როი ჰოჯსონი ამ მოსაზრებას არ იზიარებს; ყოველ შემთხვევაში, ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს მწვრთნელი საჯაროდ იცავს.
"უნდა გავიმეორო, რომ უეინი ჩვენი კაპიტანია და ბოლო ორი წლის განმავლობაში ის მშვენივრად თამაშობდა და კაპიტნობდა ნაკრებს. ის ლიდერობდა გუნდს, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 მატჩი
ძალიან არ მსიამოვნებს, რომ ახლა, როდესაც იგი ტრავმირებულია და ვერ თამაშობს, გარკვეულ უსიამოვნო გამოხმაურებებსა და კომენტარებს ვისმენთ. ის ამას არ იმსახურებს" - თქვა როი ჰოჯსონმა.
უეინ რუნი 51 გოლით ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია, 109 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მართლაც ნამდვილი კაპიტანი და ლიდერია, მაგრამ ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ კონკურენცია ახლა ძალიან დიდია და თვით "შრეკსაც" კი არ ექნება გარანტირებული ადგილი შემადგენლობაში.
დენი უელბეკს, დანიელ სტარიჯს, თეო უოლკოტსა და მსგავს უფრო მრავალმხრივ თავდამსხმელებს რომ შევეშვათ, კონკრეტულად ჰარი კეინთან და ჯეიმი ვარდისთან კონკურენცია უკვე რთული საკითხი და ჰოჯსონის დილემაა, თუ ვინ ათამაშოს, როდის და რამდენი ხნით.
"როდესაც რუნი მომჯობინდება, ის ამ ფეხბურთელებზე დიდ ზეწოლას მოახდენს, სხვა შემტევები კი მასზე მოახდენენ ზეწოლას. ეს წნეხი და ჯანსაღი კონკურენცია კარგია" - განმარტა ჰოჯსონმა.
გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუის უკან დახევაც ასეთი მარტივი გამოსავალი აღარ არის, რადგან ამ შემთხვევაში ამომავალი ვარსკვლავი დელე ალი კარგავს ადგილს, თავისუფლებასა და სივრცეს.
არადა, ალიმ შესანიშნავად მოირგო 10-ნომრიანი მაისურა და "ტოტენჰემის" ნახევარმცველი, რომელიც 11 აპრილს 20 წლის ხდება, შესანიშნავ დუეტს ქმნის თანაკლუბელ კეინთან. ისინი ერთმანეთს თვალდახუჭულნი უგებენ. გერმანიასთან 0:2-დან მობრუნებულ 3:2-ში ალიმ ლომის წვლილი დაიდო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
"დელე ნოემბერში საფრანგეთთან შეხვედრაშიც საუკეთესო გახლდათ. იგი იმ შეხვედრაში ფანტასტიკური გახლდათ და ყველაზე მეტად ის მესიამოვნა, რომ ახლაც იგივენაირად ითამაშა, თანაც ახლა ეს, ალბათ, უფრო რთული გასაკეთებელი გახლდათ. ამ წუთას შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას დიდი მომავალი აქვს.
დანარჩენი თავად ალიზეა დამოკიდებული, რაც მთავარია, განვითარება არ უნდა შეწყვიტოს, მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო და შეუძლია უფრო მოუმატოს. 19 წლის ასაკში ბოლომდე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ვერ იქნები.
ყველას სჭირდება გარკვეული გამოცდილება. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ იგი პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე დიდებული გახლდათ და ძალიან აქებენ, რასაც იმსახურებს კიდეც და იმედია, ამისგან სიამოვნებას იღებს და ეს მისთვის დამატებითი მოტივაციის მიმცემი იქნება" - გვითხრა ჰოჯსონმა.
ინგლისის ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელების მოზღვავებამ ბევრს აფიქრებინა, რომ ჰოჯსონი, გარკვეულწილად, თავის შეხედულებებს იცვლის და სათამაშო სტილის შეცვლაზეც ფიქრობს. თუმცა გამოცდილი სპეციალისტი ამას უარყოფს.
"სამწუხაროდ, ერთ დღეს მითხრეს, კონსერვატორი ხარო და მეც გავიაზრე, რომ ასეა, ეს კი ცხოვრების ბოლომდე გამყვება და უკვე აღარ შეიცვლება. მქონია შემთხვევა, რომ ვყოფილვარ გუნდში, რომელიც ჩამოუვარდებოდა მეტოქეების დიდ ნაწილს და უბრალოდ, იძულებულნი ვიყავით, დაცვაში გვეთამაშა და მეორე ნომრობა გვეტვირთა. თუმცა ყველა იმ გუნდში, რომელსაც კონტროლისა და ინიციატივის ხელში აღება შეეძლო, ჩემი მიდგომა ასეთი გახლდათ, რომ უნდა გვექნა კიდეც ეს და პირველ ნომრად გვეთამაშა".
68 წლის სპეციალისტი პოსტზე 2012 წლის მაისიდანაა. ამ პერიოდში რამდენიმე სასიკეთო ძვრა თითქოს იყო. თაობათა ცვლის პროცესიც მშვენივრად მიმდინარეობს, ინგლისი ბოლო დროს კარგ და ამავდროულად, შედეგიან ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ტიტულის მოპოვება და წამყვან ჩემპიონატებზე წარმატებით გამოსვლა ინგლისელებს ისევ არ გამოუვიდათ.
შესაბამისად, განსაკუთრებით, ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლამდე და მის დამთავრებამდე, იყო მოთხოვნები მისტერ როის გაშვების თაობაზე. ახლა კი ამას ნაკლებად ითხოვს ვინმე და მწვრთნელსაც შეუძლია ნიშნის მოგებით ისაუბროს, მაგრამ იგი ამის გაკეთებას არ აპირებს...
"ვერაფერს იზამ იმასთან დაკავშირებით, რასაც ხალხი შენზე ფიქრობს. უბრალოდ, საქმის კეთება უნდა გააგრძელო და იმედი უნდა გქონდეს, რომ ფეხბურთელებთან ერთად შენი შრომაც დაფასდება. შესაძლოა, სტაბილურობის მოდელი არ ვიყავი ამ ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ არც ბევრი აღმასვლა-ჩავარდნა და უცაბედი ცვლილება ყოფილა.
მე მჯერა ფეხბურთის თამაშის, მჯერა იმის, რომ უპირატესობას უნდა ფლობდე და თუ წარმატებების მიღწევა გსურს, ინიციატივა უნდა გეპყრას. ძნელია, დიდ წარმატებას მიაღწიო, თუ ჩრდილში იქნები და ზედმეტად იფრთხილებ" - განმარტა ჰოჯსონმა.
ამასობაში, ინგლისის ნაკრების პროგრესის შემხედვარე, იქაურ ექსპერტებსა თუ ფანებს მადა გაეხსნათ. უკვე გამოითქვა მოსაზრება, რომ ინგლისმა 2018-ში შესაძლოა ვერა, მაგრამ 2022-ში აუცილებლად უნდა იბრძოლოს ყატარში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის - ეს ფეხბურთელები იმ დროისთვის უკვე დაღვინებულებიც იქნებიან, გამოცდილებიც და წესით, ფორმის პიკზეც უნდა იყვნენო.
მომავალ ევროპის ჩემპიონატს რაც შეეხება, მაგალითად, ჯეფრი ჰერსტი ამბობს, რომ ევრო 2016-ზე მინიმუმ ნახევარფინალში უნდა გავიდეთ, სხვა შედეგი ფანებსაც და ფეხბურთელებსაც ძალიან დასწყვეტს გულსო.
ინგლისი ევროზე ჯგუფში რუსეთთან, სლოვაკეთთან და უელსთან ერთადაა. იქამდე კი 4 ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი - დღეს ჰოლანდიასთან, 22 მაისს თურქეთთან, 27 მაისს ავსტრალიასთან და 2 ივნისს პორტუგალიასთან. 11 ივნისს კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშს რუსეთთან დაპირისპირებით იწყებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"