"მანჩესტერი" და "არსენალი" ერთხელაც დაეჯახნენ - ვის დარჩება აბდელჰაკ ნური?

AutoSharing Option
მინდორზე წლების წინ დაწყებული ბრძოლა, რომელიც თამამად შეგვიძლია, საფეხბურთო კლასიკად მოვნათლოთ, მინდვრის მიღმა გრძელდება. "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" ერთხელაც დაეჯახნენ ერთმანეთს.

მიზეზის გამოცნობა გაგიჭირდებათ - მიზეზი "აიაქსის" ახალგაზრდა, 18 წლის ვარსკვლავი, აბდელჰაკ ნურია. ჰოლანდიას, ტრადიციულად, ბევრი მაგარი ბიჭი ეზრედება, ნური კი მათ შორის გამორჩეულია.

ჯერჯერობით, ნურის ფართო საფეხბურთო საზოგადოება კარგად არ იცნობს. მან მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩაატარა "აიაქსის" მეორე გუნდის შემადგენლობაში, თუმცა ნიდერლანდების იუნიორთა ნაკრების წევრმა თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა - დამტკიცება უკვე მოასწრო.

ლუი ვან გაალმა თანამემამულე თინეიჯერი უკვე შეაქო.
ზამთარში ინგლისური გრანდი აუცილებლად ეცდება ჰოლანდიელი ტალანტის დათრევას. ვან გაალს ძალიან უყვარს თანამემამულეებთან მუშაობა. სწორედ მან მიიყვანა "იუნაიტედში" ჯერ დეილი ბლინდი, სულ ახლახანს კი მემფის დეპაი.

ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გამოხატა ასევე "არსენალის" მთავარმა სკაუტმა, სტივ რიულიმ და "მეთოფეების" პოტენციური ახალწვეული საქმეში რამდენჯერმე ნახა. ასევე გაცხადდა, რომ ნურის თამაშს სხვადასხვა დროს თვალი მიადევნეს "ევერტონის", "ტოტენჰემისა" და "საუთჰემპტონის" სკაუტებმა.

ასევე ირკვევა, რომ ჰოლანდიელი თინეიჯერის მიმართ ინტერესს იჩენენ ფრანგული გრანდები, "მარსელი" და, რაც მთავარია, ვარსკვლავებით გადაჭედილი "პარი სენ-ჟერმენი".

"აიაქსისათვის" ეს სასიამოვნო სიახლეა, თუმცა ჰოლანდიური გრანდი ამ ეტაპზე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნური შეინარჩუნოს. ნურის ჯერ არ უთამაშია უმაღლეს დონეზე და ელიან, რომ ამის შემდეგ მისი ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

ჰოლანდიელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ სეზონის მეორე ნახევარში არა, ახალგაზრდა ნახევარმცველი მომავალ სეზონში მაინც გახდება ძირითადი გუნდის ძირითადი წევრი, რაკი ამსტერდამელები ძველ გზას არ დააგდებენ და რამდენიმე ლიდერს აუცილებლად შეელევიან. ეს კი მათ შუა ხაზში ადგილს გაათავისუფლებს.

"აიაქსის" მთავარი მწვრთნელი, ფრანკ დე ბური არწმუნებს ნურის, რომ არ იჩქაროს ამსტერდამის დატოვება. ამ ეტაპზე ნურის კარიერისათვის, ალბათ, მართლაც "აიაქსში" დარჩენა სჯობს, მაგრამ ძალიან რთულია თავის შეკავება, როცა "მანჩესტერი" და "არსენალი" ერთად გიხმობენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დათრევა კკაია
გიო
14:55 05-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული