* 2008 წლის აგვისტოს მერე ევროპის მოწინავე ლიგებში ყველაზე მეტი საგოლე პასი იოზილს აქვს - 101. 100 ლიონელ მესის ანგარიშზეა, 84 - სესკ ფაბრეგასის.
* მესუთ იოზილის პასების სიზუსტე ამ სეზონში - 87,9.
* მესუთ იოზილი პრემიერლიგის თამაშში საშუალოდ 4,2 მნიშვნელოვან პასს აკეთებს.
შეიძლება ითქვას, რომ ლონდონის "არსენალი" საჩემპიონო გრაფიკით მიდის. ლონდონელთა სვლას ტრიუმფალურს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ეს მაინც ის სვლაა, სეზონის ბოლოს ოქროს მედლების მოგებით რომ უნდა
"არსენალი" მეორე ადგილზეა პრემიერლიგის მჭიდროზე მჭიდრო სატურნირო განლაგებაში. პირველზე "ლესტერია" და წესით, ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. "ლესტერის" შემდეგ პრემიერლიგის ტიტულზე მონადირე არსენ ვენგერის გუნდია.
"არსენალს" პირველობის, დავიწყებული ტიტულის მოპოვების დიდებული შანსი აქვს, რაკი მიმდინარე სეზონი სასწაულად უიღბლოა სხვა გრანდებისათვის.
"არსენალს" აქვს უამრავი საკადრო პრობლემა და ის მაინც მაგრად მიდის. სხვა გრანდებთან შედარებით მაგრად. ახლა ვენგერისთვის ყველაზე რთული, საშობაო პერიოდი იწყება და თუ ამასაც გაუძლეს "მეთოფეებმა" და "ლესტერმა" ერთი-ორჯერ წაიფორხილა, მათი დაწევა ძალიან რთული იქნება.
არადა, ნახევარი გუნდი ლაზარეთშია, სულ დარჩეული ფეხბურთელები, ლიდერები. დანარჩენებმა კი მაგარ დროს გამოიღვიძეს. იმ დროს, როცა "არსენალს" ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
აღარც კი ვიცით, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. თვით ყველაზე არასტაბილური თეო უოკლოტიც კი მაგრად დგას, მაგარ და გადამწყვეტ გოლებს იტანს. ჩვენ ველოდით პეტრ ჩეხის დიდებულ თამაშს. ველოდით ოლივიე ჟირუს გოლაობას. კიდევ ბევრ რამეს ველოდით, მაგრამ არ ველოდით მესუთ იოზილის ასეთ თამაშს.
გავრისკავთ და დავწერთ, რომ მესუთ იოზილისაგან ასეთ თამაშს ჩვენ კი არა, არც არავინ ელოდა. არა იმიტომ, რომ გერმანელს ეს არ შეუძლია. უბრალოდ, იმიტომ, რომ იოზილს ეძინა, მას შემდეგ, რაც "რეალიდან" პრემიერლიგაში გადაბარგდა.
მესუთი ამდენ ხანს მხოლოდ რიგითი ჯარისკაცი იყო არსენ ვენგერის შეთხელებულ, მტრებისგან გამოხშირულ არმიაში. ახლა ეს არმია ისევ შეთხელებულია, მაგრამ მესუთს აღარ სძინავს. მესუთი ფორმაშია და მეთაურის ყველა განკარგულებას ბოლომდე, შეუპოვრად და ზუსტად ასრულებს.
მოდით, ცოტა ხნით დავანებოთ თავი იმას, რომ მესუთ იოზილი პრემიერლიგის საუკეთესო მეპასეა ამ დროისათვის. თავი დავანებოთ იმასაც, რომ ის შეიძლება ლიგის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტი გახდეს და მხოლოდ ის შევაფასოთ, რაც მინდორზე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.
მესუთ იოზილი პრემიერლიგის მთავარი ფანტაზისტაა. ფანტაზისტებისათვის მიმდინარე სეზონი საშინელია: სესკი არ ვარგა; მატა ცუდია; კოუტინიო და ერიქსენი არასტაბილურები არიან.
გასაგებია, "ლესტერის" მთავარი ვარსკვლავი, რიად მაჰრეზი დიდებულია, მაგრამ მაჰრეზი მაინც ფლანგის მოთამაშეა. ის მაინც ეპიზოდურად ფეთქდება. ეპიზოდურად ხშირად, თუმცა მაჰრეზი ის კაცი არ არის, მთელი თამაშის რიტმი აკონტროლოს.
იოზილი მთელი თამაშის კაცია. გერმანელს მთელი თამაში ხელში უჭირავს. მუსიე არსენი ამბობდა, ეს სეზონი იოზილის სეზონი იქნებაო და ჯერჯერობით ფრანგი არ ცდება. ეს სეზონი იოზილის, ვარდისა და მაჰრეზისაა.
აქა-იქ გაჩნდა ინფორმაცია, რომ განახლების გზაზე შემდგარი "რეალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ იოზილის დაბრუნებას შეეცდება. ყველაზე უკეთ თავისი საქმე გერმანელმა იცის, თუმცა ჩვენი აზრია, რომ ის ახლა "რეალში" არამც და არამც არ უნდა დაბრუნდეს.
ჯერ ერთი, ტიტულთან როგორც იქნა მიახლოებული "არსენალის" მიტოვება დიდი ბრალია. მეორეც - "რეალში" იოზილი უკვე იყო და ვერ დააფასეს. "რეალი" იოზილის ადგილი არ არის.
იოზილი სხვანაირი ყაიდის მოთამაშეა. ის პასის კაცია და ძალიან ხშირად თავის გასატან გოლებს სხვებს ატანინებს ხოლმე. "რეალში" ასეთი ადამიანების ადგილი არ არის. "რეალში" რომ გამოავლინო საკუთარი თავი, გვარიანად ეგოისტი უნდა იყო.
ახლა მესუთისა და არსენისათვის ყველაზე საპასუხისმგებლო ჟამი დგება. ჟამი საშობაო ამბებისა. ეს პერიოდი "არსენალს" ძალიან ბევრჯერ ჩაუფლავებია და თუ წელს რაიმეს მოგება უნდა, არამც და არამც არ უნდა ჩააფლავოს.
ეს იცის ვენგერმა, ეს იცის იოზილმა. სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად - შედარებით რთული. ახლა პრემიერლიგაში თამაშები ერთმანეთს მიეწყობა და ტრავმების ალბათობაც ერთიორად გაიზრდება.
ახლა ყველაზე მაგრად უნდა გაუჭირდეს "არსენალს", თუმცა როდესღაც ყველაფერი სრულდება და ვენგერის მტანჯველი მოლოდინი უნდა დასრულდეს. "არსენალმა" ტიტული უნდა მოიგოს.
მუსიემ უნდა მოასწროს, თორემ მერე ძალიან გვიან იქნება. ამბობენ, არსენი "არსენალიდან" მიდისო და თუ წასვლაა, მოგებული უნდა წავიდეს. მთელი თავისი ჩავარდნებისა და სამენეჯერო შეცდომების მიუხედავად, ვენგერი ამას იმსახურებს.
მესუთიც იმსახურებს ტიტულს. როგორც იქნა, მან გაიღვიძა და როცა იოზილს ღვიძავს, პრემიერლიგის სხვა მონსტრებს სძინავთ. ამაზე უკეთეს მომენტს მწვრთნელი და შეგირდი ვეღარ დაიჭერენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"