტყველებს დიეგო კოშტასა და ფელიპე ლუიშის ტრანსფერები ორივე მიმართულებით. და მაინც, "ათლეტები" ძნელად თუ შეელევიან მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა დამრიგებელს.

არის მეორე ფაქტორიც - სიმეონე შუა სეზონში, დიდი ალბათობით, არ მიატოვებს ამბიციურ პროექტს, სახელად "ატლეტიკოს". აქ არის ერთი "მაგრამ": ფულს დღევანდელ ფეხბურთში ყველაფერი თუ არა, თითქმის ყველაფერი შეუძლია.

გუს ჰიდინკი
ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტის სამწვრთნელო ავტორიტეტს აღდგენა სჭირდება. მისი ბოლო სამუშაო ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები იყო. იქ საშინელი შედეგები ჰქონდა, რის გამოც თანამდებობა დაკარგა. ადრე ცოტა ხნით იყო ლონდონური კლუბის სათავეში. მის საწინააღმდეგოდ მეტყველებს ის, რომ საუკეთესო წლები ზურგს უკან აქვს.

რონალდ კუმანი
ლონდონელთათვის ჰოლანდიური და მსოფლიო ფეხბურთის ექსვარსკვლავი ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს. საქმე ისაა, რომ მისი გაწვრთნილი "საუთჰემპტონი" პრემიერლიგაში ლამის ყველაზე შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. სწორედ ეს აკლია "ჩელსის". მიმდინარე სეზონშიც და მანამდეც არაერთხელ ვნახეთ ასეთი სურათი: მოიპოვებდა ლონდონური კლუბი უპირატესობას და ანგარიშში დაწინაურებული ვეღარ ინარჩუნებდა ფორას ჟოზეს ცნობილი "ავტობუსების" გამო.

ფრანკ დე ბური
ახლო წარსულში ჰოლანდიური ფეხბურთის ვარსკვლავი 2010 წლიდან "აიაქსს" წვრთნის. ამსტერდამულ გრანდს ლამის ყოველ 6 თვეში ტოვებენ წამყვანი ფეხბურთელები და ამის მიუხედავად, გუნდი მაინც აჩვენებს შედეგს შინაურ არენაზე. მეტისათვის "აიაქსს" შემადგენლობის სიღრმე და გამოცდილება არ ჰყოფნის. შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარია.

იოახიმ ლიოვი
მისი შანსები დიდი არ არის. გერმანიის ეროვნული ნაკრების დამრიგებლის წინაშე გამოწვევები საკმარისადაა. თუნდაც - კარსმომდგარი ევროპის ჩემპიონატი, სადაც გერმანიის ნაკრებმა ტიტული უნდა დაიცვას. ერთი ეგაა, ვინ იცის, იოახიმს საკლუბო ასპარეზზე ძალების მოსინჯვის მახრა შეუჩნდეს?

სლავენ ბილიჩი
სიაშია "ვესტ ჰემის" ხორვატი დამრიგებელი, სლავენ ბილიჩი. მის გუნდს მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ ერთი უცნაური ზნე დასჩემდა - თუ გრანდების წინააღმდეგ "ჩაქუჩები" დიდებულად თამაშობენ, დანარჩენ გუნდებთან კარგად ვერ გამოიყურებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული