კლაუდიო რანიერის წარმატების საიდუმლო

AutoSharing Option
პრემიერლიგის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. "ლესტერი" პრემიერლიგაში გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია. ფაქტია, კლაუდიო რანიერი რაღაც განსაკუთრებულ მეთოდს ფლობს. როგორ ემზადებიან "მელიები" კონკრეტული მატჩისათვის? ამ საინტერესო თემას ეძღვნება ჩვენი წერილი.

რანიერი ერთი კვირით ადრე იწყებს კონკრეტული მატჩისათვის მომზადებას. მან ეს პროცესი ასე აღწერა:

"ფიზიკური მომზადება ინგლისში იმ დონეზეა, რომ მას დამატებით არ სჭირდება ყურადღების გამახვილება. თამაშები ისე ხშირადაა და ფეხბურთელები ისეთი ინტენსივობით ვარჯიშობენ, რომ ფიზიკურ მომზადებაზე ყველაფერს ვერ ააწყობ. ეს კომპონენტი სხვა გუნდებშიც უმაღლეს დონეზეა.

გადავწყვიტე, რაღაც ახალი შემეთავაზებინა ფეხბურთელებისათვის და
საკუთარი თავისათვის. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, ყველაფერი იდეის გარშემო ამეწყო. ამაზე ქვემოთ.

თუ შაბათს ვთამაშობთ, კვირას ფეხბურთელებს ყოველთვის ვასვენებ. ორშაბათს გუნდს ვავარჯიშებ, ოღონდ ეს არის მსუბუქი ვარჯიში. მე ვიტყოდი, ვარჯიში იტალიურ სტილში. ამ დროს ფეხბურთელის ორგანიზმი უნდა მოემზადოს დატვირთვებისათვის.სამშაბათს გვაქვს ინტენსიური ვარჯიში. ოთხშაბათს გუნდი ისვენებს. ხუთშაბათს ვარჯიში ისევ ინტენსიურია. პარასკევს ვემზადებით თამაშისათვის, შაბათს კი უკვე მატჩია.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს კვირაში დასვენების ორი დღე ჰქონდეთ. პირველ დღეს მე მათ ვეუბნები: გაძლევთ ამ დასვენების დღეს, ოღონდ მათ იქვე ვეუბნები, რომ ცოტა დრო ფეხბურთს უნდა დაუთმონ. მე მათ ვესაუბრები ჩემს იდეებზე, ვუმაღლებ მოტივაციას. მეორე დასვენების დღეს კი ფეხბურთელი მთლიანად თავისუფალია."

"ლესტერის" ერთ-ერთმა აღმოჩენამ მარკ ოლბრაიტონმა რანიერის წარმატების საიდუმლო ასე ახსნა: " ლესტერის" აღმავლობა ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაიწყო. მწვრთნელმა არ გამოიგონა ახალი ველოსიპედი. მან შეინარჩუნა ბევრი რამ წინა წლიდან და ამან ძალიან გვარგო.

რანიერი უდიდეს ყურადღებას აქცევს ტაქტიკურ ნიუანსებს. როცა მინდორზე გადიხარ, შენ უკვე ზუსტად იცი, რა უნდა აკეთო. ის მეტოქეს ისე გიშიფრავს, რომ შენთვის საიდუმლო აღარ არსებობს.

რანიერი ყველა მეტოქეს ბოლომდე სწავლობს. თან ისე გესაუბრება მის თაობაზე, რომ შენ საერთოდ არ იღლები. როცა მინდორზე გადიხარ, მეტოქეს ისე იცნობ, თითქოს, მისი თითოეული ფეხბურთელის თამაშის 50 კლიპი გქონდეს ნანახი." - ამბობს ოლბრაიტონი, ვინც დიდ ნდობას გრძნობს იტალიელი სპეციალისტისგან.

"ლესტერში" ბევრი მაგარი ანალიტიკოსი მუშაობს. ისინი რანიერის ძალიან ეხმარებიან მოწინააღმდეგის გაშიფრვაში. ენდი ბლეიკი ის კაცია, ვინც უშუალოდ აგებს პასუხს "მელიების" წინასამატჩო მომზადებაზე.

"ჩვენ ვემზადებით მოწინააღმდეგიდან გამომდინარე. ვუყურებთ მის ბოლო მატჩებს და ამავე დროს ვარჩევთ მოწინააღმდეგის გუნდის თითოეული მოთამაშის ძლიერ და სუსტ მხარეებს." - აცხადებს ბლეიკი.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მეტოქის თამაშის ძირითადი თავისებურებების განსაზღვრას. "ლესტერში" სწავლობენ 4 ძირითად ნიუანსს:

როგორ გადადის მეტოქე დაცვიდან შეტევაში, როგორ რეაგირებს მეტოქე ბურთის დაკარგვაზე, როგორ აგებს გუნდი პოზიციურ დაცვას და როგორ ასრულებენ სტანდარტულ მდგომარეობებს და იცავენ ისინი თავს სტანდარტულების დროს.

რანიერის იდეა
ახლა იდეაზეც. რა არის რანიერის იდეა? ბევრი შეამჩნევდა, რომ "ლესტერის" ფეხბურთელები ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე თამაშობენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს იტალიელი სპეციალისტის უშუალო დამსახურებაა.

მაინც, რაშია საქმე? ისინი, ვინც ერთხელ მაინც დასწრებიან "მელიების" თეორიულ მეცადინეობას, ერთხმად ამბობენ, რომ რანიერის ფეხბურთელებისადმი იდეალური მიდგომა აქვს არჩეული.

იტალიელი მწვრთნელის საუბარი დაახლოებით ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: "თქვენ უკვე მოიგეთ მოსაგები. ჩვენ უკვე გავხსენით შამპანური და ვაჩუქეთ ერთმანეთს დაუვიწყარი სეზონი.

ახლა ვეცადოთ, რომ ჩვენი გზა ტრიუმფით დასრულდეს, მაგრამ ნუ ღელავთ. ჩვენ უკვე ვართ ნაღდი ჩემპიონები და ეს ყველამ ვიცით. თუ ჩვენ ბოლომდე შევინარჩუნებთ ასეთ ტემპს, ოფიციალურადაც გავხდებით პირველები."

"ლესტერის" ამბავი ნაღდ ზღაპარს ჰგავს. დღითიდღე უცნაურ ამბებსაც ვიგებთ - ხოლმე. მაგალითად, "ლესტერის" ერთი ფანი სიმსივნეს ებრძვის. ექიმების პროგნოზით, ის კარგა ხნის გარდაცვლილი უნდა იყოს, მაგრამ ის იბრძვის. ამბობს, რომ უნდა, დაუვიწყარ ჩემპიონობას მოესწროს.

ასეთი ადამიანებისთვის ნაღდად ღირს ჩემპიონობა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვფიქრობ: იდეალური ვარიანტი იქნებოდა საქარძთველოს ნაკრებისთვის!!!
დავით
10:46 28-03-2016
0
კეთილი შურით უნდა შეგშურდეს კლაუდიო რანიერის,ერთი შეხედვით არაფრისგან კაცმა საჩემპიონო გუნდი ჩამოაყალიბა და თან სად?არც მეტი არც ნაკლები პრემიერლიგაში!!!როგორ გინდა არ უსურვო წარმატებები ასეთ გუნდს და ასეთ მწვრთნელს?ბრავო რანიერი,ბრავო ლესტერი....
rus-777
22:05 27-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული