ლიგის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი: კლოპის პირველი ინგლისური ფინალი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლივერპულმა" საკუთარ "ენფილდზე" 43 ათასზე მეტი მაყურებელი კიდევ ერთხელ ძალიან ანერვიულა. ლიგის თასის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა გუნდს "ბრიტანიაზე" 1:0 ჰქონდა მოგებული და, თითქოს, შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ... "სტოკი" პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდა, როდესაც დაბრუნებულმა მარკო არნაუტოვიჩმა ბოიან კრკიჩის პასით გაიტანა. ისე თამაშგარეს კი ჰგავდა, მაგრამ არბიტრებმა თვალი დახუჭეს.

"ნორვიჩთან" ზღაპრული გამარჯვებით ფრთაშესხმულმა მერსისაიდელებმა ამჯერად ვერ შემოაბრუნეს თამაში. მეტიც, მრავალჯერ ნაკრიტიკები სიმონ მინოლე რომ არა, ეგებ, სულაც ვერ გასულიყვნენ ფინალში. მან რამდენიმე რთული ბურთი აიღო, მაგრამ ამის გარდა,
უნდა ითქვას, რომ ბელგიელის ერთ-ერთი სუსტი წერტილი გამოსვლაზე თამაშია და სტოკელებიც აწვდიდნენ და აწვდიდნენ, მაგრამ მინოლე ამჯერად, მოწოდების სიმაღლეზე იყო.

საბოლოოდ, ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც მასპინძელთა მხრიდან ემრე ჯანმა ვერ გაიტანა, სტუმართაგან კი - კრაუჩმა და მუნიესამ შესცოდეს. მათ მინოლემ აუღო და მატჩის გმირადაც იქცა. არანაკლები ქება ეკუთვნის მამადუ სახოსაც, რომელიც ძალიან საიმედო გახლდათ. "ლივერპულის" მხრიდან გადამწყვეტი პენალტი კი ჯო ალენმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ყველა ტურნირზე "ენფილდის" ბინადრებს ბოლო 13 თერთმეტმეტრიანების სერიიდან 11 მოგებული აქვთ. ვთქვათ ისიც, რომ ლიგის თასის უკანასკნელი 8 ნახევარფინალიდან "ლივერპული" მხოლოდ ერთხელ ვერ გავიდა ფინალში. სხვათა შორის, ამ ტურნირზე ეს გუნდის პირველი საშინაო მარცხი იყო ნახევარფინალურ სტადიაზე.

აი, რაც შეეხება ფინალს, ის 28 თებერვალს "უემბლიზე" გაიმართება და თუ ვინ იქნება "ლივერპულის" მეტოქე - შედგება მერსისაიდული დერბი "ევერტონთან" თუ იქნება ჭიდილი "სიტისთან" - ამ წუთისთვის ეს თქვენ უკვე გეცოდინებათ, რადგან "კანფეტებმა" და "ქალაქელებმა" ერთმანეთთან ურთიერთობა წუხელ გაარკვიეს.

ასე რომ, იურგენ კლოპს შანსი აქვს, თავის პირველივე სეზონში, ისიც არასრულში, კლუბს ტიტული მოაგებინოს. ლიგის თასის ტრიუმფატორი "ლივერპული" უკანასკნელად 2012 წელს გახდა.

"დიდებული მატჩი გამოვიდა, საუცხოო ატმოსფერო იყო და მიხედავად იმისა, რომ რამდენიმე პრობლემა გვქონდა, ყველამ ვისიამოვნეთ. მეტოქემ სათამაშო სტილი მნიშვნელოვნად შეცვალა. მეკარე ჯეკ პატლენდით დაწყებული, პიტერ კრაუჩით დამთავრებული. ზეწოლის გაძლება ძნელი იყო, მაგრამ ეს მოვახერხეთ. "სტოკის" გოლი ორმაგი ოფსაიდი გახლდათ, მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ, პენალტებში გაგვიმართლა.

მინოლემ შესანიშნავად ითამაშა, უამრავი გრძელი გადაცემა და ჩაწოდება იყო, სიმონი კი თავის საქმეს იდეალურად გაუმკლავდა. რეალურ პრობლემებს კრაუჩი გვიქმნიდა, რომელსაც საბოლოო ჯამში, მაინც გავუმკლავდით. პირადად ჩემთვის კი მატჩის ფეხბურთელი ჯონ ფლენეგანია, მას მაისის მერე არ უთამაშია და ახლა 105 წუთი გაატარა მინდორზე, თანაც მშვენივრად გამოიყურებოდა და როდესაც ვცვლიდით, გვითხრა, კიდევ შემიძლია თამაშიო.

თერთმეტმეტრიანებს რაც შეეხება, არც ერთი დარტყმა არ მინახავს, ჩემი ფეხბურთელების უკან ვიდექი. პენალტების სერიას სახლში, ტელევიზორში ვნახავ. ისე კი, დარტყმების ნაცვლად გულშემატკივრების რეაქციის ყურება და ამით გაგება, თუ ვინ როგორ შეასრულა თერთმეტმეტრიანი, სასიამოვნო და საინტერესო გახლდათ.

ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მე ჩემი ფეხბურთელების სახეებს ვაკვირდებოდი და ისინი ძალიან შემართულები არიან. ფინალში გასვლა სასიხარულოა და წარმატებაა, მაგრამ ახლა მთავარი მისი მოგებაა, რაც ცხადია, ადვილი არ იქნება. "უემბლი" ფეხბურთის სათამაშოდ დიდებული ადგილია და ველოდებით ფინალს" - განაცხადა 48 წლის კლოპმა.

მარკ ჰიუზი (სტოკი): "ვფიქრობ, ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით და ცოტა მეტი გვეკუთვნოდა. ვამაყობ იმით, რაც ბიჭებმა გააკეთეს. უკვე წლებია, ვადასტურებთ, რომ კარგი გუნდი გვყავს. სამწუხაროდ, ფინალში გასვლა ვერ შევძელით, მაგრამ მიზნის მისაღწევად არაფერი დავიშურეთ. ჩემი აზრით, "ლივერპული" კმაყოფილი იყო იმით, რომ საქმე პენალტებამდე მივიდა და ამაზე თამაშობდა, დანარჩენი კი ლატარიაა".

ლივერპული-სტოკი 0:1 (1:0) (6:5-პენ)
გოლი: 0:1 არნაუტოვიჩი (45+1)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული