ასოციაციის თასი. 1/4-ფინალის წინ: "გუდისონ პარკზე" დიდ მატჩს ელიან

AutoSharing Option
ჩემპიონშიპში მე-14 ადგილზე მყოფი "რედინგი" ერთადერთი ქვედალიგელია, რომელიც ასოციაციის თასს შემორჩა. "მადეისკის" ბინადართათვის ერთადერთი ვარიანტი, რომ ეს სეზონი წარმატებულად აქციონ, ამ ტურნირზე კიდევ უფრო შორს წასვლაა და მეტოქეც არ არის დაუმარცხებელი - "კრისტალ პალასს" პრემიერლიგაში 12-ტურიანი მოუგებელი სერია აქვს.

სამაგიეროდ, "არწივები" თავს იმით მოიწონებენ, რომ აქამდე მოსასვლელად მათ "საუთჰემპტონი", "სტოკი" და "ტოტენჰემი" დაიფრინეს ასოციაციის თასიდან.

თანაც, აქედან ორს გასვლებზე მოუგეს. ალან პარდიუს იმედი აქვს, რომ ახლად დაბრუნებული იანიკ ბოლაზი მალე შევა ფორმაში, დროულად დაბრუნდებიან საკო და პანჩონიც, კონორ ვიქჰემიც საბოლოოდ
გამოიღვიძებს, ვილფრიდ ზაჰა აქტიურობას გააგრძელებს, ხოლო ემანუელ ადებაიორი გუნდს მოერგება...

რამდენიმე საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი ბრაიან მაკდერმოტის გუნდშიც აღმოვაჩინეთ, მაგალითად, "რედინგში" თამაშობენ - რობსონ კანუ, ოლა ჯონი, ანტონი ფერდინანდი, მატეი ვიდრა, ლუკას პიაზონი და ასე შემდეგ. თუმცა სათქმელია, რომ იანვარში გუნდმა "დერბიში" გაყიდა საუკეთესო ბომბარდირი ნიკ ბლეკმენი.

სეზონის გადასარჩენად "ევერტონმაც" სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა იომოს ამ შეჯიბრებაზე და არც "ჩელსის" აწყენდა მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო ტურნირის მოგება, თანაც ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის მერე. "გუდისონ პარკზე" ლაღ და არცთუ მწირგოლიან მატჩს ველოდებით.

ამასობაში არსენ ვენგერმა უნდა გადაწყვიტოს, კიდევ ერთხელ დაასვენოს შემადგენლობა და ლიდერები პრემიერლიგისთვის შემოინახოს თუ დაიხარჯოს "უოტფორდთან", რომ მოგების მეტი შანსი ჰქონდეს და შეინარჩუნოს იმის შესაძლებლობა, რომ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გახდეს პირველი კლუბი, რომელიც ასოციაციის თასს მიჯრით სამჯერ მოიგებს.

უოტფორდელებს ცალი ფეხით მოსაგები გუნდი ნამდვილად არ ჰყავთ და კიკე სანჩეს ფლორესიც ირწმუნება, "ემირატებზე" თავს დავდებთო.

"მანჩესტერ იუნაიტედს" მიყოლებით 4 მოგება ჰქონდა, მაგრამ ტონი პულისმა სიხარულისგან მეცხრე ცის ღრუბელზე წამოწოლილი ლუი ვან გაალი ზეცას მოსწყვიტა და მიწას მწარედ დაანარცხა.

ამას ევროპალიგაზე "ლივერპულთან" გადატანილი დუელი მოჰყვა და ახლა "წითელი ეშმაკები" "ვესტ ჰემს" უნდა გაუმკლავდნენ, რადგან სეზონის ტიტულით დასრულებისთვის თასი, ალბათ, საუკეთესო ვარიანტი და მეტ-ნაკლებად რეალური შანსი აქ არის. თუმცა ვკითხოთ სლავენ ბილიჩსაც... რას აპირებს ხორვატი?

მისი გუნდი პრემიერლიგაშიც კუდზე აზის მანჩესტერელებს და ძნელად წარმოსადგენია, ეს თამაში უბრძოლველად დათმოს და ძალა ჩემპიონობისთვის დაზოგოს. თანაც, "ჩაქუჩები" მშვენიერ ფორმაში არიან.

11 მარტი
რედინგი-კრ. პალასი 23:55

12 მარტი
ევერტონი-ჩელსი 21:30

13 მარტი
არსენალი-უოტფორდი 17:30
მანჩესტერი-ვესტ ჰემი 20:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული