მანჩესტერული ომი გვარდიოლას ხელში ჩაგდებისთვის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" და არა "ჩელსი" არის ახლა ბრიტანული მედიის ყურადღების ცენტრში. ორივე კლუბი საკმარისად პოპულარულია, მაგრამ "ჩელსიში", ასე თუ ისე, ბევრი რამ უკვე გადაწყდა, "წითელ ეშმაკებში" კი ჯერ ყველაფერი ბურუსშია გახვეული...

ლუი ვან გაალი გაგდების პირასაა, ვინ მივა ამ შემთხვევაში"იუნაიტედში"? ბევრს ლაპარაკობენ, რომ ეს "ჩელსიდან" გაშვებული ჟოზე მოურინიო იქნება. "დეილი მეილს" ახალი ვერსია აქვს - "იუნაიტედი" მზადაა, მთელი რესურსი გამოიყენოს საიმისოდ, რომ ხელში ესპანელი ხოსეპ გვარდიოლა ჩაიგდოს, რომელსაც აქამდე ყველაზე ხშირად "მანჩესტერ სიტის" უკავშირებდნენ.

"იუნაიტედის" ვიცე-ბოსი ედ ვუდვორდი, რომელიც ერთ-ერთი
მომხრეა ვან გაალის გაძევების, მას მერე, რაც ჰოლანდიელს 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა, პირველ რიგში, სწორედ კატალონიელი სპეციალისტის დაბევებას შეეცდება.

ედ ვუდვორდის კონცეფცია ასეთია - ვან გაალი გასაშვებია, მაგრამ მას ყოველ ტურში აღარ დააკვირდებიან, სეზონს ჩაამთავრებინებენ და მერე გაუშვებენ. ხოსეპ გვარდიოლამ, თავის მხრივ, სეზონი მიუნხენის "ბაიერნში" უნდა ჩაამთავროს და მერე გადავიდეს ინგლისში.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას "ბაიერნში" "რეალის" ყოფილი თავკაცი კარლო ანჩელოტი შეცვლის, რომელსაც ერთსეზონიანი დასვენება გამოუვიდა მადრიდის "რეალიდან" წასვლის მერე.

გვარდიოლა "ჩელსიში" მომავალი სეზონიდან (ახლა "ლურჯებს" უკვე ჰყავს თავკაცი, გუუს ჰიდინკი), ალბათ, მას მერე გამოირიცხა, რაც მან განაცხადა, რომ არ აპირებს ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენას.

"ჩელსი" კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე, თუ ამ ტურნირს წლეულს მოიგებს. ყოველ შემთხვევაში, ეს გზა ახლა გაცილებით რეალისტურია, ვიდრე ის, რომ "არისტოკრატები" პრემიერლიგის ოთხეულში დაასრულებენ ტურნირს.

სხვათა შორის, ამის გარანტია არც "იუნაიტედს" აქვს, რომელიც ახლა 29 ქულით მეხუთეა, ანუ ზონის მიღმაა, თუმცა მეოთხეადგილოსან "ტოტენჰემსაც" ამდენივე ქულა აქვს, "სიტი" კი 3 ქულით წინაა.

ფაქტია, რომ დიდ გუნდებში სამწვრთნელო გადაადგილებების გეგმები "ჩელსიში" მოურინიოს მოხსნამ გვარიანად არია.

მაგრამ ამბობენ, ვუდვორდი სასტიკი წინააღმდეგია, "იუნაიტედში" "ჩელსის" მიერ დაწუნებულმა მენეჯერმა იმუშაოს და თავისი მოთხოვნები წააყენოსო. მოკლედ, ვინ შეცვლის ვან გაალს, მისი ყოფილი ასისტენტი მოურინიო ("ბარსელონაში") თუ ამ კლუბის ექსთავკაცი გვარდიოლა, თუ ვინმე სხვა, საკითხავი ესაა.

2013 წელს, როცა "იუნაიტედში" დევიდ მოიესი მოხსნეს, გვარდიოლამ უარი განაცხადა "ეშმაკების" წინადადებაზე. ასეთი გუნდები კი ბოლო დროს მწვრთნელებს მეორე შანსს აძლევენ.

"მეილის" ინფორმაციით, მწვრთნელთან შეხვედრაზე ყველაზე მეტად "იუნაიტედის" 4 ფეხბურთელი აქტიურობდა:

უეინ რუნი, მაიკლ კერიკი, კრის სმოლინგი და ხუან მატა. არადა, ვან გაალი სწორედ ვუდვორდის არჩევანი იყო, პირველ წელს ჰოლანდიელმა მთავარი მოახერხა, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, მაგრამ წლეულს"იუნაიტედი" ლიგიდან უკვე გავარდა, ჩემპიონატშიც იდეალურად ნამდვილად ვერ თამაშობს.

ვან გაალს გაუფუჭდა ურთიერთობა ფეხბურთელებთან, ჟურნალისტებთან (ახლახან მან პრესკონფერენციაზე ზუსტად 58 წამი გაძლო და მერე გაიქცა) და, როგორც ჩანს, მის მფარველ ედ ვუდვორდთანაც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგრე იცის ვან გალმა, კარგად იწყებს ყოველთვის, მაგრამ მერე ძალიან ერთობა და იძირება თავის სქემებში და აზრებში. თუმცა ამ შემადგენლობის მანჩესტერი ამაზე ბევრად უკეთ ვერ ითამაშებს ვერავის ხელში
levan
11:57 25-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული