სად არიან დღეს მანჩესტერელი ტრიუმფატორები?

AutoSharing Option
ჩვენი თქმა არ სჭირდება იმას, რომ თვით ჩემპიონთა ლიგის ფინალებს შორისაც არის გამორჩეული მატჩები - ისეთები, მეხსიერებიდან ვერაფერი რომ წაშლის. შესანიშნავი ფინალების მეტი რა ყოფილა, მაგრამ "ლივერპული" "მილანთან" პირველ ტაიმში 3:0-ს რომ აგებს და მერე თასის მფლობელი ხდება, სხვაა.

ასეთივე განსაკუთრებული გახლდათ 1999 წლის 26 მაისს, ბარსელონის "კამპ ნოუზე", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბაიერნს" შორის გამართული შეხვედრა.

მიუნხენის გუნდმა, კერძოდ მარიო ბასლერმა მე-6 წუთზე საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში. "ბაიერნმა"შეხვედრის დარჩენილ დროშიც კარგად ითამაშა, ძელსაც გაარტყა ბურთი და თითქოს ყველაფერი მათ სასარგებლოდ
უნდა დამთავრებულიყო, რომ მსაჯის მიერ წამატებულ წუთებში დევიდ ბექჰემის მიერ ჩაწოდებულ ორ კუთხურს ტედი შერინგემისა და ოლე გუნარ სოლსკიაერის გოლები მოჰყვა.

სად არიან დღეს მანჩესტერელი ტრიუმფატორები, რომლებმაც იმ სეზონში "ტრებლი" მოიგეს - ჩემპიონთა ლიგის გარდა ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს და ფეხბურთის ასოციაციის თასიც აღმართეს?

პეტერ შმაიხელი
გახსოვთ, 2002-03 წლების სეზონში, მანჩესტერული დერბის წინ, გარი ნევილმა პეტერ შმაიხელს ხელი რომ არ ჩამოართვა? ეს იმას ნიშნავდა, რომ "დიდი დანიელი" "იუნაიტედის" გულშემატკივართა გვარიანი ნაწილისთვის გმირი აღარ იყო. მიზეზი: ის "სიტიში" გადავიდა. თუმცა, გავიდა წლები და აშკარა გახდა, რომ "წითელი ეშმაკების" წინაშე ლეგენდარული მეკარის წვლილს ვერაფერი დააკნინებს.

გამოკითხვა რომ ჩატარდეს, სერ ალექს ფერგიუსონის მიერ 90-იან წლებში განხორციელებული ტრანსფერებიდან ყველაზე წარმატებულად, ალბათ ერიკ კანტონას ყიდვას დაასახელებენ, მაგრამ ფრანგს დიდად არც შმაიხელი ჩამორჩება. როდესაც კანტონა წავიდა, "იუნაიტედს" როი კინის სახით მისი შემცვლელი უკვე ჰყავდა, აი, შმეიხელის წასვლის შემდეგ კი ედვინ ვან დერ სარის გამოჩენამდე მთელი 6 წელი გავიდა.

1991-99 წლებში შმეიხელმა "იუნაიტედის" შემადგენლობაში 292 თამაში ჩაატარა და ხუთჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი. მისი ბოლო თამაში კი გახლდათ ჩემპიონთა ლიგის სწორედ ის ფინალი "კამპ ნოუზე", "ბაიერნის" წინააღმდეგ. შეხვედრის მსვლელობისას შმეიხელმა რამდენჯერმე გამოიჩინა თავი, ბოლო წუთზე კი, კუთხურის დროს, მეტოქის საჯარიმოში ჩაირბინა და ტედი შერინგემს ანგარიშის გათანაბრებაში შეუწყო ხელი.

პეტერ შმეიხელმა თამაშს თავი 2003 წელს დაანება და BBC-სა და დანიის ტელევიზიაში სხვადასხვა პოზიციაზე დაიწყო მუშაობა - გარდა იმისა, რომ საფეხბურთო ანალიტიკოსი იყო, ვიქტორინაც მიჰყავდა.

გარი ნევილი
2011 წლის 2 თებერვალს "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" - ეს იყო სევდიანი დღე, გარი ნევილის ბოლო მატჩი "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში. სევდიანი იმიტომ, რომ მანჩესტერელებს თავის გუნდში ასე შეყვარებული ფეხბურთელი არც მანამდე ჰყოლიათ და არც მერე.

გარი ნევილი გახლდათ ეგრეთწოდებული "კლასი 92"-ის წევრი. ეს ის კლასია, რომელშიც მის გარდა შედიოდნენ დევიდ ბექჰემი, რაიან გიგზი, ნიკი ბატი, პოლ სქოულზი და ნევილის უმცროსი ძმა, ფილი. გარი ნევილი "იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველად არის მიჩნეული.

1999 წლის ფინალში ის რიგრიგობით, წარმატებით მეურვეობდა ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც იყვნენ კარსტენ იანკერი, მარიო ბასლერი და შტეფან ეფენბერგი.

ნევილს კლუბი არასდროს გამოუცვლია. მან "იუნაიტედის" მაისურით 400 შეხვედრა ჩაატარა და 20 დიდი თუ პატარა პრიზი მოიგო.

თამაშს თავი რომ დაანება, "ევრო 2012"-ზე ინგლისის ნაკრების მწვრთნელის, როი ჰოჯსონის ასისტენტი გახდა. არის ნახევრადპროფესიული "სელფორდ სიტის" თანამფლობელი. სახელი გაითქვა, როგორც სატელევიზიო ანალიტიკოსმა, 2015 წლის 2 დეკემბერს კი ესპანურ "ვალენსიას" ჩაუდგა სათავეში.

რონი იონსენი
იონსენმა კარიერა თავდამსხმელად დაიწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა და მეხსიერებას შემორჩა, როგორც იაპ სტამის კარგი მეწყვილე. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ის 1996 წელს 2,6 მილიონ დოლარად "ბეშიქთაშისგან" იყიდა. მან "ოლდ ტრეფორდზე" გაატარა 6 წელიწადი, ოთხჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი, ერთხელ მოიგო ფეხბურთის ასოციაციის თასი, 1999-ში კი ჩემპიონთა ლიგაშიც გაიმარჯვა.

იმ გათამაშებაში იონსენმა თავი განსაკუთრებით ნახევარფინალში, "იუვენტუსის" წინააღმდეგ საპასუხო შეხვედრაში გამოიჩინა - პირველი თამაში, "ოლდ ტრეფორდზე" 1:1 დასრულდა, სტუმრად კი მანჩესტერელებმა 3:2 მოიგეს. რომ არა მუხლის მუდმივი ტკივილი, იონსენი "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ უფრო დიდხანს დარჩებოდა.

იონსენმა ფეხბურთს თავი 2008 წელს დაანება. მას მერე ის მინიფეხბურთს თამაშობს და უძრავი ქონებით ვაჭრობს.

იაპ სტამი
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა მცველმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ მოიარა "ლაციო", "მილანი" და "აიაქსი", სადაც 2007 წელს თამაშს თავი დაანება.

ერთ წელიწადში ის "იუნაიტედს" სკაუტის სტატუსით დაუბრუნდა - სამხრეთ ამერიკა ებარა, მაგრამ 2011 წელს ამ სამსახურსაც შეეშვა. ახლა ის უეფას სამწვრთნელო ლიცენზის იღებს და არ მალავს, რომ ძალის მოსინჯვას ინგლისში აპირებს. "ზვოლესა" და "აიაქსში" მწვრთნელის ასისტენტი იყო.

იაპ სტამმა "მანჩესტერ იუნაიტედში" სულ სამი წელი გაატარა, მაგრამ დღემდე იგონებენ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მცველს. 1999 წელს სტამმა მოიგო პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული, ფეხბურთის ასოციაციის თასი, ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი. სულ კი ინგლისის სამგზის ჩემპიონია.

სტამი 2001-02 წლებში "იუნაიტედიდან" "ლაციოში" იმიტომ გადავიდა, რომ ავტობიოგრაფიაში აღწერილი ამბებით ალექს ფერგიუსონი გააბრაზა. მოგვიანებით, ფერგიუსონმა აღიარა, რომ შეცდა, რადგან ნემანია ვიდიჩის გამოჩენამდე (2006 წელი) დაცვის ცენტრში პრობლემა ჰქონდა.

დენის ირვინი
ირლანდიელმა მარცხენა მცველმა "მანჩესტერ იუნაიტედში" 12 წელიწადი გაატარა, სადაც 529 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. 2002 წელს ის "ვულვერჰემპტონში" გადავიდა. თამაშს თავი რომ დაანება, ის "იუნაიტედში" ელჩის სტატუსით დაბრუნდა და საკლუბო ტელევიზიაში მიმომხილველად და შოუს წამყვანად მუშაობს.

ირვინი კაშკაშა ვარსკვლავი არ ყოფილა, მაგრამ ერთხელ ფერგიუსონმა მასზე ასე თქვა: "ათ წელიწადში ერთი შეცდომა ცუდი შედეგი არ არის". ის ერთი შეცდომა ირლანდიელმა 1995 წელს "ჰაიბერიზე" დაუშვა, როდესაც დაუფიქრებლად მიაგორა ბურთი უკან და ამის გამო "არსენალმა" 1:0 მოიგო.

გასაკვირია, რომ ირვინი "ოლდ ტრეფორდზე" იყიდეს, როგორც მარჯვენა მცველი. ის ინგლისის შვიდგზის ჩემპიონია, ორჯერ მოიგო ფეხბურთის ასოციაციის თასი, თითოჯერ თასების თასი, ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი.

რაიან გიგზი
"უელსელი ჯადოქარი" კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელსაც კლუბი არ გამოუცვლია. ის დღესაც იქ არის, მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს. ამბობენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მიმავალი თავკაცი სწორედ გიგზი იქნება. ამასვე ამბობს გუნდის ახლანდელი მწვრთნელი ლუის ვან გაალიც.

საინტერესოა, რომ უნიჭიერესმა გარემარბმა ერთადერთხელ ითამაშა სხვა გუნდის მაისურით. მაშინ უელსელი 10-12 წლის იყო, გუნდი კი... "მანჩესტერ სიტის" ნიჭიერთა სკოლის გუნდი გახლდათ. 14 წლის გიგზს ალექს ფერგიუსონმა მოჰკიდა ხელი და სამ წელიწადში, ზუსტად დაბადების დღეზე, პროფესიული კონტრაქტი გაუფორმა.

გიგზმა "იუნაიტედის" შემადგენლობაში 963 შეხვედრა ჩაატარა, 168 გოლი გაიტანა და 34 ჯილდო მოიგო. მისი საკლუბო თუ ინდივიდუალური ტიტულების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

დევიდ ბექჰემი
დევიდ ბექჰემი ის ვარსკვლავია, რომლის ნატურალური ზომის პლაკატი ინგლისში 90-იანელ ბიჭებსა თუ გოგონებს საძინებელ ოთახში ჰქონდათ გაკრული. მისი პოპულარობა ფეხბურთის მასშტაბებს შორს იყო გაცდენილი.

"კლასი 92"-ის წევრი, გარდა იმისა, რომ ჩინებულად აწვდიდა საჯარიმოში ბურთს და ბრწყინვალედ არტყამდა ჯარიმებს, ვარცხნილობითა და ცხოვრების სელებრითი წესით იპყრობდა ყურადღებას. მისი პოპულარობა გაორმაგდა, როდესაც ცოლად ქალთა პოპ-ჯგუფის "სფაის გელზის" წევრი ვიქტორია ადამსი მოიყვანა.

მაგრამ, ბექჰემის პროფესიონალიზმის დაკნინება არაფრით შეიძლება. 1999-ის ფინალში "იუნაიტედის" ორივე ყოჩი, როი კინი და პოლ სქოულზი დისკვალიფიცირებულები იყვნენ, მათ არყოფნაში კი ლიდერობა სწორედ ბექზმა იკისრა. "კამპ ნოუზე" გატანილი ორივე ისტორიული გოლი ბექჰემის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა.

დღეს ბექჰემი კვლავ საზოგადოების წინაშეა, დაკავებულია ქველმოქმედებითა და კომერციით. MLS-ში, კერძოდ კი მაიამიზე ახალი კლუბის დაარსებას აპირებს.

ნიკი ბატი
ფერგის მორიგი "ბარტყი" 12 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა "მანჩესტერ იუნაიტედს". ის დიდი ვარსკვლავი არასდროს ყოფილა, მაგრამ გადამწყვეტი გოლების გატანა ეხერხებოდა.

ბატმა "წითელ ეშმაკებში" პირველად 1992 წელს ითამაშა. მას მერე ძირითადში ხან ხვდებოდა და ხან ვერა. შემდეგ როი კინის შემცვლელად ითვლებოდა, პოლ ინსის "ინტერში" გადასვლის შემდეგ კი თერთმეტეულშიც მოიკიდა ფეხი.

ბატი თავგანწირული თამაშით კინის გვერდით კარგად ავსებდა სივრცეს. 1999 წლის ფინალში, ირლანდიელის არყოფნაში, მისი ტვირთი ღირსეულად ატარა. 2004 წელს ნახევარმცველი "ნიუკასლში" გადავიდა, თუმცა ცხოვრების მთავარი კლუბი არასდროს დავიწყებია.

2012 წელს ბატი "იუნაიტედში" სათადარიგოთა მწვრთნელად დაბრუნდა, 2014-დან კი ყმაწვილთა აკადემიას ხელმძღვანელობს.

იესპერ ბლომკვისტი
შვედმა გარემარბმა ალექს ფერგიუსონს თვალი პირველად 1994 წელს მოსჭრა, როდესაც მისმა "გეტებორგმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გააგდო. იმ დღეს ბლომკვისტმაც გაიტნა.

"გეტებორგიდან" შვედი "მილანში" გადავიდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ "იუნაიტედს" მაინც უარი უთხრა და "პარმას" მიაშურა. ფერგიმ ბლომკვისტის უარი შეურაცხყოფად არ მიიღო და ერთი წლის შემდეგ ის 9,5 მილიონ დოლარად მაინც იყიდა.

1999 წლის ფინალში ბლომკვისტი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ 67-ე წუთზე ტედი შერინგემმა შეცვალა. ეს მისი ბოლო მატჩი გამოდგა "იუნაიტედის" შემადგენლობაში. შემდეგ ორ წელიწადში მან ფეხის ორი ოპერაცია გაიკეთა და ბოლოს "ევერტონში" გადავიდა.

დღეს იესპერ ბლომკვისტი ძმასთან ერთად ფსიქოთერაპევტად მუშაობს.

დუაიტ იორკი
ტობაგოელი დუაიტ იორკი "ასტონ ვილაში" ათი წელიწადი თამაშობდა, 1998 წელს კი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. "ვილა" 27,2 მილიონ დოლარს დახარბდა...

იორკმა ფეხი კარგად აუწყო ენდი კოულს. მართალია, მან 1999-ის ფინალში "ბაიერნს" ვერ გაუტანა, მაგრამ წინა ეტაპებზე "ბარსელონას", "ინტერს", "მილანს" და "იუვენტუსს" შეუგდო.

იორკი "იუნაიტედიდან" 2002 წელს წავიდა, კარიერა კი 2009 წელს დაასრულა.

დღეს დუაიტ იორკი "სკაი სპორტის" მიმომხილველია. აქვს მწვრთნელის ლიცენზია და ოქტომბერში ტიმ შერვუდის წასვლის შემდეგ "ასტონ ვილაში" უნდოდა მისვლა, მაგრამ ბირმინგემელებმა არ აიყვანეს.

ენდი კოული
ის, როგორც თავდამსხმელი, ნამდვილი კილერი იყო. კარიერა 1990 წელს, 19 წლისამ, "არსენალში" დაიწყო. ლონდონელებმა ჯერ "ფულჰემში" გაანათხოვრეს, შემდეგ "ბრისტოლ სიტიში" გაყიდეს. მოიარა ქვედა ლიგები, მერე კი "ნიუკასლში" გადავიდა და "კაჭკაჭებს" პრემიერლიგაში აღზევებაში დაეხმარა. ორ წელიწადში ის ბრიტანეთისთვის სარეკორდო 15,1 მილიონ დოლარად "მანჩესტერ იუნაიტედმა" იყიდა.

კოულმა და დუაიტ იორკმა თავდამსხმელთა დაუვიწყარი წყვილი შექმნეს. მათ 1998-99 წლების სეზონში 53 გოლი გაიტანეს და ჩემპიონთა ლიგაშიც ძლიერად ითამაშეს, თუმცა ფინალში კოულმა გოლი ვერ გაიტანა და 81-ე წუთზე ის ოლე გუნარ სოლსკიაერმა შეცვალა.

კოული "იუნაიტედიდან" 2001 წელს წავიდა და კიდევ 7 წელი ითამაშა ფეხბურთი. მას მერე რიგით მწვრთნელად მუშაობდა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჰადერსფილდში". ბედი სცადა პრესაში. აწუხებს თირკმელი.

არ მალავს, რომ მთელი 15 წელი სძულდა ტედი შერინგემი, რადგან, მან სანაკრებო დებიუტის დღეს მოედნის კიდესთან ხელი არ ჩამოართვა.

ტედი შერინგემი
"კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა და ანგარიში გაათანაბრა. "იუნაიტედმა" 1997-98 წლების სეზონში იყიდა, ეგონათ ერიკ კანტონას შეცვლიდა, მაგრამ კლასი არ ეყო.

დუაიტ იორკის გამოჩენამ უფრო სათადარიგო ფეხბურთელად აქცია.

"ბაიერნის" ძლევის შემდეგ შერინგემმა მანჩესტერში კიდევ ორი წელიწადი დაჰყო, მერე კი "ტოტენჰემ ჰოთსპურში" დაბრუნდა. ითამაშა სხვა გუნდებშიც. 2008 წელს კარიერა დაასრულა.

კარიერის დასრულების შემდეგ შერინგემმა პროფესიულ პოკერში სცადა ბედი, 2014 წელს კი "ვესტ ჰემში" მწვრთნელის ასისტენტობა დაიწყო. მიმდინარე სეზონში მეოთხე დივიზიონის "სტივენიჯს" ჩაუდგა სათავეში და შიგადაშიგ თავადაც შედის მოედანზე.

ოლე გუნარ სოლსკიაერი
ნორვეგიელმა საერთაშორისო ყურადღება "მიოლდეში" თამაშით მიიპყრო. მისი ყიდვა უნდოდათ გერმანიის, იტალიის და ინგლისის გუნდებს. 1996 წელს, ევროპის ჩემპიონატის დღეებში, ყველას "მანჩესტერ იუნაიტედმა" აჯობა - 3,2 მილიონი დოლარი გადაიხადა.

სოლსკიაერმა "წითელ ეშმაკებში" 200-ზე მეტჯერ ითამაშა. მას საუკეთესო სათადარიგოს სახელი გაუვარდა. ეს დამტკიცდა 1999-ის ფინალშიც - მსაჯის წამატებულ წუთებში სწორედ მან შეაგდო გამარჯვების გოლი.

კარიერის ბოლოს ტრავმებმა გააწვალა. დაიწყო სარეზერვო გუნდის წვრთნა, ჯერ იქვე, "იუნაიტედში", შემდეგ მშობლიურ "მიოლდეში", სადაც მთავარი მწვრთნელი შეიქნა და 2011-12 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონიც გახადა.

ილია ბაბუნაშვილი
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული