ასოციაციის თასი. 1/32-ფინალი: "თეთრი გედების" კრიზისი გრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
იურგენ კლოპს კიდევ ერთხელ მოუხდა კრიტიკის მოსმენა და პასუხების გაცემა. მისმა "ლივერპულმა", მართალია, გადახალისებული შემადგენლობით, მაგრამ ისევ მძიმედ ითამაშა და მეორე ლიგაში მე-17 ადგილზე მყოფ "ექსეტერს", რომელსაც იქამდე ზედიზედ 4 წაგება ჰქონდა, ვერ მოუგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ახლა მერსისაიდელებმა "ენფილდზე" გადათამაშებაში მაინც უნდა მოუხადონ ფანებს ბოდიში.

მსგავს დღეშია "მანჩესტერ იუნაიტედიც", რომელმაც კი მოიგო, მაგრამ ვაი ამ გამარჯვებას: ამისთვის "წითელ ეშმაკებს" ბოლო წამებზე პენალტი დასჭირდათ და "შეფილდ იუნაიტედის" ბარიერი წვალებით გადალახეს. "ოლდ ტრაფორდზე" ლუი ვან გაალის გუნდმა ისევ ვერ გაიტანა პირველ ტაიმში.

ტროი დინის გოლით "უოტფორდმა" "ნიუკასლი" დაითხოვა, ხოლო ნიკიცა იელავიჩმა "ვესტ ჰემს" "ვულვზთან" მოაგებინა.

"სიტიმ" კომფორტულად მოუგო "ნორვიჩს". ერთი გოლი კელეჩი იჰეანაჩოსი იყო. არც "ჩელსის" გასჭირვებია "სკანთორპთან" და აქაც გაიტანა ახალგაზრდამ - რუბენ ლოფტუს-ჩიკმა.

პრემიერლიგის ბინადარი, რომელიც ქვედალიგელს ხვდებოდა და გავარდა, "სუონსია". "თეთრი გედების" კრიზისი "ოქსფორდმა" გააგრძელა. წაგების მერე უელსური გუნდის ფანები ფეხბურთელებს გაექაჩნენ და ჯონჯო შელვი მათთან საქმის გასარჩევად მივიდა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

გავარდა ასევე ღრმა კრიზისში ჩარჩენილი "საუთჰემპტონიც", ოღონდ მეტოქედ არა ქვედალიგელი, არამედ "კრისტალ პალასი" ჰყავდა, რომელსაც საბოლოოდ, უილფრიდ ზაჰამ მოაგებინა.

"ტოტენჰემი"-"ლესტერის" დრამაში, რომელშიც ორივემ, მაგრამ უფრო კლაუდიო რანიერიმ დაასვენა ხალხი, ვიდრე მაურისიო პოჩეტინომ, "მელიები" ჯერ აგებდნენ, მერე იგებდნენ, საბოლოო ჯამში კი შეცვლაზე შემოსულმა ჰარი კეინმა 89-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა და ახლა "კინგ პოუერზე" უნდა ვნახოთ, რა მოხდება.

იქამდე კი ეს გუნდები შუა კვირაში "უაით ჰართ ლეინზე" კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთურთს, უკვე პრემიერლიგის ეგიდით.

ხალხის დასვენებაზე თუ მიდგა საქმე, ინგლისის ჩემპიონატის ლიდერი "არსენალი" უნდა ვახსენოთ. ერთი მხრივ, "მეთოფეებს" ისტორიული შანსი აქვთ და შეუძლიათ "ბლექბერნის" მერე, ანუ 1880-იანი წლების მერე პირველი გუნდი გახდნენ, რომელიც ასოციაციის თასს ზედიზედ მესამედ მოიგებს; მეორე მხრივ, ისეთი კარგი შანსი პრემიერლიგის მოგებისა, როგორიც ახლა აქვს, "არსენალს" დიდი ხანი არ ჰქონია.

ფანთა ნაწილი მატჩს ამ შინაარსის ბანერით შეხვდა: "ჩვენ პრემიერლიგის სათავეში ვართ".

ეს გულშემატკივრების პრიორიტეტს ხაზს უსვამდა და არსენ ვენგერიც ამ აზრზე ჩანს, რადგან მან არაერთი ძირითადის ფეხბურთელი დატოვა თადარიგში, ხოლო ზოგიც საერთოდ განაცხადში არ შეიყვანა, მათ შორის, ამ სეზონის მთავარი ვარსკვლავი მესუთ იოზილი. გერმანელს დასვენება ნამდვილად სჭირდებოდა.

ყველაზე სასიამოვნო და გასახარი კი ლონდონური გუნდისა და მისი ქომაგებისთვის ის გახლდათ, რომ ამ ცვლილებების მიუხედავად, "არსენალმა" მშვიდად და დამაჯერებლად ჩამოიშორა "სანდერლენდი". მართალია, ჯერმინ ლენსის გოლით "შავი კატები" წინ გავიდნენ, მაგრამ ჯოელ კემპბელმა გაათანაბრა. შეცვლზე შესვლიდან 5 წუთში აარონ რემზიმ თავისიანები წინ გაიყვანა, ოლივიე ჟირუმ კი წერტილი დასვა. ბელერინმა ორი საგოლე პასი გააკეთა.

ჯონათან უოლტერსის გოლმა "სტოკს" გასვლაზე "დონკასტერთან" 2:1 მოაგებინა. ასეთივე ანგარიშით და ასევე სტუმრად იძალა "ბორნმუთმა" "ბირმინგემთან" გლენ მარეის მიერ 85-ე წუთზე შეგდებული ბურთით. აი, ბირმინგემის "ასტონ ვილამ" კი თასზეც წარუმატებლად ითამაშა და "უიკომბთან" მხოლოდ ფრე გაახერხა.

ფანებსა და ფეხბურთელებს შორის დაძაბულობა ამ შემთხვევაშიც იყო და არის. მიკა რიჩარდს მოუხდა გულშემატკივრების კითხვაზე: "სად არის შემართება?" პასუხის გაცემა და მათთვის ახსნა, რომ ფეხბურთელებს არანაკლებად უნდათ სიტუაციის გამოსწორება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული