პრემიერლიგა. XXIII ტურის წინ: ლონდონური დერბის მოლოდინში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ზონასთან "ლივერპულის" ჩამორჩენა უკვე 8 ქულაა და ამ მხრივ გუნდს რაღაც რეალური შანსის შენარჩუნება სურს "ნიორვიჩთან" აუცილებლად უნდა მოიგოს. თუმცა მერსისაიდელებს თამაში ისევ მძიმედ მისდით.

ისინი "მანჩესტერთან" მტკივნეული მარცხის მერე, ხასიათზეც ვერ იქნებიან. გარდა ამისა, "ნორვიჩს" ქულები ასევე ძალიან სჭირდება, რადგან გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

მოკლედ, იურგენ კლოპს გვარიანი ნერვიულობა ელის. იქამდე კი "კლოპომ" თავისიანებითურთ გადათამაშება მაინც მოუგო თასზე "ექსეტერს" - 3:0. მთავარი კი ის იყო, რომ სამიდან ერთი გოლი "ვულვზიდან" უკან გამოთხოვილმა 18 წლის შემტევმა
შეი ოჯომ გაიტანა, თანაც ძალიან ლამაზი დარტყმით.

"ასტონ ვილა" ყველასთვის ადვილად დასამარცხებელი აღარ არის, მაგრამ უსაფრთხო ზონამდე მთელი 10 ქულაა და ბირმინგმელებს ერთგვარი "ბოლო შანსი" აქვთ... მეტოქე კი მრისხანეა - ტონი პულისის "ვესტ ბრომვიჩი", რომელიც ამ წუთისთვის თავს მშვიდად კი გრძნობს, მაგრამ ზედიზედ კიდევ ორი-სამი მოუგებელი მატჩი და შეიძლება, ბოლო სამეულთან ნაბიჯში აღმოჩნდეს. პულისი კი ფრთხილი კაცია და თან ბოლოადგილოსანთან ქულების დაკარგვა მისთვის წარმოუდგენელი რამ არის.

რადგან ბოლო შანსებზე და პრინციპულ მატჩებზე ვსაუბრობთ, კლასიკური 6-ქულიანი შეხვედრაა "სანდერლენდსა" და "ბორნმუთს" შორის. "ალუბლები" ახლა "შავ კატებს" 6 ქულით უსწრებენ, მაგრამ მაინც ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს შეხვედრა არ წააგონ, ედი ჰაუს გუნდს თავდაჯერება სჭირდება. ვინ იცის, ეს სეზონის გარდამტეხი მომენტიც იყოს.

"სანდერლენდმა" კი ბოლო წლებში მიგვაჩვია, რომ სულ ასეთ ომშია, მაგრამ ამჯერად უკვე მართლა გაიჭირდება გადარჩენა თუ თამაშს ცოტა არ გამოასწორებს. სემ ელარდაისიც ყურადღებითაა და ცდილობს, ჯერმინ დეფოს გარდა, სხვებიც აათამაშოს.

პირველ წრეში "უოტფორდი" ძალიან კარგი იყო, მაგრამ ბოლო ტურებში აურია. კიკე სანჩეს ფლორესის გუნდს მიჯრით 4 წაგება აქვს და ბოლო ორ მატჩში მარცხთან ერთად, გუნდის თამაშიც არ გახლდათ მოსაწონი, ხარისხმა იკლო. დროებითი იყო თუ არა ეს, "ნიუკასლთან" საშინაო დაპირისპირებისას გამოჩნდება.

ჯორდებმა პირიქით, უკანასკნელი ორი შეხვედრა მშვენივრად ჩაატარეს და გასავარდნი ზონიდან ამოსვლამდე ძალიან ცოტ აკლიათ. სტივ მაკლარენს იმედი ექნება, რომ ჯორჯინიო ვეინალდუმი ბოლოს და ბოლოს, "სენტ ჯეიმს პარკის" გარდაც გაიტანს სადმე გოლს, ალექსანდრ მიტროვიჩი მიზანს გაისწორებს, სისოკო ისევ აფეთქდება და სხვებიც აჰყვებიან. უოტფორდელთა მთავარი კაცები კი, მშვენივრად იცით, ვინც არიან - ტროი დინი და ოდიონ იგალო.

გამოიღვიძა "საუთჰემპტონმა" და ეს ძალიან ცუდი ამბავია "მანჩესტერისთვის", რადგან "წითელ ეშმაკებს" სწორედ "წმინდანებთან" აქვთ დუელი.

ცხადია, ფავორიტად მაინც ლუი ვან გაალის გუნდი ითვლება, მაგრამ რონალდ კუმანის ბიჭები თავისას შეეცდებიან, თანაც მანჩესტერელთა თამაში დიდად მოსაწონი ნამდვილად არ არის და "ლივერპულთანაც" გაუმართლათ და ისე მოიგეს. შეგახსენებთ, რომ საშინაო შეხვედრაში "იუნაიტედს" პირველ ტაიმში გოლი ძალიან დიდი ხანია, ვერ გააქვს და საინტერესოა, გატეხავს თუ არა ამ ნავსს.

კლუადიო რანიერის "ლესტერს" ბოლო 6 ტურში ერთადერთი გამარჯვება აქვს და მაინც პრემიერლიგის თანალიდერია, მაგრამ მალე ვეღარ იქნება თუ ასევე გააგრძელებს. "მელიები" თასიდანაც გამოვარდნენ, რადგან შინ დათმეს გადათამაშება "ტოტენჰემთან".

იტალიელმა სპეციალისტმა შემადგენლობა გადაახალისა, მაგალითად, რიად მაჰრეზი მან საერთოდ დაასვენა და, ალბათ, სწორადაც მოიქცა, რადგან უკანასკნელ შეხვედრებში ალჟირელი ვერ ბრწყინავდა, ლესტერშირელთა თამაშს კი ყველაზე მეტად, ალბათ, მაინც მაჰრეზი განაპირობებს.

მეტოქედ "ლესტერს" "სტოკი" ჰყავს, რომელიც წინა ტურში ერთ ლიდერს ეთამაშა "არსენალის" სახით და არ წააგო, ახლა კი მეორეს შეებმება. სტოკელებს მშვენიერი სეზონი აქვთ და ევროზონას უტრიალებენ. მარკ ჰიუზის შეგირდებს თამაში თუ წაუვიდათ...

თამაში არ მისდის "კრისტალ პალასს", გუნდს 5 ტურია, არათუ არ მოუგია, არამედ გოლიც კი არ გაუტანია. "არწივებმა" ორ 0:0-ს, სამი მარცხი მიაყოლეს და ალან პარდიუს ახლაც ბევრი საფიქრალ-სანერვიულო ექნება, რადგან მეტოქედ "ტოტენჰემი" ჰყავს.

"დეზები" წლებია ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნებობენ და ოთხეულში შესვლა მათთვის სასიხარულო იქნება, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო და, ვინ იცის, კლუბის ბანაკში უკვე ჩემპიონობამაც გაუელვა ვინმეს. ხოლო ამისთვის გამარჯვებაა საჭირო და თანაც პირველობისთვის გაბრძოლებას რომც შევეშვათ, "დეზებს" ჯერ ოთხეულშიც არ აქვთ გარანტირებული ადგილი, მათი უახლოესი მდევარი "მანჩესტერია".

"სიტიმ" წინა ტურში "ლესტერისა" და "არსენალის" წაბორძიკებით ისარგებლა და მათთან სხვაობა ქულამდე შეამცირა. ახლა კი მანუელ პელეგრინიმ სლავენ ბილიჩს უნდა აჯობოს და "ბოლეინ გრაუნდიდან" 3 ქულა უნდა წამოიღოს, რაც წესითა და რიგით რთულზე რთული მისია იქნება, რადგან "ჩაქუჩები" მშვენიერ სეზონს ატარებენ. თუმცა "ვესტ ჰემი" ცოტა ხასიათის გუნდია და გააჩნია, როგორ გუნებაზე იქნებიან ფეხბურთელები, დიმიტრი პაიეს თამადობით.

ალან კერტისმა "უოტფორდთან" ჰაერივით საჭირო 3 ქულა აიღო და ასე დაემშვიდობა დროებითი მწვრთნელი "სუონსის". უელსური კლუბი ძალიან გამოცდილ ტაქტიკოსს ფრანჩესკო გვიდოლინს ჩააბარეს. 60 წლის იტალიელს დებიუტი ფრეებისკენ მიდრეკილ, მაგრამ გამარჯვებაზე დაგეშილ "ევერტონთან" ექნება, თანაც "გუდისონ პარკზე".

აღსანიშნავია, რომ "ევერტონი" "სუონსისთვის" პრემიერლიგაში აღზევების მერე ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა, შეიძლება ყველაზე უხერხულიც. "კანფეტებს" აქამდელი 13 ურთიერთშეხვედრიდან "თეთრ გედებთან" არც ერთხელ არ წაუგიათ - 8 მოგება, 5 ფრე.

მივადექით ტურის მთავარ და დასკვნით მატჩსაც. "ემირატებზე" ლონდონური დერბია და ბოლო წლებში პირველად, "არსენალი" გამოკვეთილი ფავორიტია. ამის მიზეზი, "ჩელსის" ძალიან ცუდი თამაშია, გუს ჰიდინკმა ჯერჯერობით, ბოლომდე ვერ იჯადოქრა და ამ ხუმრობა ხუმრობაში "ლურჯები" გასავარდნ ზონას მარტოდენ 4 ქულით უსწრებენ, ამდენითაც ვერ გაუსწრებდნენ წინა ტურში ბოლო წამებზე "ევერტონისთვის" რომ არ გაეტანათ ან მსაჯს რომ შეემჩნია აშკარა თამაშგარე. "ჩელსიმ" უკანასკნელ ორ მატჩში 5 გოლი კი გაიტანა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ამდენივე გაუშვა.

ფრედ დამთავრდა "არსენალის" წინა ორი შეხვედრაც. არსენ ვენგერმა იცის, რომ ამ მატჩის ვერმოგება, დიდი ალბათობით, პირველი ადგილის დაკარგვად დაუჯდეს და, ვინ იცის, მერე შეძლებს თუ არა იქ დაბრუნებას... თანაც, ფრანგმა ერთი შეუსრულებელი მისია შეასრულა და სეზონის სტარტზე სუპერთასის შეხვედრაში კარიერაში პირველად დაამარცხა ჟოზე მოურინიო, ახლა კი უშუალოდ პრემიერლიგაში "ჩელსისთან" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია (3 ფრე, 5 წაგება) უნდა შეწყვიტოს.

XXIII ტური
შაბათი. 23 იანვარი
ნორვიჩი-ლივერპული 16:45
დისკვალიფიკაცია: ო’ნილი
ტრავმა: - ლოვრენი, სტარიჯი, როსიტერი, კოუტინიო, შკრტელი, ორიჯი, გომესი, ინგსი
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +10 =13 -26 (46-97)

ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ჰატონი, ადამა ტრაორე, ამავი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 166 თამაში: +54 =35 -77 (225-262)

სანდერლენდი-ბორნმუთი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მეტიუზი, ლარსონი - რიტჩი, რენტი, კინგი, გრადელი, უილსონი, მინგსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0 =0 -1 (0-2)

უოტფორდი-ნიუკასლი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯილმარტინი, დოილი - ტოვენი, ანიტა, სისე, უილიამსონი, აიდარა, დე იონგი, ობერტანი, კრული
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +3 =6 -4 (18-20)

მანჩესტერი-საუთჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯონსი, შოუ, ა. ვალენსია, შვაინშტაიგერი, პაუელი, კერიკი - რამირესი, სტეკელენბურგი, გარდოში
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 77 თამაში: +43 =18 -16 (141-90)

ლესტერი-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - შაქირი, კემერონი, აირლენდი, გივენი
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +13 =13 -15 (47-51)

კრ. პალასი-ტოტენჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გეილი, ბოლაზი, აპია - ბენთალები, ნ’ჟიე
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +6 =10 -15 (27-45)

ვესტ ჰემი-სიტი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სახო, ლანსინი, კეროლი - რობერტსი, ფერნანდინიო, მანგალა, ბონი, კომპანი, ნასრი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +32 =14 -41 (130-138)

კვირა. 24 იანვარი
ევერტონი-სუონსი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაკარტი, ბრაუნინგი, ჰიბერტი, კოულმენი -
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +8 =5 -0 (23-8)

არსენალი-ჩელსი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როსიცკი, უელბეკი, უილშირი, კოკლენი, კასორლა - ფალკაო, ატსუ
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +2 =4 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 157 თამაში: +61 =47 -49 (220-203)

ბომბარდირები: 15 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 13 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 10 - სერხიო აგუერო (სიტი); 9 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი); ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი); 7 - მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი), ანდრე აიუ (სუონსი), დიეგო კოსტა (ჩელსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული