ყველაფერი თავდაყირა დააყენა გასულ შაბათს ლონდონელთა მიერ განცდილმა მოულოდნელზე მოულოდნელმა მარცხმა, რომელიც მათ "ბორნმუთთან" იწვნიეს საშინაო ასპარეზზე.
აგვისტოში ჟოზე მოურინიომ "ჩელსისთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი 2019 წლის ივლისამდე. 5 ოქტომბერს კლუბის პრეზიდენტმა რომან აბრამოვიჩმა სპეციალური განცხადება გააკეთა და პორტუგალიელს ნდობა გამოუცხადა, მაგრამ სიტუაცია მას შემდეგ ლონდონურ გრანდში უკეთესობისკენ საერთოდ არ შეცვლილა.
წუხელ "ჩელსის" ჩემპიონთა
კარლო ანჩელოტი
იტალიელი სპეციალისტი დროებით ჩამოშორებულია დიდი ფეხბურთისგან. ეს მას შემდეგ ხდება, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში ანჩელოტი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მოხსნეს.
მან ბოლოს განაცხადა, რომ პრემიერლიგაში დასაბრუნებლად მზად არის. ერთი კია - ანჩელოტის, სავარაუდოდ, ძალიან ცუდად ახსენდება 2011 წელი, როდესაც იგი გაათავისუფლეს "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. ეს განშორება მისთვის ძალიან მტკივნეული იყო.
საკითხავია, მოისურვებს კი ანჩელოტი "ჩელსიში" დაბრუნებას? საკითხს მხოლოდ ერთი მხრიდანაც ნუ შევხედავთ. "არისტოკრატებთან" კარლოს ტკბილი მოგონებებიც აკავშირებს. ასე მაგალითად, მან გუნდთან ერთად 2010 წელს პრემიერლიგა მოიგო. მოიგო ასევე ინგლისის ორი თასი.
ინტელექტუალური სამწვრთნელო მანერა, დიპლომატიური ნიჭი, დაბალანსებული ფეხბურთი - ესაა ანჩელოტის სამწვრთნელო ღირსებები.
დიეგო სიმეონე
ცხადია, ცეცხლოვანი არგენტინელი არაერთ ახალ შტრიხს შეიტანს "სტემფორდ ბრიჯზე", სადაც ბოლო დროს ძალიან ხშირად მოწყენილობა მეფობს. დიეგო ძალიან მაგრად მუშაობს "ატლეტიკოში". ამ ბოლო დროს ჟოზე მოურინიომ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი აიყვანა, რომლებმაც სახელი სიმეონესა და "ატლეტიკოს" გამოისობით დაიგდეს.
სიმეონემ "ატლეტიკო" თვისობრივად მაღალ დონეზე აიყვანა. ეს "ათლეტთათვის" ახალი დონეა. გუნდი წარმატებით ებრძვის ესპანური ფეხბურთის გრანდებს, "რეალსა" და "ბარსელონას". რაც მთავარია, მადრიდელები ძალიან სტაბილურად თამაშობენ.
სიმეონე მადრიდში ტიტულებს გაუშინაურდა. მან "ატლეტიკოსთან" ერთად მოიგო ესპანური პრიმერა, ევროპალიგა და ევროპის სუპერთასი. ის თანამედროვეობის საუკეთესო ახალგაზრდა სპეციალისტია. არ არსებობს, სიმეონეს ხელმძღვანელობით მინდორზე გახვიდე და გამარჯვების სურვილით არ იწვოდე.
სხვა საქმეა, რომ არგენტინელის ლონდონში გადაბარგება მთლად იოლად არ გამოვა. 45 წლის სპეციალისტი "ატლეტიკოს" გულშემატკივრების ნამდვილი კერპია. მას ცოტა ხნის წინათ ახალი კონტრაქტი გაუფორმეს, რომელსაც ვადა 2020 წელს გასდის.
ხოსეპ გვარდიოლა
ჯერ მხოლოდ მოარულ ხმებად დადის, რომ პეპ გვარდიოლა მზადაა, დატოვოს "ბაიერნი" და ახალი სამუშაო ეძებოს, რადგან ბუნდესლიგის გოლიათში კატალონიელმა სპეციალისტმა მოტივაცია დაკარგა.
არაერთხელ ითქვა იმის თაობაზე, რომ გვარდიოლას შეთავაზებები აქვს პრემიერლიგიდან. რამდენიმეჯერ ღიად დაიწერა მისი შესაძლო გადასვლის თაობაზე "მანჩესტერ სიტიში". ახლა უფრო აქტუალური "ჩელსის" ვარიანტია.
არცთუ დიდი ხნის წინ "სპორტსმეილმა" დაწერა, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, როცა პეპის კონტრაქტი მიუნხენურ გრანდთან დასრულდება, პეპი ლონდონს მიაშურებს. სხვათა შორის, "ჩელსი" ერთადერთი ლონდონური კლუბი არ არის, რომელსაც გვარდიოლას უკავშირებენ.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გვარდიოლამ შესაძლოა ლონდონის "არსენალი" ჩაიბაროს. იქნებ ესპანელი სპეციალისტი უკვე ფიქრობდეს, როგორ შეიძლება გარდაქმნას თავისი მუდმივი მეტოქე მოურინიოს გაწვრთნილი გუნდის თამაში.
"ჩელსის" სხვა სპეციალისტებსაც უკავშირებენ: ანტონიო კონტეს, გუსტავო პოიეტს და სხვებს.
...ფაქტია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. "ჩელსიში" ან ბევრი რამ უმოკლეს ხანში უკეთესობისკენ შეიცვლება, ან კლუბის ხელმძღვანელობას რომან აბრამოვიჩის მეთაურობით გადამჭრელი ზომების მიღება მოუწევს.
ამ ქვეყანაზე და მათ შორის, ფეხბურთშიც მუდმივი არაფერია. მათ შორის, არც ჟოზეს ლონდონური ოდისეა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"