რიად მაჰრეზის ხელში ჩაგდება "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს

AutoSharing Option
"ლესტერ სიტის" პატარა სასწაულების მთავარი შემოქმედები რიად მაჰრეზი და ჯეიმი ვარდი არიან.

რასაკვირველია, არც სხვა მოთამაშეებს უნდა დავუკარგოთ გარჯა და გუნდი გუნდურად მშვენივრად გამოიყურება, ნაიჯელ პირსონიც კარგად მუშაობდა და კლაუდიო რანიერი უკეთ აგრძელებს, მაგრამ ეს ორი ფეხბურთელი მაინც აშკარად გამორჩეულია და ამიტომაც არის, მათ უკვე არაერთ გრანდს რომ უკავშირებენ - "რეალი", "ბარსელონა", "პარი სენ-ჟერმენი", "მანჩესტერ იუნაიტედი"...

ცოტათი უფრო დიდი ინტერესი, ალბათ, უფრო მაჰრეზისადმია, რისი მიზეზიც ალჟირელის შედარებით ახალგაზრდული ასაკია, იგი მხოლოდ 24 წლისაა, ხოლო ვარდი 4 წლით უფროსი გახლავთ. თანაც,
მაჰრეზი უფრო მრავალმხრივი მოთამაშეა და ბოლომდე თუ დაიხვეწა, მართლაც ნებისმიერ გრანდს "დახატავდა".

ფაქტია, მაჰრეზი პროგრესირებს, რაზეც მისი თამაში და შედეგები მეტყველებს. წინა სეზონის პირველ ნახევარში მას აშკარად დავწამებდით ზედმეტად ეგოისტურ თამაშს და მართლებიც ვიქნებოდით.

შეიძლება ცოტათი ახლაც ამეტებს ხოლმე და თავის თავზე ზოგჯერ ზედმეტად იღებს თამაშს, მაგრამ შედარებაც არ არის - ის უფრო გუნდური ყაიდის ფეხბურთელი გახდა. რანიერიც ეშმაკურად იქცევა და ხანდახან მას თადარიგში ტოვებს, რითაც თავად ალჟირელს ტოვებს მუდამ "მშიერსა" და შემართულს.

ასეა თუ ისე, "ლესტერი" აპრილის მერე "სიტისთან" ერთად ყველაზე მეტი მოგებით იწონებს თავს პრემიერლიგაში და წინა ტურში გამარჯვების მერე მესამე ადგილზე გადავიდა. თუმცა მიმდინარე სეზონში "მელიების" ამოცანა პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და არანაირ ჩემპიონთა ლიგის ან ევროპალიგის საგზურზე გუნდი არ ფიქრობს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით...

"ჩვენ, უბრალოდ, გვინდა, 40-42 ქულა რაც შეიძლება მალე დავაგროვოთ, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენა გავინაღდოთ, მერე კი შესაძლოა, მეტზე ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ" - ამბობს მაჰრეზი.

ლესტერშირელთა იტალიელი დამრიგებელიც თავიდანვე შორს იჭერდა თავს გავარდნის გარდა რამეზე საუბრისგან და რანიერის აზრი ახლაც არ შეუცვლია. ფანებმა კი გულის სიღრმეში მაინც უკვე ააწყვეს ოცნების კოშკები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული