რატომ არ ენდობიან ინგლისურ პრემიერლიგაში ინგლისელ მწვრთნელებს?

AutoSharing Option
"სუონსიმ" 60 წლის იტალიელი ფრანჩესკო გვიდოლინი დანიშნა, ახლახან "ასტონ ვილამაც" შეცვალა ინგლისელი მწვრთნელი ფრანგი რემი გარდით. ტენდენცია კარგად აჩვენებს, რომ პრემიერლიგაში ინგლისელ სპეციალისტებს არცთუ კარგი რეპუტაცია ჩამოუყალიბდათ, მათ უბრალოდ, აღარ ენდობიან...

გედებიც ხსნას უცხოელისგან მოელიან
"სუონსი სიტის" გადაწყვეტილებამ, გადარჩენისთვის ბრძოლაში 60 წლის იტალიელი ფრანჩესკო გვიდოლინი ჩართონ, ინგლისელ მწვრთნელებს ახალი საფიქრალი გაუჩინა, მათთვის პრემიერლიგის ასპარეზი ნელ-ნელა იხურება.

ახლა პრემიერლიგის 20 კლუბიდან მხოლოდ 4-ს ჰყავს ინგლისელი თავკაცი. ლიგის მენეჯერთა ასოციაციამ, დროა, გამოიძიოს თუ რატომ აქვს ინგლისელ სპეციალისტებს ასეთი ცუდი რეპუტაცია თავიანთსავე ქვეყანაში. შეგახსენებთ,
რომ დიდი ხანი არ არის გასული, რაც "ასტონ ვილამ" ინგლისელი ტიმ შერვუდი სახლში გაუშვა და მხნელად ფრანგი რემი გარდი მიიყვანა.

თუმცა სხვა მაგალითებიც არსებობს, "სანდერლენდმა" პრემიერლიგაში დასარჩენ ბრძოლაში მოსაგებად ინგლისელ სემ ელერდაისს უხმო. მხოლოდ სეზონის ბოლოს გამოჩნდება, პრემიერლიგის აუტსაიდერი კლუბების ორი ტაქტიკიდან, რომელია სწორი. შარშანდელი გამოცდილება კი ინგლისელთა სასარგებლოდ არ მეტყველებს - ელიტა დატოვეს ინგლისელების, სტივ ბრუსის, შონ დაიჩისა და კრის რემზის გუნდებმა (ჰალი, ბარნლი, ქპრ), მაშინ, როცა ჰოლანდიელმა დიკ ადვოკაატმა "სანდერლენდი" გადაარჩინა.

ამიტომაც არის, რომ "გედების" პრეზიდენტის, ჰიუ ჯენკინსის გადაწყვეტილება აღარავის ეჩვენება მოულოდნელობად. პრემიერლიგის შექმნის დღიდან, ინგლისელთა რიცხვი კლებულობს სათადარიგოთა სკამზე. პრემიერლიგის პირველ სეზონში 15 კლუბს ინგლისელი მწვრთნელი ჰყავდა, თანაც, იყვნენ ასევე სხვა ბრიტანელები - შოტლანდიელები ჯორჯ გრემი და სერ ალექს ფერგიუსონი.

ეს სეზონი კი მხოლოდ 5-მა კლუბმა დაიწყო ინგლისელი თავკაცით, ანუ პირველ სეზონთან შედარებით, მეხუთედმა. შემდეგ კი კიდევ შემცირდა (ელერდაისი კი დაემატა, მაგრამ გარი მონკი და შერვუდი დააკლდა. ახლა ინგლისელ მწვრთნელთა კვარტეტი პრემიერლიგაში ასე გამოიყურება: ალან პარდიუ (კრისტალ პალასი), სემ ელერდაისი (სანდერლენდი), ედი ჰაუ (ბორნმუთი) და სტივ მაკლარენი (ნიუკასლი). უნებლიედ, თვალი პრემიერლიგის ცხრილისკენ გაგვექცა, სადაც კარგად ჩანს, რომ 4 კლუბიდან სამი აუტსაიდერია, თანაც, ორი გასავარდნ ზონაში. თავი ქუდში მხოლოდ მე-8 ადგილზე მყოფ "პალასს" აქვს.

რატომ ხდება ასე? რატომ არ მოჩხრიკა "სუონსიმ" ვარიანტები სტიუარტ პირსთან, ჰარი რედნაპთან, ნაიჯელ პირსონთან ან სხვა თავისუფალ ინგლისელ მწვრთნელთან დაკავშირებით? მათ ხომ უკეთ იციან ინგლისური კლუბების შიდასამზარეულო. რატომ ამჯობინეს მათ არცთუ ახალგაზრდა გვიდოლინი, რომელიც ბოლოს 18 თვის წინათ მუშაობდა "უდინეზეში" და ალბიონზე აუცილებლად ექნება ენობრივი და სხვა სახის ბარიერები.

მხოლოდ მოდა?
დეივ ბასეტი, რამდენიმე ინგლისური გუნდის ყოფილი თავკაცი, ამტკიცებს, რომ უცხოელების უკეთესობა არის მოდური მითი დღევანდელ პრემიერლიგაში, კერძოდ, კი კლუბების ბოსებში.

ერთხელ, დიდმა სემმა თქვა კიდევაც, ჩემ გვარს გაუგებარი ჰოლანდიური დაბოლოება, რომ ჰქონდეს, უფრო მეტად დაფასებული მწვრთნელი ვიქნებოდი სამშობლიოშიო. იმას, რომ ასეთი მდგომარეობა მიუღებელია, ერთ-ერთი უცხოელი თავკაციც კი ამბობს: "ინგლისში ადგილობრივ კადრებს მეტი გასაქანი უნდა მიეცეს", - ამბობს "ჩელსის" დროებითი მესაჭე გუს ჰიდინკი.

გასაგებია, რომ გვიდოლინის ბოლო სამუშაო პოცოს ოჯახის ტექნიკური მრჩევლობაა, პოცოს ოჯახს კი "უდინეზე", "გრანადა" და "უოტფორდი" ეკუთვნის. ამ ოჯახმა "უოტფორდში" ესპანელი კიკე სანჩეს ფლორესი მიიყვანა და ეს ტაქტიკა ჯერჯერობით, ამართლებს. "უოტფორდი" სულ ცოტა ხანში ჩემპიონშიპის მაჩანჩალადან პრემიერლიგის საშUუალო გუნდად იქცა.

მართალია, სემ ელერდაისს მართლაც კარგი რეპუტაცია აქვს, მაგრამ ასეთი მწვრთნელებიც მაქსიმუმ მხოლოდ მხსნელად ესახებათ კლუბის ბოსებს. სემმა დიდი საქმე გაუკეთა "ვესტ ჰემს", მაგრამ იმ სიმაღლეზე მაინც ვერ აიყვანა, როგორც ახლა - სლავენ ბილიჩმა.

პირსონმა "მელიები" გავარდნისგან იხსნა, მას ტაში დაუკრეს, მაგრამ სხვა დავალებისთვის სხვა მწვრთნელი მიიწვიეს - იტალიელი კლაუდიო რანიერი. შეგახსენებთ, რომ ახლა "ლესტერ სიტი" "არსენალთან" პირველ ადგილს იყოფს 44 ქულით.

უცხოელთა უპირატესობები
ბოლო ინგლისელი მენეჯერი, რომელმაც ინგლისურ კლუბს ელიტის ტიტული მოუპოვა, რედნაპია, რომელმაც 2008 წელს "პორტსმუტთან" ერთად ასოციაციის თასის მოგება იზეიმა. მაგრამ ეს ერთადერთი შემთხვევაა ბოლო დეკადაში!

ინგლისელებს კი არა, ზოგადად, ბრიტანელებსაც ნაკლებად ანდობენ ისეთ გუნდებს, რომელთაც დიდი მიზნები აქვთ დასახული. გვახსოვს მარკ ჰიუზი "სიტის" სათავეში. მან შეი გივენი არჩია ჯო ჰარტს! პირველი, რაც მისმა შემცვლელმა რობერტო მანჩინიმ გააკეთა, ამ უსამართლობის შეცვლა იყო.

უცხოელები გაცილებით უფრო ნოვატორებიც აღმოჩნდნენ. 90-იანების დასაწყისში სერ ალექსმა ერთი ამბავი ატეხა არსენ ვენგერის ახალი მეთოდიკის გამო, მაგრამ შოტლანდიელი საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ ფრანგის სიახლეები თავადაც გადაეღო. უცხოელი მწვრთნელები ხშირად, ისე "ზრდიან" ფეხბურთელებს, რომ ისინი უფრო კარგ ფასში იყიდებიან და კლუბიც ფინანსურად ხეირობს. მაშინ, როცა რედნაპის კარგი სამუშაოს მიუხედავად, მისი წასვლის მერე კლუბი კინაღამ გაკოტრდა. რა თქმა უნდა, ამაში რედნაპს ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ ფაქტია - უცხოელები უფრო კომპლექსურად განვითარებულები არიან.

გავიხსენოთ, რაფა ბენიტესი, რომელმაც პირველმა დანერგა პრემიერლიგაში 4-2-3-1 სისტემა, პირველმა დაიწყო ფეხბურთელთა როტაცია თასის თამაშებში. ახლა ამას ლამის ყველა მწვრთნელი აკეთებს.

შესაძლოა, ინგლისელ მწვრთნელებს უფრო მკაცრად განვიკითხავთ, მაგრამ ფაქტია, როცა მათ შანსი მიეცათ, ძირითადად, უკეთ მუშაობა ჰმართებდათ.

ნათელი წერტილი
ამ ყველაფრის ფონზე "ბორნმუთის" ახალგაზრდა თავკაცი ნათელი გამონაკლისია - ედი ჰაუს შეუძლია თავის ფეხბურთელებთან, მედიასთან, ბოსებთან კარგი ურთიერთობა, მას შეუძლია კარგი გუნდის გაკეთება. ის ამტკიცებს, რომ ყველა ინგლისელი მენეჯერი ცუდი არ არის.

მაგრამ ერთი ჰაუ გაზაფხულს ვერ მოიყვანს და მალე ისე მოხდება, რომ როი ჰოჯსონის შემცვლელად კანდიდატადაც არ დარჩება ინგლისელი მწვრთნელი, ეს კი ამ ქვეყანაში არავის უნდა...

მწვრთნელები პრემიერლიგაში
4 ინგლისი პარდიუ, ჰაუ, მაკლარენი, ელერდაისი
3 ჰოლანდია ვან გაალი, ჰიდინკი, კუმანი
2 საფრანგეთი ვენგერი, გარდი
2 იტალია რანიერი, გვიდოლინი
2 ესპანეთი მარტინესი, ფლორესი
2 უელსი ჰიუზი, პულისი
1 ხორვატია ბილიჩი
1 არგენტინა პოჩეტინო
1 ჩილე პელეგრინი
1 გერმანია კლოპი
1 შოტლანდია ნილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული