აიოსე პერესი: არ მინდა "დეზობა", "ჯორდობა" სჯობს

AutoSharing Option
"ნიუკასლის " ესპანელმა შემტევმა აიოსე პერესმა თქვა, რომ ის "ჯორდების" შემადგენლობაში ბედნიერია. ეს იმის მიუხედავად, რომ ნიუკასლელთა საამსეზონო საქმეები კარგად სულაც არ მიდის. გუნდი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის ფსკერზეა და ვერაფრით აღწევს თავს გასავარდნ ზონას.

გუნდის გამოცდილი დამრიგებელი, სტივ მაკლარენი უდიდესი წნეხის ქვეშაა და წესით, მას ძალიან უნდა გაუჭირდეს თანამდებობის შენარჩუნება. ცუდი სეზონი პერესის კარგ გარჯას ჩრდილში ვერ აქცევს. ნიჭიერ ესპანელს, კარგი დრიბლინგი და ლამაზი გოლების გატანა რომ სჩვევია, მსურველები ბლომად ჰყავს.

ამათგან ყველაზე მონდომებული ლონდონური "ტოტენჰემია". "დეზები" მაგრად მიდიან პრემიერლიგაში. ამ დროისათვის მათ მხოლოდ ერთი წაგება აქვთ და ცოტაც რომ მოუმატონ, უკვე არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად, არამედ სხვა, უფრო მაღალი მიზნისთვისაც იბრძოლებენ.

"ტოტენჰემი" მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა გადაიხადოს, თუმცა პერესი "კაჭკაჭთა" რიგების დატოვებას არ ჩქარობს. ის ერთგულობს გუნდს, რომელმაც მას შანსი მისცა ინგლისურ ფეხბურთში.

თუ ტრანსფერი შედგა, გვარიანი გარიგება კი გამოვა. 2014 წელს "ნიუკასლმა" სულ რაღაც 1,6 მილიონ გირვანქად იყიდა პერესი ესპანური "ტენერიფედან" ახლა კი შანსი აქვს, ბლომად ფული მოიგოს. ეგაა, პერესი ლამის ერთადერთი ნათელი წერტილია შიდა პრობლემებით გატანჯულ გუნდში.

"მე აქ ბედნიერი ვარ. ვთამაშობ და ვგრძნობ, რომ დღითიდღე უკეთესი ვხდები. მგონი, ფეხბურთელისათვის ესაა მთავარი." - უთხრა პერესმა ინგლისელ ჟურნალისტებს. იქვე მან დაამატა, რომ არსად წასვლის სურვილი არ აქვს.

"პერესი ძალიან შთამბეჭდავია შეტევაში. ნუ დაგვავიწყდება, ეს მაშინ ხდება, როცა გუნდის ხელმძღვანელობამ დიდი თანხა, 12 მილიონი დახარჯა მეორე ფორვარდში, მიტროვიჩში." - თქვა "ნიუკასლის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა, კლუბის ცოცხალმა ლეგენდამ, ალან შირერმა.

22 წლის პერესი კი ამბობს, რომ ესპანეთის ნაკრებში სურს თამაში. "მე მაქვს მთავარი საფეხბურთო ოცნება - ვითამაშო ესპანეთის ნაკრებში. ჯერ ახალგაზრდა ვარ და ბევრი უნდა ვიმუშაო, მაგრამ მჯერა, რომ ეს დღე დადგება.

"ნიუკასლში" ბედნიერი ვარ და ყველაფერი კარგად მიდის. არ მესმის, რატომ უნდა შეცვალო სიტუაცია, როცა თავს შესანიშნავად გრძნობ. კიდევ ერთხელ ვიტყვი - მე აქ კარგად ვარ და წასვლა არ მინდა. სასიამოვნოა, რომ ჩემი თამაში მოსწონთ, მაგრამ ჩემი გული "ნიუკასლს" ეკუთვნის." - ასრულებს ესპანელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული