რა შეიცვალა "ჩელსიში" ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ?

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში კრიზისში ჩაფლულ ლონდონის "ჩელსის" ასეთი სერია ჯერ არ ჰქონია. "არისტოკრატებმა" პრემიერლიგაში ზედიზედ ოთხი მატჩი ჩაატარეს წაუგებლად. ეს სერია გუნდიდან ჟოზე მოურინიოს წასვლას დაემთხვა. შემთხვევითია ეს ყოველივე თუ საქმე კანონზომიერებასთან გვაქვს?

მოუმატა თუ არა "ჩელსიმ" მოუს მერე?
თუ საკითხს მხოლოდ შედეგების მიხედვით შევხედავთ, მაშინ ყველაფერი ცხადზე ცხადია. თამაშის ხარისხის მიხედვით კი, პროგრესი მცირეა ან ის სულაც არ არის. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს.

"ჩელსიმ" საშინლად დაიწყო სეზონი და ის, ალბათ, უფრო ქვემოთ იქნებოდა სატურნირო ცხრილში, შემოდგომის მიწურულს ჟოზე მოურინიოს მკვეთრად
რომ არ გაეუმჯობესებინა გუნდის თამაში. უფრო და უფრო ხშირი იყო საუბარი ტოტალურ უიღბლობაზე.

თუ არ ჩავთვლით მოურინიოსათვის ბოლო, "ლესტერთან" გასვლაზე წაგებულ შეხვედრას, "ჩელსის" სულ ჰქონდა თამაში და მომენტები მოწინააღმდეგის კართან. ის კი ყველამ ვიცით, რომ ადრე თუ გვიან უიღბლობა სრულდება.

"ლესტერთან" მატჩი კი სულ სხვა თემაა. იმ შეხვედრის შემდეგ ჟოზე მოურინიომ შეგირდები მძაფრად გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი საკუთარი სამუშაოს გამყიდველები არიან. "ჩელსის" იმ მატჩში თამაში არ უნდოდა. განსაკუთრებით - პირველ ტაიმში.

და მაინც, ჟოზე ჩაფლავდა. ის ფეხბურთელებმაც ჩააფლავეს. "სანდერლენდთან" (როცა გუს ჰიდინკი ფორმალურად ჯერ არ იყო მოსული) და "კრისტალ პალასთან" მატჩები "ჩელსისათვის" სეზონში საუკეთესო იყო. ამ დროს გუნდის საჭესთან პორტუგალიელი აღარ იდგა.

ჰიდინკის მიგნება
ესპანელი ჟურნალისტი, დიეგო ტორესი მოურინიოსადმი მიძღვნილ წიგნში წერს, რომ მიუ პრესინგის სამ სახეობას იყენებს - პრესინგი სულ ზემოთ, საშუალო პრესინგი და პრესინგი სულ ქვემოთ, საკუთარ კართან ახლოს.

სესკ ფაბრეგასისა და ნემანია მატიჩის საშინელი ფორმის გამო "ჩელსი" ვერ ახერხებდა ზედა და საშუალო პრესინგის ორგანიზებას. ამას პორტუგალიელი მაინც ცდილობდა და უშედეგოდ. ისე ხდებოდა, რომ დაცვას მეტი ჯაფა აწვებოდა, მისი დალაგება კი ვერ ესწრებოდა მოწინააღმდეგეთა შეტევების დროს.

ჰიდინკის მიერ განხორციელებული მთავარი ტაქტიკური ცვლილება ესაა - შემტევებისა და ნახევარმცველების ცუდი ფორმის გამო გუსი დაცვის კარგ (შედარებით) გარჯას ეყრდნობა და მაქსიმალურად იყენებს შედარებით უკეთეს ფორმაში მყოფ მოთამაშეებს.

მართე და მოიგე
მოუ მუდამ კარგი ტაქტიკოსია. ასე იყო თუნდაც ამ სეზონში, მაგრამ პორტუგალიელს მაინც ეშლებოდა. მისი შეცვლები ან ძალიან დაგვიანებული იყო, ან ძალიან სარისკო. მოურინიოს დაეძაბა ურთიერთობა ფეხბურთელებთან.

მაგალითისათვის ედენ აზარი გამოდგება. პორტუგალიელმა ის ჯიუტად დააყენა რამდენჯერმე "ათიანის" პოზიციაზე და ამავე დროს, ამბობდა, რომ ბელგიელ ვარსკვლავს დისპეტჩერის როლის შესრულება კარგად არ შეუძლია.

ჰიდინკი ჯერ კარგად მართავს. ჯერ მისი კარგად ესმით ფეხბურთელებს. მან დიდი ნდობა გამოუცხადა ჯონ ობი მიკელს და ისიც ამართლებს.

შეხედე ახლებურად!
ახალი მწვრთნელი ახალ შეხედულებებსაც ნიშნავს. ჰიდინკი კარგად იცნობს ჯონ ობი მიკელს. იცნობს ჯერ კიდევ ძველი დროიდან, როცა ჰოლანდიელი "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი იყო.

ჯონი ჰიდინკის მოლოდინს ამართლებს. დიეგო კოშტამ ახალი, დიდი ნდობა და მოტივაცია იგრძნო. კოშტამ კვლავ დაიწყო გატანა და ეს ძალიან კარგია. მართალია, "ჩელსი" ჯერაც ვერაა ძველი და სრულყოფილი მანქანა, მაგრამ გუნდში უკეთესობის სიო კი ქრის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული