პრემიერლიგა. XXIII ტური: "მელიები" პირველზე, თაგვი "ოლდ ტრაფორდზე" [VIDEO]

AutoSharing Option
* ჩარლი ოსტინმა "საუთჰემპტონს" სადებიუტო მატჩში მოაგებინა.

* ფრანჩესკო გვიდოლინმა "სუონსის" თავკაცობა "ევერტონზე" გამარჯვებით დაიწყო.

* "სტანდარდმა" ვიქტორ ვალდესის ტრანსფერი გამოაცხადა.


ლონდონური დერბი "ჩელსიმ" მოიგო და საშუალება მისცა "ლესტერ სიტის", ერთპიროვნულად გალიდერებულიყო. მანჩესტერელთაგან საუკეთესო "დრიბლინგი" აშკარად "ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნებს ქვეშ ბინადარი თაგვის ანგარიშზეა, რომელიც მოულოდნელად გამოვარდა მოედანზე და "იუნაიტედის" ფანები ოდნავ მაინც გაამხიარულა...

საოცარი თრილერი
ბრწყინვალე მატჩი გაიმართა "ქეროუ როუდზე". მიუხედავად იმისა, რომ ვერც "ნორვიჩმა" და ვერც "ლივერპულმა" მაღალი დონის ფეხბურთი ვერ ითამაშეს და მათ ბევრი ხარვეზი ჰქონდათ, უხვგოლიანობამ შესანიშნავი სპექტაკლი
შექმნა და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. პურითაც დავნაყრდით და სანახაობითაც.

თანაც, ერთის გარდა, ყველა გოლი ლამაზი იყო. არადა, სწორედ იმ ერთმა "უშნო" გოლმა მიაყენა ძლიერი დარტყმა "იადონებს" - მათმა კაპიტანმა მარტინმა უკან მარტინ შკრტელისებრი პასი გააკეთა და ჯეიმს მილნერს გოლი აჩუქა, რითაც "ლივერპული" თამაშში დაბრუნდა. მბოკანის უზადო ქუსლური, რობერტო ფირმინოს საფირმო თამაში, "ევერტონიდან" "ნორვიჩში" გადაბარგებული ნეისმიტის კოხტა გოლი სადებიუტო მატჩში... და, რაც მთავარი და ყველაზე დაუჯერებელია, ბასონგის გოლი შორეული, ძლიერი დარტყმით - დიახ, 92-ე წუთზე ბასონგმა გაისროლა და ანგარიში 4:4 გახდა.

აბა, ვინ იფიქრებდა, რომ როგორც იურგენ კლოპი იტყოდა, ამ მძიმე მეტალის კომპოზიციასავით ნოყიერ მატჩში კიდევ რამე მოხდებოდა და ვინმე ერთ, საბოლოო მძიმე აკორდსაც აიღებდა. ეს "ვინმე" შეცვლაზე შესული ადამ ლალანა გამოდგა, რომელმაც "იადონები" მიწას დაანარცხა. "კლოპო" სიხარულისგან გადაირია და შეურაცხადი შეიქნა, მან ფეხბურთელებს დაუძახა, ჩემკენ გამოიქეცითო და მათთან ერთად იზეიმა, განსაკუთრებით კი, გამარჯვების გოლის გამტან ლალანას ჩაღრიალა ყურში რაღაც-რაღაცები.

ეს ზუსტად ის არის, რაც გერმანელს სურდა - მებრძოლი სული და შემართება. "ლივერპულმა" წარმოუდგენელი მატჩი მოიგო, თანაც დიდი დანაკლისის ფონზე და, ვინ იცის, ეს მიმდინარე სეზონში გარდამტეხი გამოდგეს. ერთი ესაა, სანამ ფეხბუთელები კლოპს ახტებოდნენ, მას სათვალე გაუტყდა, მაგრამ საბედნიეროდ, ფიზიკურ დაზიანებას გადაურჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ალის შედევრი
ისე, ლამაზ გოლებზე თუ მიდგა საქმე, ლამაზი გოლი ისეთი უნდა, დელე ალიმ რომ შეაგდო - შედევრი! თანაც, "ტოტენჰემი" უპირატესობის მიუხედავად, კიდევ ერთი ვერმოგებული მატჩისკენ მიდიოდა და ამ ვუნდერკინდის წაცეკვება და შემდეგ ტრიალში უძლიერესი დარტყმა ბევრ რამედ ღირდა. ამის აღწერა დანაშაულია, უნდა იხილოთ და თანაც, არაერთხელ.

დიახ, "ტოტენჰემმა" მოიგო და "სიტისთან" სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, რადგანაც "ქალაქელებმა" "ვესტ ჰემს" ვერ მოუგეს. რეალურად კი უპრიანი იქნება ვთქვათ, რომ "სიტიმ" უფრო ქულა აიღო, ვიდრე ორი დაკარგა, რადგან "ბოლეინ გრაუნდზე" თუკი ვინმე იმსახურებდა გამარჯვებას, ეს "ვესტ ჰემი" იყო. ერთადერთი, რაც სლავენ ბილიჩის ბიჭებს დააკლდათ, ბოლო ლურსმნის დაჭედება იყო და ბოლო წამზეც არ გაუმართლათ, როდესაც კუიატეს თავური ხარიხამ აისხლიტა.

"ქალაქელები" კი სერხიო აგუერომ გადაარჩინა, მაგრამ მეორე გოლისას აუცილებლად უნდა დავუფასოთ კარგი თამაში ახალგაზრდა ნიგერიელს, კელეჩი იჰეანაჩოს, ვინც შეცვლაზე გამოვიდა და თავისიანებს კიდევ ერთხელ დაეხმარა. კუნის დუბლთან ერთად, ენერ ვალენსიას დუბლიც აღსანიშნავია და დიმიტრი პაიეს მორიგი კარგი მატჩიც.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მელიებმა" დრო იხელთეს
"ლესტერმა", ბოლოს და ბოლოს, ნავსი გატეხა და დიდი სხვაობით იმარჯვა. ეს "სტოკის" დამსახურებაც გახლდათ, რომელიც უჩვეულოდ პასიური გახლდათ წინა ხაზზე, რისი მიზეზიც, ერთი მხრივ, მარიო არნაუტოვიჩის არყოფნა იყო, მეორე მხრივ, მარკ ჰიუზის უცნაური გადაწყვეტილებების და მინდორზე მყოფი მოთამაშეების უნიათობის.

ჰო, კიდევ ერთი მიზეზიც არის - რაიან შოუკროსის ტრავმა, კაპიტანი შესაცვლელი შეიქნა და სტოკელებმაც ამის მერე გაუშვეს გოლები. გაიტანა ჯეიმი ვარდიმ და ამ გამარჯვების შემდეგ კლაუდიო რანიერის გუნდმა პირველი ადგილი დაისაკუთრა.

"ჩელსის" კომპლექსი
"არსენალმა" ტურის ცენტრალური შეხვედრა წააგო შინ "ჩელსისთან" და პირველი კი არა, მეორე ადგილიც დაკარგა, "სიტის" უკეთესი ბურთების სხვაობა აქვს. არსენ ვენგერს "ჩელსის" კომპლექსი მაინც რჩება, პრემიერლიგაში უკვე 9 თამაშია, არ დაუმარცხებია "ლურჯები" და ამ სეზონში მეორედაც დამარცხდნენ მათთან. დიეგო კოშტამ კი ისევ გაუტანა "მეთოფეებს". ეს მატჩის ერთადერთი გოლი გამოდგა.

შეხვედრაზე დიდი ზეგავლენა პერ მერტეზაკერის წითელმა ბარათმა მოახდინა. სტარტზე ათი კაცით დარჩენილ "არსენალს" პირველ ტაიმში გაუჭირდა, გერმანელის გაძევებას კი ოლივიე ჟირუ შეეწირა, ვენგერს თანამემამულის მოხსნა და მცველის (გაბრიელის) გამოყვანა მოუხდა.

ამის მიუხედავად, "ემირატების" ბინადრებმა ბოლომდე იბრძოლეს და ერთი-ორი მომენტი ჰქონდათ, ფლამინის რომ გაეტანა... ვთქვათ ისიც, რომ "არსენალს" ალექსის სანჩესი დაუბრუნდა, ხოლო "ჩელსის" - ედენ აზარი, ორივე მეორე ნახევარში ცვლილებაზე შევიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იგალო, ვან ანჰოლტი...
"სანდერლენდისა" და "ბორნმუთის" ექვსქულიან შეხვედრაში ის შედეგი დაფიქსირდა, რომელიც დიდად არც ერთ გუნდს არ აძლევდა ხელს - ფრე. ისევ გაიტანა ვან ანჰოლტმა.

გოლებზე თუ ვწერთ, ოდიონ იგალოც უნდა ვახსენოთ, რომელმაც ხანმოკლე პაუზის შემდეგ გოლის გემო გაიხსენა და თავის "უოტფორდს" ცუდი სერიის შეწყვეტაში დაეხმარა. მისი ასისტენტი კვლავაც ტროი დინი გახლდათ. "ნიუკასლი" კი კვლავაც გასაჭირშია და გაუმართლა, რომ კონკურენტებმაც დაკარგეს ქულები.

დასავლეთ მიდლენდსის დერბი გაიმართა "ვესტ ბრომვიჩსა" და "ასტონ ვილას" შორის, მაგრამ სიტყვების რახარუხისა და აფიშის მიუხედავად, სპექტაკლი არ შედგა - 0:0. ნული ეწერა "ალბიონის" ზუსტი დარტყმების გრაფაშიც. ბირმინგემელები კი აქტიურობდნენ, მაგრამ "ვესტ ბრომვიჩს" ბენ ფოსტერი დაუბრუნდა, მიდი და გაუტანე...

ვან გაალის საშველი არ არის
ისევ დამარცხდა "მანჩესტერ იუნაიტედი". ამჯერად, "წითელმა ეშმაკებმა" საერთოდ ვერ გაიტანეს. მათ მეტოქის კარში ერთადერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდათ!

სამაგიეროდ, გაიტანა ჩარლი ოსტინმა, შეცვლაზე შესვლიდან რამდენიმე წუთში ქპრ-ს ექსფორვარდმა "წმინდანების" მაისურით თავის სადებიუტო შეხვედრაში მძლავრი თავურით შეგვახსენა, რომ მისი ადგილი პრემიერლიგაშია და ბევრ გუნდს სანანებლად გაუხდის, თავის დროზე რომ არ იყიდეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იტალიური სამწვრთნელო სკოლის მასტერკლასი ჩაუტარეს რობერტო მარტინესს. გამოცდილმა ფრანჩესკო გვიდოლინმა "სუონსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი "გუდისონ პარკზე" მოგებით აღნიშნა და "თეთრი გედები" ცოტათი მოაშორა გასავარდნ ზონას. "კანფეტებისთვის" ცუდი ისიც იყო, რომ პირველ ტაიმში ბეშიჩი და მირალასი ტრავმების გამო შესაცვლელები შეიქნენ.

XXIII ტური
23 იანვარი
ნორვიჩი-ლივერპული 4:5
გოლები: 0:1 ფირმინო (18), 1:1 მბოკანი (29), 2:1 ნეისმიტი (41), 3:1 ჰულაჰანი (54-პენ.), 3:2 ჰენდერსონი (55), 3:3 ფირმინო (63), 3:4 მილნერი (75), 4:4 ბასონგი (90+2), 4:5 ლალანა (90+5)
ნორვიჩი (4-4-1-1): დ. რადი - ივო პინტო, მარტინი, ბასონგი, ბრეიდი - ჰოუსონი, დორანსი - ჰულაჰანი (70. მარტინ ოლსონი), ნეისმიტი (82. ჯერომი), რედმონდი (70. ჯერვისი) - მბოკანი
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, კ. ტურე, სახო, მორენო (90. კოლკერი) - ლუკასი, ჯანი, ჰენდერსონი (76. ბენტეკე) - აიბი (59. ლალანა), მილნერი, ფირმინო
გაფრთხილება: - ლალანა
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 10-14 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 6(5)-13(7) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 27 108

კრ. პალასი-ტოტენჰემი 1:3
გოლები: 1:0 ვერტონგენი (30 ს. კ.), 1:1 კეინი (63), 1:2 ალი (84), 1:3 შადლი (90+5)
კრ. პალასი (4-3-3): ჰენესი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - ლედლი, მაკარტური (79. იედინაკი) - პანჩონი, ზაჰა, კაბაი (85. კემპბელი) - ვიქჰემი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი (75. ვიმერი), როუზი - დემბელე, დაიერი (56. შადლი) - ალი, ერიკსენი (88. ბენთალები), სონი - კეინი
გაფრთხილება: მაკარტური, იედინაკი - ტრიპიერი, კეინი
კუთხური: 3-10 ჯარიმა: 11-12 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 11(3)-24(11) ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 28 467

ლესტერი-სტოკი 3:0
გოლები: 1:0 დრინკვოტერი (42), 2:0 ვარდი (66), 3:0 ულოა (87)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - მაჰრეზი, დრინკვოტერი, კანტე, ოლბრაიტონი (88. გრეი) - ვარდი, ოკაზაკი (62. ულოა)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი (30. უილსონი), ვოლშაიდი, პიტერსი - უელანი, აფელაი - დიუფი (71. ოდემვინგი), უოლტერსი, შაქირი (79. კრაუჩი) - ხოსელუ
გაფრთხილება: - შაქირი
კუთხური: 8-4 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 15(5)-3(2) ბურთის ფლობა: 45%-5%
მაყურებელი: 32 018

მანჩესტერი-საუთჰემპტონი 0:1
გოლი: 0:1 ოსტინი (87)
მანჩესტერი (3-4-1-2): დე ხეა - დარმიანი (60. მაკნეირი), სმოლინგი, ბლინდი - ბორტვიკ-ჯექსონი (86. იანუზაი), ფელაინი (46. მატა), შნეიდერლენი, ლინგარდი - ერერა - მარსიალი, რუნი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - სედრიკი, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი - ვანიამა, კლასი (67. რომეუ) - ტარგეტი, მანე (79. ოსტინი), ტადიჩი (67. უორდ-პრაუსი) - ლონგი
გაფრთხილება: -
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 11-8 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 8(1)-7(2) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 75 408

სანდერლენდი-ბორნმუთი 1:1
გოლები: 0:1 აფობე (13), 1:1 ვან ანჰოლტი (45+1)
სანდერლენდი (4-2-3-1): მანონე - ჯონსი, ო’ში, ბრაუნი, ვან ანჰოლტი - მ’ვილა, კატერმოლი - ჯონსონი, ლენსი (88. როდუელი), ბორინი (66. უოტმორი) - დეფო
ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმენი - პიუ (57. რიტჩი), გოსლინგი, არტერი, სტანისლასი (90+2. მარეი) - აფობე (64. გრაბანი)
გაფრთხილება: ჯონსი - სურმენი
კუთხური: 3-4 ჯარიმა: 5-9 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 10(5)-15(5) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 41 367

უოტფორდი-ნიუკასლი 2:1
გოლები: 1:0 იგალო (46), 2:0 კატკარტი (58), 2:1 ლასკელსი (71)
უოტფორდი (4-4-2): გომესი - პარედესი (89. ნიომი), კატკარტი, ბრიტოსი, აკე - ბეჰრამი, კაპუ, უოტსონი, ხურადო (77. აბდი) - დინი (90+3. ამრაბატი), იგალო
ნიუკასლი (3-4-2-1): ელიოტი - ლასკელსი, კოლოჩინი (88. რივიერი), მბემბა - იანმაატი, საივე (59. აიოსე პერესი), შელვი, აარონსი (59. გუფრანი) - ვეინალდუმი, სისოკო - მიტროვიჩი
გაფრთხილება: ბეჰრამი, ბრიტოსი - მბემბა
კუთხური: 2-7 ჯარიმა: 10-12 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 13(5)-11(2) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 20 611

ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა 0:0
ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): ფოსტერი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ევანსი - ფლეტჩერი, იაკობი, სესენიონი (74. მაკმანამანი), მაკლინი - გარდნერი (64. ბერაჰინო) - რონდონი (64. ანიჩებე)
ასტონ ვილა (4-3-3): ბანი - რიჩარდსი, ოკორე, ლესკოტი, სისოხო - ბაკუნა, გეიე, ვესტვუდი - ხილი, ჯ. აიუ, კოზაკი (64. ჟესტედი; 81. ვერეტო)
გაფრთხილება: - რიჩარდსი
კუთხური: 2-6 ჯარიმა: 7-13 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 4(0)-15(4) ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 26 165

ვესტ ჰემი-სიტი 2:2
გოლები: 1:0 ვალენსია (1), 1:1 აგუერო (9-პენ.), 2:1 ვალენსია (56), 2;2 აგუერო (81)
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი - ჯენკინსონი (13. ბირამი), კოლინსი, რიდი, კრისუელი - კუიატე, ნოუბლი, სონგი - ანტონიო (65. ანტონიო), ვალენსია (87. იელავიჩი), პაიე
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, ოტამენდი, დემიკელისი, კლიში - დელფი (76. იჰეანაჩო), იაია ტურე - დე ბრუინი, დავიდ სილვა (90. ფერნანდო), ნავასი (67. სტერლინგი) - აგუერო
გაფრთხილება: ნოუბლი, ბირამი - დემიკელისი, იაია ტურე, ფერნანდო
კუთხური: 5-2 ჯარიმა: 11-15 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 10(3)-16(3) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 34 977

24 იანვარი
ევერტონი-სუონსი 1:2
გოლები: 0:1 სიგურდსონი (17-პენ.), 1:1 კორკი (26 ს. კ.), 1:2 ა. აიუ (34)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - ოვიედო (57. კოულმენი), სტოუნსი, ფუნეს მორი, ბეინსი - ბეშიჩი (11. კლევერლი), ბერი - დეულოფეუ, ბარკლი, მირალასი (28. პიენაარი) - ლუკაკუ
სუონსი (4-3-1-2): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი (90+1. ნოტონი), ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კორკი, ბრიტონი, კი - სიგურდსონი - რუტლეჯი (77. ამატი), ა. აიუ (89. ედერი)
გაფრთხილება: - ანხელ რანხელი, ფაბიანსკი, სიგურდსონი
კუთხური: 7-1 ჯარიმა: 5-12 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 20(2)-7(5) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 36 908

არსენალი-ჩელსი 0:1
გოლი: 0:1 კოშტა (23)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - რემზი, ფლამინი - კემპბელი (57. სანჩესი), უოლკოტი (75. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), იოზილი - ჟირუ (22. გაბრიელი)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ასპილიკუეტა - მატიჩი, ობი მიკელი - ვილიანი, ფაბრეგასი, ოსკარი (77. აზარი) - დიეგო კოშტა (68. რემი)
გაფრთხილება: ფლამინი - ოსკარი, მატიჩი, ობი მიკელი
გაძევება: მერტეზაკერი (18)
კუთხური: 6-7 ჯარიმა: 14-13 თამაშგარე: 1-7 კარში დარტყმა: 9(1)-11(5) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 60 072

ბომბარდირები: 16 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 15 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 13 - რიად მაჰრეზი (ლესტერი), ჰარი კეინი (ლესტერი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), სერხიო აგუერო (სიტი).

მომდევნო ტური
2 თებერვალი:
ვესტ ჰემი-ასტონ ვილა, ლესტერი-ლივერპული, სანდერლენდი-სიტი, არსენალი-საუთჰემპტონი, ნორვიჩი-ტოტენჰემი, კრ. პალასი-ბორნმუთი, მანჩესტერი-სტოკი, ვესტ ბრომვიჩი-სუონსი

3 თებერვალი:
უოტფორდი-ჩელსი, ევერტონი-ნიუკასლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული