როგორ შენდება იმპერია, სახელად "მანჩესტერ სიტი"

AutoSharing Option
ახლა ამის დაჯერება ძალიან რთულია. 1998 წელს "მანჩესტერ სიტი" ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში გავარდა. მესამე ლიგაში მანჩესტერული კლუბი მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში შეყოვნდა, 2002 წელს კი პრემიერლიგას დაუბრუნდა.

დასაწყისი
იმ სეზონის დაწყებამდე გაიხსნა ახალი სტადიონი - "სიტი ოფ მანჩესტერი". დღეს გუნდი სწორედ იქ თამაშობს. 5 წელიწადიც და "სიტის" მფლობელი ტაილანდის ყოფილი პრემიერი, ტაქსინ ჩინავატი გახდა. მანამდე მან წარუმატებლად სცადა "ფულჰემისა" და "ლივერპულის" ყიდვა.

გავიდა ერთი წელიწადი და ტაილანდელმა "სიტი" აბუ-დაბის მმართველთა ოჯახს მიჰყიდა. შეიხ მანსურს და მის ოჯახს დაახლოებით 1 მილიარდი
გირვანქა და ზუსტად 3 წელიწადი დასჭირდათ საიმისოდ, რომ 44 წლის შემდეგ "ქალაქელებს" ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოეგოთ. ამით არაბების ამბიციას ლაგამი ვერ ამოედო.

იმპერია
2013 წელს გამოცხადდა "მანჩესტერ სიტისა" და "ნიუ იორკ იანკისის" ერთობლივი პროექტის თაობაზე. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი ბეისბოლში. მხარეებმა 100 მილიონი დოლარის გაღება გადაწყვიტეს, რათა 2015 წელს ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგაში ახალი გუნდი გაეყვანათ.

"სიტის" შეფობამ, რომელიც საფეხბურთო მხარეზე იყო პასუხისმგებელი, გუნდს სახელიც შეურჩია - "ნიუ იორკ სიტი". გასული წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ შეიხ მანსურის კომპანიამ იყიდა ავსტრალიური საფეხბურთო კლუბი "მელბურნ სიტი" და ამაში 12 მილიონი დოლარი გადაიხადა. სახელი აქაც არაბებმა შეარჩიეს.

სხვათა შორის, ამ კლუბში რამდენიმე მატჩი ჩაატარა "ნიუ იორკ სიტის" ფორვარდმა დავიდ ვილიამ. ესპანელმა ვარსკვლავმა ოთხჯერ მოირგო ავსტრალიური გუნდის მაისურა - გუნდებს შორის მოკლევადიანი საიჯარო კონტრაქტი გაფორმდა. ასეა, როცა ერთი მფლობელი გყავს, მაშინ ბევრი რამაა დასაშვები და შესაძლებელი.

2014 წლის მაისში "სიტის" ფერხულში კლუბის ერთ-ერთი მეპატრონის სტატუსით "ნისანი" ჩაერთო. ამას მოჰყვა შემდეგი გარიგება.

შეიხ მანსურის ოჯახმა ცნობილი იაპონური კლუბის, "იოკოჰამა მარინოსის" აქციების 20 პროცენტი შეიძინა.

ფეხბურთში არცთუ იშვიათადაა ისეთი შემთხვევები, როცა ერთი კომპანია რამდენიმე კლუბს ან ფლობს, ანაც მისი მონაწილეა. ასე მაგალითად, "რედ ბულს" საფეხბურთო ინტერესები აქვს ზალცბურგში, ლაიპციგში, ნიუ იორკში, სან პაულოში....

სამოციან წლებში კომპანია "ენიკი" რამდენიმე ევროპული კლუბის სტადიონების მესაკუთრე იყო. მაგალითად, ეს კომპანია ფლობდა "ტოტენჰემის", "გლაზგო რეინჯერსისა" და "ბაზელის" სტადიონებს.

ცნობილი ინდონეზიელი მაგნატი, ერიკ ტოჰირი ფეხბურთითაა გატაცებული. ის ამ დროისათვის ფლობს მილანის "ინტერს". ასევე, ამერიკულ "დ.ს იუნაიტედსა" და ინდონეზიის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს.

დრო მოვა...
ასე შენდება "სიტის"იმპერია - ახალი და მძლავრი იმპერია დედამიწის ზურგზე. ესაა, ინგლისურ კლუბს ჯერაც სჭირდება დრო საიმისოდ, რომ ნამდვილი გრანდი გახდეს. მაგალითად ისეთი, როგორებიც "ბარსელონა", "რეალი" და "ბაიერნი" არიან.

ეს იოლი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. მით უმეტეს, ფეხბურთით მოწამლული არაბი შეიხების ხელში. უკვე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ შეიხი მანსური და მისი ოჯახი ფეხბურთში შემთხვევით არ არიან და იმხელა პროექტები განახორციელეს, რომ იოლად არც არსად წავლენ.

"სიტის" ჰყავს ძალიან კარგი მწვრთნელი. მანუელ პელეგრინი შესანიშნავი სპეციალისტია, მაგრამ მოვა დრო და კიდევ უფრო უკეთესი ეყოლება. "სიტის" ჰყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ ეჭვი არაა - უკეთესი შემადგენლობა შეიკვრება.

ინგლისელთა სასარგებლოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მეტყველებს და ამ ფაქტორს ფული ჰქვია. მოდი, შევთანხმდეთ - თანამედროვე ფეხბურთში ფულით ყველაფრის თუ არა, თითქმის ყველაფრის ყიდვა შეიძლება.

"სიტი" ნაღდი გრანდივით თამაშობს პრემიერლიგაში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ჯერ ასეთი გაქანების ვერაა. სიტუაცია თანდათან იცვლება - მიმდინარე სეზონში ინგლისური კლუბი ჯერჯერობით, ძალიან კარგია ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე.

ინგლისური პრესის ცნობით, არაბი შეიხი ზღაპრულ გასამრჯელოს შეჰპირდა კლუბის ფეხბურთელებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ. ცხადია, ამოცანა ურთულესია. ტიტული ერთია, მისი მაძიებელი კი არაერთი. მიმდინარე სეზონში, ალბათ, ცოტა ადრეა.

ადრეა, მაგრამ ამის დრო აუცილებლად მოვა, რადგან ცხოვრებაშიც მუდამ ასეა და ფეხბურთშიც - ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობს. მით უმეტეს, თუ იმ მძებნელის უკან არაბული მილიარდებია.

ტრადიციული ინგლისური გუნდის ქომაგი თავიდან უკმაყოფილო იყო. ეს მაშინ, როცა ძველი კლუბის სათავეში არაბები მოვიდნენ. რამდენიმე საპროტესტო აქციაც კი გაიმართა, მაგრამ დრომ ყველაფერი ჩააწყნარა.

გინდა არაბული იყოს და გინდა სხვა ქვეყნისა, ფულს სუნი არ ასდის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი და ნუ დაეთანხმები ლევანს... ერთ-ერთი უძლიერესი ლიგის მქონე ქვეყანას ნორმალური ნაკრები ვერ გამოჰყავს აგერ უკვე რამდენი წელია... არის გრანდები და არის ფულით გაკეთებული კლუბები. ლივერპული სულ რომ მე-3 ლიგაში გადავარდეს, მაინც უფრო მაღლა იდგება ჩემთვის მანჩესტერ სიტიზე. ცისფერები ვერასდროს ავლენ თავიანთი თანაქალაქელების დონეზეც კი.
Lasha
10:49 14-11-2015
0
ინგლისური ფეხბურთი, როგორც ასეთი არ არსებობს. ბრაზილიური, იტალიური, გერმანული, ჰოლანდიური, არგენტინული, ესპანური კი ბატონო, ინგლისელებმა თავისუფალი ეკონომიკური ზონით და პოლიტიკით, დიდი ხნით დაძირეს ინგლისური ფეხბურთი, რისი თვალსაჩინო მაგალითი ინგლისი ნაკრებია
levan
16:19 13-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული