"ეს როგორ, ბოს, მე ხომ ახლახანს გავაფორმე ახალი კონტრაქტი"? იყო პასუხი. ამ დროს ოთახში "ტოტენჰემის" მეორე მწვრთნელი შევიდა.
"თქვენ უკვე უთხარით მას, რომ უნდა დაგვტოვოს?" - ჰკითხა მან პოჩეტინოს და დადებითი პასუხი მიიღო.
როუზს თვალზე ცრემლი მოადგა. "შენ ინგლისის ნაკრებში მიდიხარ. უნდა გვასახელო." - უთხრა
პოჩეტინო ხშირად ხუმრობს. ფეხბურთელებს კი კარგად ესმით მისი ხუმრობები. კარგად ესმით მისი სამწვრთნელო მეთოდები - შედეგიც სახეზეა. "დეზებს" ჩემპიონობის დიდებული შანსი აქვთ და, რაც მთავარია, გუნდი პრემიერლიგაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს.
თავის დროზე პოჩეტინო-ფეხბურთელი დიდებულმა არგენტინელმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ აღმოაჩინა. მან შინაც კი მიაკითხა ბიჭს, რათა მისთვის დიდი ფეხბურთის კარი გაეღო. როგორც ხშირად ხდება, დედას ბიჭის ფეხბურთელობა არ სურდა, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა მამამ თქვა.
რამდენიმე ხნის შემდეგ მაურისიო უკვე "ნიუელს ოლდ ბოიზში" თამაშობდა. ის ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ბიელსას მადლიერი იქნება. "დიახ, თქვენ შეგიძლიათ ჩამთვალოთ მის მოწაფედ. ის დიდებული მწვრთნელი და ადამიანია. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტია ჩემთვის." - მიიჩნევს ახალგაზრდა სპეციალისტი.
ცენტრალურ მცველს კარგი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. მან "ოლდ ბოისის" გარდა დაიცვა "ესპანიოლის", "პარი სენ-ჟერმენისა" და "ბორდოს" ღირსება.
განსაკუთრებული ადგილი მაურისიოს სპორტულ ცხოვრებაში სწორედ "ესპანიოლს" უჭირავს. აქტიური საფეხბურთი კარიერის დასრულების შემდეგ არგენტინელმა ეს კატალონიური გუნდი ჩაიბარა.
მაშინდელი "ესპანიოლი" მართლაც გამორჩეულ გუნდად იქცა თავი უკომპრომისო და ამავე დროს, ძალიან შემტევი სტილის გამო. ამას მოჰყვა აღზევება ინგლისურ პრემიერლიგაში, პოჩეტინოს "საუთჰემპტონის" დამოძღვრა ანდეს.
შეტევა, გოლები, სანახაობა - არგენტინელმა საზოგადოება არც ინგლისში მოაწყინა. და დადგა დღე, როცა პოჩეტინომ "ტოტენჰემი" ჩაიბარა. მაშინ კლუბის პრეზიდენტმა, დანიელ ლევიმ შემდეგი თქვა: "ჩვენ დღეს განსაკუთრებული ნაბიჯი გადავდგით და ამ ნაბიჯის მართებულობას ყველა ძალიან მალე დაინახავს."
ლევიმ სხვადასხვა დროს "ტოტენჰემში" არაერთი ვარსკვლავი მიიყვანა, მაგრამ ნამდვილი შედეგი არ ჩანდა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - "ტოტენჰემს" მიმდინარე სეზონში სახელებით ლამის უარესი შემადგენლობა ჰყავს და საუკეთესო შედეგი კი აქვს.
ასეთ შემთხვევაში, მწვრთნელია "დამნაშავე" - პოჩეტინომ და გუნდმა იდეალურად გაუგეს ერთმანეთს. "ის შემტევი ფეხბურთის მომხრეა. ხანდახან, როცა გვიჭირს, ისე გვერეკება შეტევაში, როგორც ძაღლებს პატრონი. ჩვენ გვჯერა მისი და ზუსტად ვიცით, რომ მან წარმატებისაკენ სავალი უმოკლესი გზა აირჩია." - ეს "ტოტენჰემის" ლიდერისა და ბომბარდირის, ჰარი კეინის სიტყვებია.
სხვა საქმეა, ის დიდი სამუშაო, რაც პოჩეტინომ გუნდში გასწია ახალგაზრდა მოთამაშეების დაწინაურების თვალსაზრისით. სეზონის დაწყებამდე არავინ იცნობდა ალის, მეისონს, ტრიპიერსა და სხვებს. დღეს ისინი გუნდისათვის შეუცვლელი ფეხბურთელები არიან.
"მე მის ამაგს ვერასოდეს გადავიხდი. ის განსაკუთრებული ადამიანია. ყოველთვის დიდ მუხტს გაძლევს. მერე შენ გადიხარ მინდორზე და გგონია, რომ ყველაფერი ადვილია." - ამბობს მიმდინარე პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, დელე ალი, ვინც თინეიჯერულ ასაკში ნამდვილი ფურორი მოახდინა პრემიერლიგაში და, ასე განსაჯეთ, ინგლისის ნაკრებში გამოძახებაც კი დაიმსახურა.
რა არის ახალგაზრდა არგენტინელი მწვრთნელის წარმატების საიდუმლო? უპირველეს ყოვლისა ის, რომ პოჩეტინოსათვის მთელი ცხოვრება ფეხბურთია, სპორტის ამ სახეობის გარდა ის თვითრეალიზაციის სხვა საშუალებას არ ეძებს.
"ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. პირდაპირ ვიტყვი - ჩემთვის საუკეთესო დასვენება ისაა, როდესაც ვარჯიშს ვატარებ.
აუცილებლად უნდა ჩავაგდოთ სათვალავში ისიც, რომ საჭირო ადგილას საჭირო დროს მოვხვდი. თუ გუნდი მწვრთნელს არ "აჰყვა", მაშინ ის თავიდან ბოლომდე განწირულია წარუმატებლობისათვის. ჩემს ფეხბურთელებს ჩემი იდეალურად ესმით და შედეგიც ჩანს, თუმცა ჩვენ ეს გაჩერების უფლებას არ გვაძლევს.
მსოფლიოში არაფერია იდეალური და უნდა ვცადოთ, რომ იდეალურთან მიახლოვებული ფეხბურთი ვითამაშოთ. "ტოტენჰემის" თამაშში არაერთი ნაკლოვანებაა და ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ საიმისოდ, რომ ისინი გამოვასწოროთ. ყოველ დღე რაღაც ახალს ვიგონებთ და ამით ძალიან ბედნიერები ვართ."
რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებას, პოჩეტინო ამის თაობაზე ამბობს: "ჩვენ ყველანი ვიყავით თავის დროზე ახალგაზრდები და ყველამ მიიღო შანსი. ასე რომ არ ყოფილიყო, დღეს ჩვენი გვარი არავის ეცოდინებოდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ." - ასეთია არგენტინელი სპეციალისტის აზრი.
მოდი, ჩავთვალოთ, რომ დიეგო სიმეონე უკვე შემდგარი მწვრთნელია. მან მიაღწია ტოპ-დონეს. პოჩეტინო კი თავის თაობაში ყველაზე პროგრესირებად დამრიგებლად მოსჩანს. მაურისიო პოჩეტინო, რომელიც ყველას უყვარს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"